მედიცინა

რა არის ენტერობიოზი და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.01

ენტერობიოზი
დაკოპირებულია

ენტერობიოზი ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია. ჰელმინთოზები ისეთ დაავადებებს ეწოდება, რომლებსაც პარაზიტული ჭიები იწვევს. ენტერობიოზის გამომწვევია თეთრი ფერის წვრილი ჭია. ენტერობიუსს მეორენაირად მახვილას უწოდებენ. მისი კვერცხი 4-6 საათში მწიფდება და მასში მოძრავი მატლი ყალიბდება. თუ მომწიფებული კვერცხი ადამიანის პირის ღრუში მოხვდა, ის ენტერობიოზით დაავადდება. ენტერობიუსი დაავადებული ადამიანის ნაწლავში ცხოვრობს. გარეთ უმთავრესად ღამით გამოდის და კვერცხებს პერიანალური ხვრელის ირგვლივ არსებულ ნაოჭებში დებს.

დაავადების წყაროა ენტერობიოზით დაავადებული ადამიანი. გამომწვევი საკმაოდ გამძლეა გარემო ფაქტორებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ენტერობიუსის კვერცხები გარემოში ცხოველმყოფელობის უნარს 25 დღემდე ინარჩუნებენ. გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით, კვერცხებით დაბინძურებული საკვების, ხელების საშუალებით. კვერცხები შეიძლება იყოს სათამაშოებზე, თეთრეულზე, ხალიჩაზე, აბაზანაში, ტუალეტში. არსებობს ინვაზიის მტვრისმიერი გზაც – მახვილას კვერცხები საკმაოდ მსუბუქია და შესაძლოა, ადამიანს ისინი მტვერთან ერთად გადაეყლაპოს. ენტერობიოზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არსებობს რისკ-ჯგუფიც – 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 15 დღეა. განასხვავებენ ენტერობიოზის უსიმპტომო და გამოხატულ ფორმებს. უკანასკნელ შემთხვევაში წამყვანი სიმპტომია პერიანალური ქავილი, რომელიც უმეტესად საღამოობით და ღამით იჩენს თავს – ამ დროს მახვილები გარეთ გამოდიან. ქავილი 1-3 დღე გრძელდება, შემდეგ ქრება და 2-3 კვირის შემდეგ ისევ იწყება. მასობრივი ინვაზიის დროს ქავილი შემაწუხებელი და მუდმივია. ინტენსიური ქავილის გამო ავადმყოფს უკანა ტანის მიდამოში ნაკაწრები უჩნდება. ნაკაწრების ადგილას შესაძლოა, ინფექცია შეიჭრას, შედეგად კი სფინქტერიტი და პარაპროქტიტი განვითარდეს. ზოგიერთ ავადმყოფს აწუხებს მუცლის მოვლითი ტკივილი, უმადობა. ხშირია გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. დარღვეულია ნაწლავური ფლორა. შესაძლოა, თავი იჩინოს სისუსტემ, დაღლილობამ, გაღიზიანებადობამ, მოუსვენარმა ძილმა, ძილში კბილების კრაჭუნმა. ენტერობიოზმა ბავშვებში შესაძლოა, ღამით უნებლიე შარდვაც გამოიწვიოს.

ქალის სასქესო ორგანოებში მახვილას შეჭრა ხელს უწყობს სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების (ვულვიტის, ვაგინიტის, ენდომეტრიტის) განვითარებას. ხშირია შარდსასქესო გზების ინფექციები. მახვილა შესაძლოა, შეძვრეს ბრმა ნაწლავში და მისი ანთება გამოიწვიოს. ბავშვებში ენტერობიოზი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ზრდასა და წონაში ჩამორჩენას.

მისი მკურნალობა წარმატებულია მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების დაცვისას.

როგორ დავიცვათ თავი ენტერობიოზისგან👇

👉 მიაჩვიეთ ბავშვები პირად ჰიგიენას;

👉 გადააჩვიეთ პირში თითებისა და სათამაშოების ჩადებას;

👉 ხშირად დაბანეთ ხელები საპნით;

👉 მოკლედ დააჭერით ფრჩხილები;

👉 ღამით ჩააცვით მოხერხებული ტრუსი;

👉 ხშირად ცვალეთ ლოგინის თეთრეული და დააუთოვეთ ცხელი უთოთი. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგინი და პირსახოცი;

მკურნალობა გარდა ავადმყოფისა, ოჯახის სხვა წევრებმაც უნდა ჩაიტარონ. მკურნალობის დროს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თეთრეულის, საცვლების სისტემატური გამოცვლა, გამოხარშვის რეჟიმით რეცხვა, დაუთოება. სახლის სველი წესით დალაგება. ბავშვის პირადი ნივთების, სათამაშოების, სველი წესით დასუფთავება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...