კომბოსტოს საოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.12
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი შეიცავს ლუთეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც ამცირებს მხედველობის ისეთი პრობლემების რისკს, როგორებიცაა კატარაქტა და ყვითელი ლაქა.
იმისთვის, რომ ნივთიერებები კარგად შეიწოვოს, კომბოსტოს უნდა დაამატოთ ჯანსაღი ცხიმები, მაგალითად, ზეითუნის ზეთი.
წონის დასაკლებად კომბოსტოს მონოდიეტაზე ყოფნა არ შეიძლება: ორგანიზმი ვერ მიიღებს საკმარის ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს.
დადგენილია, რომ უხეში ბოჭკო კომბოსტოს რთულად მოსანელებელ საკვებად აქცევს. ამიტომ ბოსტნეული საზიანო იქნება მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაცია ჩაუტარდა (გამოჯანმრთელების პერიოდში) და ასევე ორ წლამდე ბავშვებისთვის.
კომბოსტო საზიანოა პანკრეატიტის დროსაც (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიირთვან უმი კომბოსტო. მათ შეუძლიათ, მხოლოდ მოხარშული ან ჩაშუშული კომბოსტო ჭამონ და ისიც დღეში არა უმეტეს 100 გრამისა.
ძალიან ბევრი კომბოსტო ზრდის კუჭის მჟავიანობას და მუცლის შებერილობას იწვევს, ამიტომ უმჯობესია, კომბოსტო სადილის ან ვახშმის ნაწილი გახადოთ.
კომბოსტო თავისი შემადგენლობით ჩემპიონ-პროდუქტებში შედის: 100 გრამი თეთრთავიანი კომბოსტო 45 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, ანუ დღიური მოთხოვნილების 65 პროცენტს. ეს ვიტამინი ბევრია კომბოსტოს მწნილში: 200 გრამი C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ავსებს. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი: კომბოსტო შაქრის გარეშე უნდა იყოს დამწნილებული, ვინაიდან ის ვიტამინს შლის.
კომბოსტოს მწნილი ზამთრის პერიოდში რეგულარულად უნდა მიირთვათ, რადგან ის მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის გაციების, გრიპის და საზოგადოდ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მწნილის ეს სახეობა ვიტამინების უნივერსალური წყაროა, შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს: C, B1, B2, B3, B6, K, U, პროვიტამინ A-ს.
კომბოსტოს მწნილი მდიდარია იოდით, რძის მჟავით, რომელიც ებრძვის ნაწლავის ჩხირს და სხვა მავნე ბაქტერიებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ კომბოსტოს მწნილის საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართვა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას. ამ მწნილის მარილწყალი კი ორსულთათვის სასარგებლოა ტოქსიკოზთან საბრძოლველად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან