მედიცინა

კუჭის წყლულის ნიშნები

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.02, 2022 წელი

კუჭის წყლული
დაკოპირებულია

კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია.

თუმცა, კუჭის წყლულის დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება, სულ სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, მაგალითად, გულძმარვას ან გულისრევის შეგრძნებას.

გულძმარვა

გულძმარვა თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია და ხშირად ის სულაც არ არის საშიში. თუმცა, თუ წვასა და ტკივილს გამუდმებით გრძნობთ გულმკერდის არეში, ეს უკვე შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. ხშირი გულძმარვა წყლულოვანი დაავადების ერთ–ერთი ძირითადი სიმპტომია.

ნაწლავების მუშაობის დარღვევა

კიდევ ერთი მიზეზია გამოკვლევების ჩასატარებლად, როცა ხშირი შეკრულობა და აირების დაგროვება გაწუხებთ. ეს ნაწლავების მუშაობის დარღვევის შედეგია, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, კუჭის წყლულით იყოს განპირობებული.

მუდმივი წყურვილის გრძნობა

მუდმივი წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე რამდენიმე დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, მათ შორის, კუჭის წყლულისაც. თუ შენიშნეთ, რომ წყალს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად სვამთ, აუცილებლად მიდით ექიმთან.

ტკივილი მშიერ კუჭზე

ზოგჯერ შიმშილის გრძნობას ტკივილიც ახლავს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ გაივლის. ეს ერთხელ მაინც გამოუცდია თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ, როცა ეს რეგულარულად ხდება, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

მწვავე ტკივილის შემოტევა

კუჭთან დაკავშირებული პრობლემები მუცლის ტკივილით იჩენს თავს. ჩხვლეტა მუცლის ქვემოთ ან ნეკნების ქვეშ სწორედ ის სიგნალია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

წონაში კლება

თუ მოკლე პერიოდში რამდენიმე კილოგრამი უმიზეზოდ დაიკელით, უმჯობესია, გამოკვლევა ჩაიტაროთ. წონის უეცარი კლება ცუდი ნიშანია და მისი ერთ–ერთი გამომწვევი კუჭის წყლულიცაა.

სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ

წყლული, რომელიც უშუალოდ კუჭში ვითარდება, თავს ავლენს სიმძიმის შეგრძნებითა და ტკივილით ყოველი ჭამის შემდეგ. ამ სიმპტომის აღმოჩენისთანავე აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.

გულისრევის შეგრძნება

წყლულის კიდევ ერთი ნიშანია გულისრევა. თუ უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გულისრევის გრძნობა გაწუხებთ, რომელსაც ზოგჯერ ღებინებაც ახლავს, არ დააყოვნოთ და აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

კუჭის წყლული შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მათ შორის ბავშვებსაც, მაგრამ ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უვითარდებათ და მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

წყლულის განვითარების რისკის შესამცირებლად:

✔️ არ მოსწიოთ;

✔️ ერიდეთ ალკოჰოლს;

✔️ არ მიიღოთ ზედმეტი ასპირინი და ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტები;

✔️ წყლულის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ წყლული ხშირად თავისით ხორცდება, მისი ნიშნების იგნორირება არ შეიძლება. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, წყლულმა შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები განავითაროს:

✔️ კუჭიდან სისხლდენა;

✔️კუჭის კედელში ღია ხვრელის გაჩენა;

✔️ შეშუპებით და შეხორცებებით გამოწვეული კუჭის გამოსავლის ობსტრუქცია, რომელიც კუჭიდან წვრილ ნაწლავში საკვების გადასვლას აფერხებს.

წყლულის განვითარება შეიძლება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების უკონტროლო მიღებამ გამოიწვიოს. ამის რისკი განსაკუთრებით მაღალია მოხუცებში და მათში, რომელთაც ავადმყოფობის ისტორიაში პეპტიური წყლული აღენიშნებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი