ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.09

კითხვა: 12 წლის ბიჭი 5 დღეა ამბობს, ჰაერი არ მყოფნის და ჩასუნთქვის დროს გულმკერდთან მტკივაო. როგორ მოვიქცე? ჰელიკო ბაქტერია აქვს და მკურნალობას იმ კვირაში ვიწყებთ. შეიძლება, მაგის ბრალი იყოს?
პასუხი: მოზარდ ასაკში ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებში მიმდინარე რთული გარდაქმნები, ასევე, ის გარემოება, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა განვითარების ზოგად ტემპს ოდნავ ჩამორჩება იწვევს იმას, რომ სქესობრივი მომწიფების ასაკში მოზარდები უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას (განსაკუთრებით ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს), ტკივილს გულმკერდის არეში, მოჭერის შეგრძნებას, გულის ფრიალს, უჰაერობას და ასე შემდეგ. თუმცა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით, მაინც აუცილებელია ოჯახის ექიმს მიმართოთ.
კითხვა: ფიზიკური კონტაქტი მქონდა ადამიანთან, რომელსაც იმ დღეს გამოუვლინდა ბატონები. არის შესაძლებელი, რომ მე არ გადმომედოს?
პასუხი: ეგრეთ წოდებული, ბავშვთა ვირუსული ინფექციები მაღალი გადამდებლობით ხასიათდებიან, მაღალი რისკის ქვეშ არიან ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, რომელთაც გადატანილი არ აქვთ ეს კონკრეტული ინფექცია ან არ არიან ვაქცინირებული.
კითხვა: ვარ 76 წლის ქალბატონი. მუხლებში მაქვს ძლიერი სისუსტე, თუმცა არ მტკივა. ფეხზე დგომისას თითქოს ვქანაობ. ძალიან მიჭირს მოძრაობა. ხშირად მეხვევა თავბრუ. გამოკვლეული მაქვს და კიდურების ანგიოლოგოური და კარდიოლოგიური პრობლემა გამორიცხულია.
პასუხი: არ გადადოთ ნევროლოგთან ვიზიტი. ჩივილთან დაკავშირებული რიგი დეტალების დაზუსტებისა და გასინჯვის შემდეგ დაიგეგმება თანმიმდევრული კვლევები დიაგნოზის დასაზუსტებლად.
კითხვა: ყბის უკანა ნაწილზე ხორცმეტივით მაქვს, თუმცა ეს წანაზარდი რა არის, არ ვიცი. მას ბოლომდე ამოუსვლელი სიბრძნის კბილი ებჯინება და მტკენს. ტკივილს უკვე ყელსაც კი გადასცემს. რა ვქნა?
პასუხი: უნდა ეჩვენოთ ყბა-სახის ქირურგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან