მედიცინა

ხორბლის სასარგებლო თვისებები

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.10, 2022 წელი

ხორბალი
დაკოპირებულია

ხორბალს არაერთი სამკურნალო თვისება აქვს, რითაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ხორბლის ახალგაღივებული ყლორტები განსაკუთრებულად მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კუნთოვანი, ნერვული და ღვიძლის უჯრედების ნორმალური ფუნქციობისათვის, აგრეთვე, სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნებისა და ორგანიზმში ქსოვილთა განახლებისათვის.

ხორბალში უხვადაა, ასევე, B ჯგუფის ვიტამინები, რაც მნიშვნელოვანია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობისა და მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის.

დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებების, B, D, E, K, PP ვიტამინებისა და A პროვიტამინის შემცველობის გამო. ის მდიდარია სახამებლით, უჯრედისით, ნატურალური შაქრითა და ფერმენტებით. უჯრედისი განაპირობებს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

ქრომი და ლითიუმი – ეს იშვიათი მიკროელემენტები სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის.

კალიუმი განაპირობებს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას, ამაგრებს გულის კუნთს, ხელს უწყობს კუნთოვანი ბოჭკოების ნორმალურ მუშაობას.

ხორბლის მარცვლების დაფქვისას იკარგება ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ამიტომაც ახალგაღივებული ხორბლით კვებას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.

სასარგებლოა ქატოც. გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, კერძოდ ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას, წმენდს ორგანიზმს წიდებისგან, ჭარბი ქოლესტერინისა და შაქრისგან, ქატოში დიდი რაოდენობით წარმოდგენილი მაგნიუმი კუნთებს იცავს კრუნჩხვებისგან.

ქატო ასევე სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების, გაცხიმოვნებისა და ათეროსკლეროზის დროს. ხორბლის ქატოსაგან მზადდება ნახარშები, რომელთაც გამორჩეული ეფექტი აქვთ ძლიერი ხველისა და გრიპით დაავადების მკურნალობისას. აღნიშნული ნახარშები რეკომენდებულია დასუსტებულთათვის, ასევე ინფექციური დაავადებების, კერძოდ, გრიპის გადატანის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში.

ნახარშის მომზადების წესი შემდეგია: 200 გრამი ქატო ადუღეთ ერთ ლიტრ წყალში 15 წუთის განმავლობაში, დაამატეთ თაფლი და კვლავ ადუღეთ 15 წუთს. ნახარში გაცივების შემდეგ გადაუწურავად უნდა დალიოთ. ხველის საწინააღმდეგოდ ნახარშს დალევამდე შეგიძლიათ ცოტა თაფლი ისევ დაამატოთ და ჭამის წინ მიირთვათ 150 მილილიტრის ოდენობით. თუ ნახარშს ჭამის შემდეგ თაფლის გარეშე დალევთ, ნაწლავის სუსტი აქტივობით გამოწვეული შეკრულობის პრობლემას გადაჭრით.

კანის ანთების ან შეშუპების შემთხვევაში დაგეხმარებათ ხორბლის ფქვილის დაყრა დაზიანებულ უბანზე და კანში მისი შეზელა.

მოხარშული ხორბალი ხახვის წვენთან ერთად სასარგებლოა ტრავმული შეშუპებების სამკურნალოდ. თუ ხორბალს ზეითუნის ზეთში მოხარშავთ, მიიღებთ მალამოს, რომელიც გამოიყენება კანის წყლულების და თმის ცვენის სამკურნალოდ.

ამის გარდა, ხორბალს კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მათ შორის:

✔️ ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;

✔️ ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;

✔️ აუმჯობესებს მხედველობას;

✔️ აღადგენს თმის სტრუქტურას;

✔️ აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას სიცივისადმი;

✔️ ხელს უწყობს სხვადასხვა წარმონაქმნის გაწოვას;

✔️ ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით;

✔️ ამაღლებს იმუნიტეტს;

✔️ ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა