კვება და გონების ფუნქციონირება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.09
ტვინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს ყველა სასიცოცხლო პროცესს.
გონებრივი აქტივობა მოითხოვს საკმაოდ დიდი ენერგიის ხარჯვას. ამიტომ ტვინის წარმატებული ფუნქციობისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება. მაღალი ხარისხის კვება გულისხმობს ჯანსაღი პროდუქტების სწორად შერწყმას.
გლუკოზა არის ძირითადი საკვები კომპონენტი ტვინისთვის. ეს ნივთიერება უზრუნველყოფს ტვინის უჯრედებს ენერგიით და პასუხისმგებელია გონებრივ აქტივობაზე. გლუკოზა არის უმარტივესი ნახშირწყალი, რომელსაც ვიღებთ საკვებიდან. ის კონცენტრირდება სისხლში და იქიდან ხვდება ადამიანის ტვინში.
ამ მარტივ ნახშირწყალს შეიცავს ყველა ტკბილი პროდუქტი, როგორებიცაა – შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, კანფეტები და უბრალოდ, შაქარი სუფთა სახით.
ენერგიის მიღებით მარტივი შაქრის სახით ჩვენი ტვინი იწყებს უფრო ენერგიულად და სრულყოფილად მუშაობას. მაგრამ სისხლში სწრაფად გავრცელებულ გლუკოზას ინსულინი მაშინვე სრულად „შთანთქავს“, ამიტომაც ჯერ ხდება აქტივობის მკვეთრად მომატება, შემდეგ კი – მისი სწრაფად ვარდნა.
ტვინის აქტივობის ხარისხიანი სტიმულირებისთვის სასარგებლოა ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავს გლუკოზას რთული პოლიმერების სახით. რთული ნახშირწყლები უზრუნველყოფს ტვინის გრძელვადიან აქტივობას. აღნიშნული ნახშირწყლებით მდიდარია ბოსტნეული, მარცვლეული, კარტოფილი, პარკოსნები და მაკარონი.
ცილები ნახშირწყლებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტვინის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის. ისინი ზემოქმედებენ ტვინის ინტელექტუალურ აქტივობაზე.
ცილების წყალობით, ორგანიზმი გამოიმუშავებს ადრენალინს და დოფამინს. ეს ჰორმონები აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, აჩქარებს და აძლიერებს გონებრივ მუშაობას. ამიტომ ყოველდღიური რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობის ცილებს, მთავარია, ცილოვანი საკვები იყოს უცხიმო. ბევრი სასარგებლო ცხოველური ცილა გვხვდება ზღვის თევზსა და ზღვის პროდუქტებში. ლობიო, თხილი, ოსპი, სოია, ბადრიჯანი და სოკო მდიდარია მცენარეული ცილებით.
ტვინის უჯრედების შემადგენლობაში თითქმის 60% ნაჯერი ცხიმებია. ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობისას უარესდება ცერებრული სისხლის მიმოქცევა, მეხსიერება, ყურადღება და აღქმა. ორგანიზმი დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებს პოლიუჯერ მჟავებს; ამ ნივთიერებებს იღებს საკვები ცხიმებიდან. ტვინის აქტივობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებია: ომეგა-3 და ომეგა-6.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია თევზი, ქოქოსისა და სელის ზეთი, ნიგოზი, ავოკადო, ყველი და არარაფინირებული მცენარეული ზეთები. ცივ ზღვებში მცხოვრები თევზის რეგულარული მოხმარება კი ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობას.
ამინომჟავები ხელს უწყობს ტვინის სრულფასოვან ფუნქციობას. ამისთვის უნდა მიიღოთ კვერცხი, თევზი, ხორცი, და მცირე რაოდენობით ცეხვილი პური და მარცვლეული. მნიშვნელოვანი ამინომჟავაა ტრიპტოფანი, რომელიც პასუხისმგებელია სეროტონინის – მხნეობისა და სიხარულის ჰორმონის – გამომუშავებაზე. დეპრესიის თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა საუზმეზე შვრიის ფაფის მიღება, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს. ამ ნივთიერებით მდიდარია ასევე ხორცპროდუქტები, წიწიბურა, ოსპი, ყველი, კვერცხი, ლობიო და თევზი.
ტვინის ნორმალური აქტივობისთვის საჭიროა B ჯგუფის ვიტამინები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), ქოლინი და D და E ვიტამინები.
გადაძღომა და ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება ანელებს ტვინის აქტივობას. ჭარბი კვებისას ორგანიზმის მთელი მარაგი მიმართულია საჭმლის მონელებისკენ. ამიტომ მძიმე სადილის შემდეგ ტვინს არ შეუძლია სრულად აზროვნება. გარდა ამისა, გადაძღომა იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებას, შედეგად მცირდება აზროვნების უნარი.
თავის ტვინის მუშაობაზე ასევე, უარყოფითად აისახება შიმშილი. შიმშილის დროს გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან საკვების არასაკმარისი მიღებისას გლუკოზა ძალიან სწრაფად მოიხმარება, ორგანიზმის შინაგანი რეზერვები ამოწურულია და ამდენად, ტვინის ხარისხიანად მუშაობა შეუძლებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან