კომბოსტოს საოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.03, 2022 წელი

კომბოსტო ძალიან პოპულარული ბოსტნეულია. ის ცნობილია სამკურნალო თვისებებით, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას, იცავს ადამიანს ალცჰაიმერით დაავადებისა და დაბერებისგან.
ახლად გამოწურული კომბოსტოს წვენი მდიდარი B, C, PP, D, K ჯგუფის ვიტამინებით. გარდა ამისა, მისი წყალობით, ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალური ელემენტები მიეწოდება, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, გოგირდი, აზოტი, იოდი, მაგნიუმი.
კომბოსტოში შემავალი გოგირდი და იოდი კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაწმენდას უწყობს ხელს, ხოლო იშვიათი U ვიტამინი გასტრიტის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლება. კომბოსტოს წვენს რეკომენდაციას უწევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ის ხელს უწყობს არტერიული წნევისა და სისხლში მავნე ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევას. ამასთან, კომბოსტოს წვენი ეფექტურია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლადაც.
კომბოსტო დიეტური პროდუქტია – მასში შემავალი ადვილადათვისებადი ნივთიერებებისა და დაბალი კალორიულობის გამო კომბოსტოს წვენი ძალიან სასარგებლოა ჭარბწონიანებისათვის. კომბოსტოში შემავალი ტარტონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, კომბოსტოს წვენის მეშვეობით თქვენ სახის კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის პირობებში გამოწურულ კომბოსტოს წვენზე ვსაუბრობთ.
ის ხელს უშლის თმის ცვენას – კომბოსტოსა და კიტრის ახალგამოწურული წვენები მდიდარია სილიციუმითა და გოგირდით, ეს ორი აუცილებელი მინერალი კარგია თმის ცვენის, ზრდისა და პროფილაქტიკისთვის. ამ ორი ბოსტნეულის კომბინირება და ძილის წინ პირდაპირ თავის კანზე დადება (10-წუთიანი მასაჟით) სასარგებლოა თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად. ამ პროცედურის გაკეთება შეიძლება კვირაში სამჯერ.
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას – კომბოსტო ძალიან მდიდარია ბოჭკოთი, რაც სხეულს წყლის შეკავებაში ეხმარება. ბოჭკოვანი უკმარისობა ყაბზობას იწვევს, რაც შეიძლება, მრავალი სხვა დაავადების განვითარების მიზეზი გახდეს, როგორიცაა კუჭის წყლული, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის კიბო, საჭმლის მონელება და ასე შემდეგ.
აუმჯობესებს ტვინის მუშაობას – მდიდარია იოდით. კომბოსტო სასარგებლოა ტვინისა და ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის. ეს მინერალი, ასევე, გადამწყვეტ როლს ასრულებს ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კომბოსტო, ასევე, შეიცავს K ვიტამინსა და ანტოციანინებს, რომლებიც გონებრივ აქტიურობასა და კონცენტრაციის შესაბამის დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.
კარგია ძვლის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის – კომბოსტო მდიდარია კალციუმით, რომელიც უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანი მინერალია ძვლებისთვის. კომბოსტო, ასევე, მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით. ეს სამი მნიშვნელოვანი მინერალი ერთად მუშაობს ძვლების დაშლისგან დასაცავად. ასევე, კარგია ასაკთან დაკავშირებული ძვლის ზოგიერთი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ოსტეოპოროზი და ძვლის ზოგადი შესუსტება.
გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ამ ბოსტნეულის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა კუჭის და ნაწლავების წყლულის ან სხვა მწვავე ანთებების გამწვავება გამოიწვიოს. თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, კომბოსტოს წვენი თქვენ სარგებელს კი არა, მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. გარდა ამისა, კომბოსტოს წვენი მიღება არ არის რეკომენდებული კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროსაც. და ბოლოს – ეს წვენი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან