მედიცინა

კარტოფილის სასარგებლო თვისებები

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.12, 2022 წელი

კარტოფილი
დაკოპირებულია

კარტოფილის მომზადების ყველაზე მავნე ხერხად მისი შეწვა ითვლება. ამ დროს ნადგურდება ყველა სასარგებლო ნივთიერება, რაც მასშია. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაკლებად ცუდი შედეგი აქვს კარტოფილის პატარა ნაჭრებად დაჭრას.

ყველაზე ცუდ შედეგს, ვიტამინების დაკარგვის მხრივ, მისი დაჭრა იწვევს. აღმოჩნდა, რომ დაჭრილი კარტოფილის მოხარშვისას ან შეწვისას, კარტოფილის პატარა ნაჭრები თავის სასარგებლო თვისებებს უფრო მეტად კარგავენ, ვიდრე მთლიანი კარტოფილი, რადგან პატარა ნაჭრებზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ზედაპირი ათჯერ უფრო მეტია. ასეთი მომზადებისას, ყველაზე მეტად კალციუმის მარაგები ზარალდება, მისი რაოდენობა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილის თერმული დამუშავების შემდეგ თითქმის ნულამდე დადის.

დიეტოლოგების აზრით, ყველაზე სასარგებლოა კარტოფილის „მუნდირში“, ანუ კანით, მოხარშვა. ამისათვის, კარტოფილი კარგად უნდა გაირეცხოს და შემდეგ მოთავსდეს ტაფაში, ყოველგვარი ცხიმის ან სხვა რამის დამატების გარეშე, ძალიან მცირე რაოდენობით წყალში. ტაფაში მოთავსებული კარტოფილი დაბალ ცეცხლზე უნდა იხარშოს თავისივე ორთქლში. ასეთი სახით კარტოფილი ყველაზე მეტად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი კარტოფილი. ის არა მარტო გემრიელია, ძალიან კარგია ჩვენი ორგანიზმისათვის. მასში არის B და C ჯგუფის ვიტამინები, ასევე, კალიუმი და რკინა.

კალიუმი ეხმარება გულს მუშაობაში. ახალი კარტოფილი, როგორც ხაჭო და კვერცხი, შეიცავს ცილების დიდ რაოდენობას. მასში არ არის ქოლესტერინი, ცხიმები და შაქარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის.

მისი სასარგებლო თვისებები რომ შევინარჩუნოთ, ახალი კარტოფილი დანით არ უნდა გავასუფთაოთ. შეგვიძლია ეს ხელითაც გავაკეთოთ. თუმცა, მისი კანისაგან ხელებიც უნდა დავიცვათ, რათა მათ უსიამოვნო ფერი არ მისცეს.

ახალი კარტოფილი უმჯობესია, მოვხარშოთ, რათა შეწვისას არ დაიკარგოს ის მნიშვნელოვანი თვისებები, რაც მასშია. ახალ კარტოფილში ძალიან ცოტა რაოდენობითაა ნახშირწყლები, ამიტომ მისი კალორიულობა 30-40 პროცენტით უფრო ნაკლებია, ვიდრე ძველის.

ძველისგან განსხვავებით, ახალი კარტოფილი შეიცავს P ვიტამინს, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ახალი კარტოფილის შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მის გარეგნულ მხარეს. უნდა ავარჩიოთ დაუზიანებელი, მაგარი და ერთი ზომის კარტოფილები, რომელსაც არ ექნება მწვანე ლაქები.

კარტოფილი უმჯობესია, შევინახოთ მუყაოს ყუთში, ბნელ, გრილ ადგილას, რომელიც მუდმივად ნიავდება. მაცივარში ინახება მხოლოდ სამი დღე და ისიც პერგამენტის პარკში გახვეული. არ უნდა შევინახოთ მზეზე, რადგან მასში ორგანიზმისათვის არასასურველი ნივთიერებები იწყებს გამოყოფას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი