მედიცინა

კომბოსტო - ბოსტნეულის დედოფალი

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.02

კომბოსტო
დაკოპირებულია

კომბოსტოს „ბოსტნეულის დედოფალს” უწოდებენ. ის უაღრესად სასარგებლო პროდუქტია – შეიცავს ბუნებაში არსებულ პრაქტიკულად ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს. გარდა ამისა, კომბოსტო უნიკალური ბუნებრივი წამალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ჩიყვის, დიაბეტის სამკურნალოდ, ორგანიზმის წინდებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად და სიბერის „შესაჩერებლად“. არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ხალხური მედიცინა დიდ ყურადღებას უთმობს კომბოსტოს, როგორც სამკურნალო საშუალებას. ის ძალიან სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლის დაავადებების, ავიტამინოზის, წყალმანკის, ნიკრისის ქარის, შაქრიანი დიაბეტისა და ანთებით პროცესების დროს. კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს წყლულების, ჭრილობის, ზედაპირული დამწვრობით გამოწვეული იარების შეხორცებას. კომბოსტოს ფოთლებს საფენების სახით იყენებენ რადიკულიტური და რევმატული ტკივილების გასაყუჩებლად.

კომბოსტოში საკმაო რაოდენობითაა იოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით დაავადებულთათვის. გარკვეული რაოდენობით სპილენძის შემცველობა აუცილებელს ხდის კომბოსტოს ჩართვას ნერვული სისტემის მოშლით დაავადებულთა რაციონში.

კომბოსტოს უამრავი სახეობა არსებობს: ჩვეულებრივი თეთრი, მუქი შინდისფერი, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბრიუსელური, სავოიური, ლიტვური მწვანე, პეკინური, რომანესკა, პაკ-ჩოი და ზღვის კომბოსტო. ისინი, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ, საერთო თვისებები მეტი აქვთ. რაც მთავარია, თითოეული მათგანი რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის გამოიყენება და აქტიურად წვავს ცხიმებს.

კომბოსტო ის პროდუქტია, რომლიდანაც კერძების მთელი „სპექტრის“ მომზადება შეიძლება, დაწყებული წვნიანით, დამთავრებული დესერტით. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისიცაა, რომ ძალიან დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

ახლად გამოწურული კომბოსტოს წვენი B, C, PP, D, K ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. გარდა ამისა, მისი წყალობით ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალური ელემენტები მიეწოდება, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, გოგირდი, აზოტი, იოდი, მაგნიუმი.

კომბოსტოში შემავალი გოგირდი და იოდი ხელს უწყობენ კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაწმენდას, ხოლო იშვიათი, U ვიტამინი გასტრიტის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. კომბოსტოს წვენს რეკომენდაციას უწევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ის ხელს უწყობს არტერიული წნევისა და სისხლში მავნე ქოლესტერინის მაჩვენებლის დაბლა დაწევას. ამასთან, კომბოსტოს წვენი ეფექტურია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლადაც.

მასში შემავალი ადვილად ათვისებადი ნივთიერებებისა და დაბალი კალორიულობის გამო კომბოსტოს წვენი ძალიან სასარგებლოა ჭარბწონიანებისთვის. კომბოსტოში შემავალი ტარტონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, კომბოსტოს წვენის მეშვეობით თქვენ სახის კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული