მედიცინა

რა ემუქრება თვალს და როგორ ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.08

თვალი
დაკოპირებულია

ასაკთან ერთად იმატებს თვალის დაავადებების განვითარების რისკიც. მათგან ყველაზე გავრცელებულია:

კატარაქტა – ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლის დროსაც მხედველობა დაბინდულია. ასაკობრივი კატარაქტა მხედველობის დარღვევისა და სიბრმავის მთავარი მიზეზია.

დიაბეტური რეტინოპათია – დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მომატებული დონე იწვევს ბადურას სისხლძარღვების დაზიანებას.

მშრალი თვალის სინდრომი – ცრემლის უკმარისობა თვალების გამოშრობას, დისკომფორტსა და მხედველობის დარღვევას იწვევს.

გლაუკომა – დაავადებათა ჯგუფია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხედველობის ნერვის პროგრესირებადი დეგენერაცია.

ყვითელი ხალის (მაკულას) დეგენერაცია – მაკულა ბადურას ცენტრალური ნაწილია. ასაკდამოკიდებული მაკულური დეგენერაცია სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

როგორ გავუფრთხილდეთ თვალებს:

👉იკვებეთ ჯანსაღად და მრავალფეროვნად

თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებების დიდ ნაწილს ადამიანი სწორედ საკვებიდან იღებს. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

A ვიტამინი – სასიცოცხლოდ აუცილებელია თვალში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედების, ფოტორეცეპტორების, გამართული მუშაობისთვის. მისი ნაკლებობისას ვითარდება ღამის სიბრმავე, თვალების სიმშრალე ან უფრო მძიმე გართულებები, რაც თავად დეფიციტის სიმძიმეზეა დამოკიდებული. A ვიტამინი მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში მოიპოვება. ამ ნივთიერებით ყველაზე მდიდარია ღვიძლი, კვერცხის გული და რძის ნაწარმი, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია მცენარეული ანტიოქსიდანტებიდანაც – A პროვიტამინის კაროტინოიდების სახით, რომლებიც აკმაყოფილებს A ვიტამინის მოთხოვნილების 30 პროცენტს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბეტა კაროტინი, რომელიც კომბოსტოში, ისპანახსა და სტაფილოში მოიპოვება.

ლუთეინი და ზეაქსანთინი ყვითელი კაროტინოიდული ანტიოქსიდანტებია, რომლებსაც მაკულურ პიგმენტებსაც უწოდებენ. ისინი კონცენტრირებულია ბადურას ცენტრალურ ნაწილში არსებულ ყვითელ ხალში – შრეში, რომელიც სინათლის აღმქმელი უჯრედებისგან შედგება. ლუთეინი და ზეაქსანთინი ასრულებს მზისგან, უმთავრესად – ლურჯი გამოსხივებისგან, ბუნებრივი დამცავის როლს. ლუთეინი და ზეაქსანთინი, როგორც წესი, ერთადაა ისპანახში, ჭარხლის ფოთლებში, ყვავილოვან კომბოსტოში, ოხრახუშში, ფსტაში, მწვანე ბარდაში. ასევე უხვად მოიპოვება კვერცხის გულში, შავ ყურძენში. კაროტინოიდების შეწოვა უმჯობესდება ცხიმთან, მაგალითად, ზეთთან ან ავოკადოსთან ერთად მიღებისას.

თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – EPA და DHA. DHA ბევრია ბადურაში და ბავშვის თვალებისა და ტვინის განვითარებაში მონაწილეობს. მისი დეფიციტი მხედველობის დარღვევას იწვევს, განსაკუთრებით – ბავშვებთან.

კვლევებით დამტკიცდა, რომ ომეგა-3-ის დანამატები კარგია მშრალი თვალის სინდრომის დროს. გარდა ამისა, შეუძლია ისეთი დაავადებების პრევენცია, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტური რეტინოპათია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით განსაკუთრებით მდიდარია ცხიმიანი თევზი. ფართოდ ხელმისაწვდომია თევზისა და მიკროწყალმცენარეებისგან მიღებული ომეგა 3-ის დანამატებიც.

თვალებს სხვა ორგანოებზე გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტი სჭირდება. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C ვიტამინი, რომლის როლს თვალების ჯანმრთელობაში მეცნიერები აქტიურად იკვლევენ. თვალის სითხოვან გარემოში C ვიტამინის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ორგანიზმის ნებისმიერ სხვა სითხეში. ამ გარემოში C ვიტამინის დონეს პირდაპირპროპორციული კავშირი აქვს საკვებით მის მიღებასთან. დადგენილია, რომ კატარაქტით დაავადებულებს ანტიოქსიდანტური სტატუსი დაბალი აქვთ. C ვიტამინით მდიდარია მრავალი სახეობის ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით – ციტრუსები, ბროკოლი, ტკბილი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო.

თვალში დიდი რაოდენობითაა თუთიაც – მრავალი შეუცვლელი ფერმენტის კომპონენტი, რომელთაგან ბევრი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. თუთია მონაწილეობს ბადურას მხედველობის პიგმენტების ფორმირებაშიც, ამიტომ მისი დეფიციტი ღამის სიბრმავეს იწვევს. მისი ბუნებრივი წყაროა ხორცი, ზღვის კიბორჩხალა, გოგრის თესლი, მიწის თხილი.

ასევე, შეინარჩუნეთ ნორმალური წონა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს იმატებს დიაბეტის განვითარების რისკი, რომელიც თავის მხრივ, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის განვითარების ალბათობას ზრდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი