მედიცინა

გასტროენტერიტის მიზეზები და პროფილაქტიკა

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.08, 2022 წელი

მუცლის ტკივილი
დაკოპირებულია

ზაფხულის დადგომასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება დიარეით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში. გასტროენტერიტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებაა, რომელიც გამოვლინდება გულისრევით, მუცლის ტკივილით, დიარეითა და ცხელებით. დაავადების ძირითადი გართულებაა გაუწყლოება, რომელიც მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვებში უფრო სწრაფად ვითარდება. რისკჯგუფს მიეკუთვნებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

დაავადებას ძირითადი გამომწვევი მიზეზია ვირუსები: როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი, ადენოვირუსი. ვირუსები გადაეცემა დაავადებულ პირთან კონტაქტით. ინფექციის გავრცელების კერები, ძირითადად, საბავშვო ბაღები, სკოლები, ხალხმრავალი ადგილებია.

გასტროენტერიტს ასევე იწვევს ბაქტერიები: ნაწლავის ჩხირი, სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერია, სტაფილოკოკები და ასე შემდეგ.

ბაქტერიული გასტროენტერიტის გავრცელების წყაროს წარმოადგენს დაბინძურებული საკვების შეხება ან მიღება. უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს უმი ან თერმულად არასრულად დამუშავებული საქონლის ან ფრინველის ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, არაპასტერიზებული რძე, ხილის წვენები. ასევე, ცხოველებთან შეხება, რომლებსაც ბეწვზე ან სხეულზე ბაქტერიები აქვთ, დაბინძურებული წყლის გადაყლაპვა, შეუმოწმებელი ჭაბურღილებიდან, ნაკადულებიდან და საცურაო აუზებიდან.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი, შეიძლება გახდეს ბაქტერიული ტოქსინებით დაბინძურებული საკვები, პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევა.

პარაზიტებით გამოწვეული გასტროენტერიტი, ჩვეულებრივ, გამოწვეულია დაბინძურებული წყლის დალევით ან ფეკალურ-ორალური გადაცემით.

მკურნალობა:

გასტროენტერიტი წარმოადგენს დეჰიდრატაციის რისკს, რის გამოც აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება: სუფთა წყალი, ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები. ცხელების არსებობის შემთხვევაში – სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღება. მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლებელია, საჭირო გახდეს ინტრავენური ინფუზური თერაპია და ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შემდეგი სიმპტომების არსებობა:

👉 ძილიანობა, ცნობიერების შეცვლა, ჭირვეულობა ან ხშირი ტირილი;

👉 ხშირი ღებინება;

👉 ხშირი დეფეკაცია დიდი რაოდენობით სითხის შემცველი მასებით;

👉 მუცლის ტკივილი;

👉 განავალში ლორწოსა და სისხლიანი მინარევების არსებობა;

👉შარდვის შემცირება;

👉ცხელება.

როგორ დავიცვათ თავი გასტროენტერიტის მწვავე შემთხვევებისგან:

👉 აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;

👉 ბავშვების წახალისება ხშირად დაიბანონ ხელები საპნით;

👉 საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების წესების დაცვა;

👉 საეჭვო საკვებისა და წყლის მიღებისგან თავის შეკავება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი