მედიცინა

ექიმის რჩევები

№28

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 24.07, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, დაბალი პულსი ძალიან დაბალი წნევის გამოც იყოს?

პასუხი: გვხვდება ასეთი შემთხვევაც – დაბალი წნევა და დაბალი პულსი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მიზეზი: გულის რიტმის იზოლირებული დარღვევა, გულის იშემიური დაავადება, სხეულის გადაცივება, ჰიპოთირეოზი, ინტოქსიკაცია... ზოგადად, ხშირია პროფესიონალ სპორტსმენებში. ასეთი მდგომარეობა ყურადღებას მოითხოვს, აუცილებელია კვლევების ჩატარება რეალური მიზეზის დასადგენად.

კითხვა: საღამოობით ჭამის შემდეგ 15-20 წუთში ისევ მშივდება ისე, რომ თავს ძლივს ვიკავებ. დანაყრების შეგრძნება მხოლოდ დაახლოვებით 45 წუთის შემდეგ მიჩნდება. ხომ ვერ ამიხსნით – რატომ ასე გვიან?

პასუხი: ზოგადად, დანაყრების შეგრძნება ნელ-ნელა ვითარდება, ჭამიდან, დაახლოებით, 20 წუთში. ამიტომ რაც უფრო ნელა მიირთმევს ადამიანი საკვებს, მით უფრო მეტად ნაყრდება. გარდა ამისა, დანაყრების შეგრძნება საკვების ტიპზეც არის დამოკიდებული. ცილოვანი და რთული ნახშირწყლების შემცველი საკვები დიდხანს რჩება კუჭში და სიმაძღრის შეგრძნებას ახანგრძლივებს, ასევეა უჯრედისის შემცველი საკვები. მარტივი ნახშირწყლები კი სწრაფად იშლება და გლუკოზის დონე სისხლში მალევე იკლებს, შესაბამისად, შიმშილის გრძნობაც მალე ჩნდება.

კითხვა: გამიგია, რომ ყელში ტკბილი გემოს შაქრის მაღალი დონე იწვევს. შეიძლება, დაბალმა შაქარმაც გამოიწვიის?

პასუხი: პირში ტკბილი გემოს შესაძლო მიზეზებია: ქრონიკული გადაძღომა, მარტივი ნახშირწყლებისა და ცხიმიანი საკვების ჭარბად მოხმარება, ასევე, უნახშირწყლო დიეტა, სიგარეტზე თავის დანებება, სტრესი, შაქრიანი დიაბეტი, პანკრეატიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები (გასტროეზოფაგური რეფლუქსი); ყელში, პირში, ცხვირში ქრონიკული ინფექცია, ნევროლოგიური დარღვევები, ქიმიური მოწამვლა, ონკოპათოლგიები. თითოეულ ამ პათოლოგიას სხვა დამახასიათებელი თანმხლები ჩივილი აქვს, დიფერენცირებისთვის აუცილებელია ექიმ-თერაპევტთან ვიზიტი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი