მედიცინა

ყველაზე აქტუალური აქცენტები ფარისებრი ჯირკვლისა და მისი გართულებების პრევენციაში – ბესო აბულაძის რჩევით

№29

ავტორი: მაკა ჯიქია 11:30 25.07, 2022 წელი

ბესო აბულაძე
დაკოპირებულია

წარმატებული ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, ბარიატრიული და ენდოკრინული ქირურგი, დასავლეთის რეგიონული ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი ბესო აბულაძე ცნობილი და წარმატებული ექიმების გარემოცვაში გაიზარდა. მამა – ავთანდილ აბულაძე ქირურგია. დედა – მარიამ უგულავა ცნობილი თერაპევტი. არც თავად ბატონი ბესოა გამონაკლისი და მას პროფესიონალიზმით ყველგან გამოარჩევთ. დღეს ბატონი ბესო ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებათა გამოვლინების სიხშირესა და დაავადებათა სიმპტომებზე გვესაუბრება.

– ფარისებრი ჯირკვლის როგორი სახის დაავადებები გვხვდება ძირითადად? კოვიდპანდემიამ ხომ არ შეცვალა ამ დაავადებების გამოვლინებათა სიხშირე?

– სტატისტიკურად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტის შემდეგ, ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ დაავადებებს მიეკუთვნება, რითაც დღესდღეობით მსოფლიოში 200 მილიონი ადამიანია დაავადებული. კოვიდპანდემიამ კი ხელი შეუწყო ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადების სიხშირის ზრდას, განსაკუთრებით ეს ეხება ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებებს, რაც გამოვლინდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ან ტოქსიკური ჩიყვით მიმდინარე დაავადებების სიხშირის მატებით.

კოვიდპანდემიისგან დამოუკიდებლად პროგრესულად მატულობს ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაზიანებებისა და მათი ავთვისებიანად ტრანსფორმაციის სიხშირეც, რაც არასასურველ ეკოლოგიას, კვებასა და ჭარბ წონას უკავშირდება.

– რა როლი აკისრია ფარისებრ ჯირკვალს ორგანიზმში?

– ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება, განვიხილოთ როგორც ორგანო, რომელიც გავლენას ახდენს, ფაქტობრივად, ყველა ორგანოთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რაც მოიცავს ნერვული სისტემის სწორად განვითარებას, გულ–სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, სასქესო სისტემების, კანისა და ასე შემდეგ სწორ და კოორდინირებულ ურთიერთქმედებას.

– როგორ ამოვიცნოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რა არის მათი ზოგადი სიმპტომები?

– ორგანიზმზე მრავალი ფაქტორის გავლენის გათვალისწინებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს მრავალფეროვანი გამოვლინებები ახასიათებთ. ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით მიმდინარე დაავადებებს ახასიათებთ ადვილად გაღიზიანებადობა, ოფლიანობა, ფაღარათი, წონის კლება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება. ფუნქციის დაქვეითება ხასიათდება წონის მატებისკენ მიდრეკილებით, შეშუპებით, გულისცემის შენელებით, ყაბზობით, მეხსიერების დაქვეითებით.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაზიანების დროს, ზოგჯერ, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნება, თუმცა, იმავდროულად; შესაძლოა, კვანძი წარმოადგენდეს ონკოლოგიური დაავადების საფრთხეს.

– გამომწვევი მიზეზები?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა განვითარების ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება იოდის დეფიციტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, უფრო მეტად მდედრობითი სქესი, ასაკი, დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო.

– როგორ ხდება მკურნალობა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიურ შემთხვევებში?

– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, მიმდინარეობდეს როგორც ფუნქციის მატებით, ასევე კლებით, პაციენტის მართვა ხდება ენდოკრინოლოგის მიერ. ხოლო როცა ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის სახიფათო კვანძოვანი დაზიანება, დიფუზური ან მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი, ასეთ შემთხვევაში დაავადების მართვაში ერთვება ენდოკრინული/ონკო ქირურგი.

– სწორი დიაგნოსტიკა სწორ მკურნალობას განაპირობებს. როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად განაპირობებს დაავადების სწორ მართვას და პროგნოზს. დაავადებათა გამოსავლენად ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ლაბორატორიული შეფასება სისხლის ნიმუშით, ულტრაბგერითი კვლევით ფასდება ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული დაზიანებები, მათი სავარაუდო ავთვისებიანი ხასიათი, რასაც საბოლოოდ ამყარებს კვანძების წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსიის შედეგად მიღებული ციტოლოგიური ინფორმაცია. რთულ შემთხვევებში საჭირო ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება დაავადების გავრცელების შესაფასებლად. დიაგნოსტიკის ყველა აღნიშნული ეტაპი მაღალ დონეზე ხორციელდება ჩვენს კლინიკაში.

– რა სახის ოპერაციები ტარდება კლინიკაში?

– ჩვენს კლინიკაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს: ჰემითირეოიდექტომია (ნაწილობრივი ამოკვეთა), თირეოიდექტომია (სრული ამოკვეთა) ლიმფოდისექციით ან მის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევებისას, ქურურგიული მკურნალობის შემდგომ ხდება პაციენტის სწორი მომზადება და გადამისამართება ბირთვული მედიცინის სპეციალისტთან რადიაქტიული იოდით მკურნალობის გასაგრძელებლად.

P.S. დასავლეთის რეგიონული ცენტრი ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაში ერთ-ერთი მოწინავეა ჩვენს ქვეყანაში, სადაც წარმატებული ქირურგიული მკურნალობის უმეტესი ნაწილი ბესო აბულაძის დამსახურებაა. პაციენტები მას უკონკურენტო პროფესიონალად მოიაზრებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი