მედიცინა

რა გვაცლის ენერგიას და როგორ უნდა დავიბრუნოთ ის

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.05, 2022 წელი

ენერგია
დაკოპირებულია

მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ დაღლილობა ყველასთვის ნაცნობია. ვიცით, რამ დაგვღალა და ისიც ვიცით, რომ ჩვენი წამალი კარგი გამოძინებაა. მაგრამ არსებობს სხვა დაღლილობაც – არა მხოლოდ ფიზიკური გადაღლა, არამედ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული მოთენთილობა და გამოფიტულობა. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი, მჯდომარე, პასიური ცხოვრება... მიზეზი უამრავია. დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-დან 6 თვემდე ან უფრო მეტხანს – ქრონიკული. დაღლილობა იგივე გამოფიტულობაა, როდესაც ადამიანს ენერგიის ნაკლებობის გამო დასვენების მოთხოვნილება უჩნდება. სისუსტე კი ფიზიკურ დაუძლურებას, კუნთების ძალის ნაკლებობას, უღონობას გულისხმობს. დასუსტებულ ადამიანს ხელების, ფეხებისა და სხეულის სხვა ნაწილების კუნთების ასამოძრავებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდება.

დაღლილობის გავრცელებული მიზეზებია: ორსულობა, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, დიაბეტი, ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა; თირკმლის, ღვიძლის, ასევე, ინფექციური დაავადებები: ჰეპატიტები, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, აივ ინფექცია, გრიპი, მალარია და სხვა, მათ შორის, კოვიდ-19. გულისა და ფილტვის დაავადებები: ფილტვების ანთება, არითმია, ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადება, სარქველების დაზიანება.

მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები, დამამშვიდებლები, ანტიჰისტამინური საშუალებები, სტეროიდები; არტერიული წნევის დამარეგულირებელი ზოგიერთი მედიკამენტი; ზოგიერთი მედიკამენტის ან ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შეწყვეტა.

ფსიქოემოციური დარღვევები: სტრესი, დეპრესია, შფოთვა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, კვების დარღვევები (ბულემია, ანორექსია), მწუხარება და გლოვა, გამოწვეული ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებებით, როგორიცაა, მაგალითად, სახლის გამოცვლა, განქორწინება.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები: გვიანობამდე მუშაობა, ღამის ცვლაში მუშაობა, საათობრივი სარტყლის შეცვლა, ძილის აპნოე, უძილობა.

ვიტამინებისა და ელემენტების უკმარისობა, მაგალითად, B12 და D ვიტამინის დეფიციტი, ფოლიუმის მჟავას ან რკინის უკმარისობა.

როდესაც დაღლილობის მიზეზი დადგენილია, იწყება მკურნალობა და დაღლილობაც მცირდება, მაგრამ ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის მოწესრიგება საჭიროა ნებისმიერ შემთხვევაში. ამისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:

👉 შეეცადეთ, ყოველდღე, უქმე დღეებშიც კი, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ;

👉 საწოლ ოთახში იყოს კომფორტული ტემპერატურა. ძილისთვის კომფორტულად მიიჩნევა 15,5-19,5 გრადუსი;

👉 საწოლ ოთახში იყოს სიბნელე და სიწყნარე;

👉 დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს – ეკრანის გამოსხივება და ხმა ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე;

👉მოერიდეთ ძილის წინ ჭამას;

👉 ძილის მოახლოებისთანავე შეეცადეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოთ. სტრესული და შემაშფოთებელი ფიქრებისგან თავის დაღწევაში თბილი აბაზანა და მშვიდი მუსიკა დაგეხმარებათ.

დაღლილობასა და ენერგიულობაზე დიდ გავლენას ახდენს კვება. ზომიერი, დაბალანსებული კვება ჯანმრთელობისა და კარგი ძილის საწინდარია;

👉მიირთვით დღეში რამდენჯერმე, ზომიერი ულუფებით;

👉ერიდეთ შაქრის შემცველ და ნაკლებად სასარგებლო საკვებს;

👉მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული;

👉შუადღისას და საღამოს ერიდეთ კოფეინის მიღებას;

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს ძილს:

👉თუ დიდი ხანია, ფიზიკურად არ გიაქტიურიათ, თანდათან უნდა დაიწყოთ;

👉უნდა ივარჯიშოთ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ყველაზე პროდუქტიული ხართ;

მანქანის მართვის დროს დაღლილობა ხშირად იქცევა უბედური შემთხვევის მიზეზად, ამიტომ, თუ მანქანის მართვისას მთქნარება და თვალების ხშირი ხამხამი დაეწყო, არ ახსოვს, როგორ გაიარა ბოლო რამდენიმე კოლომეტრი, გადავიდა ზოლს გარეთ, უჭირს კონცენტრირება, ასეთ დროს ნებისმიერი მძღოლი უნდა შეჩერდეს და რამდენიმე წუთით წაიძინოს ან საჭე სხვას დაუთმოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი