მედიცინა

ექიმის რჩევები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.12, 2020 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

„თბილისელების“ კითხვებს ოჯახის ექიმი პასუხობს.

 

კითხვა: მეუღლეს კუდუსუნზე „ბეწვის ჩაბრუნება“ აქვს. ოპერაციის შემდეგ რა შემთხვევაში შეიძლება, განმეორდეს ჩაბრუნება, ქირურგზეა დამოკიდებული თუ ორგანიზმზე?

პასუხი: კუდუსუნის კისტის მკურნალობის რადიკალური მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით. ოპერაცია ზოგჯერ ორეტაპიანია. რეციდივის სიხშირე დაზიანების ხარისხსა და ცხადია, ოპერაციის ტექნიკაზეც არის დამოკიდებული. ამიტომ, რეკომენდებულია, პათოლოგიის გაღრმავებამდე ექიმს მიმართოთ.

კითხვა: ვარ 40 წლის ქალი. ბავშვობაში შორსმხედველი ვიყავი, მქონდა ასტიგმატიზმი (+0.75; +0.25). სათვალე აღარ დამჭირდა და მოვიხსენი. ახლა სამსახურში დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ვზივარ და შევამჩნიე, მარცხენა თვალით ბუნდოვნად ვხედავ, თითქოს რაღაც მეფარება. ექიმმა დამინიშნა მუდმივად სატარებელი სათვალე (-0.75; -0.25). ვიყიდე და ვხმარობ, მაგრამ თავს მტკენს და თითქოს, თვალებსაც. იქნებ მირჩიოთ, რა სჯობს – სათვალე ვიხმარო და ავიტანო თავის ტკივილი თუ აღარ გავიკეთო და ცალი თვალით დისკომფორტს შევეჩვიო?

პასუხი: სწორად შერჩეულმა სათვალემ არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი და მით უფრო, თავის ტკივილი. გირჩევთ, მიმართოთ ოფთალმოლოგს და გადაამოწმოთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული სათვალე.

კითხვა: 16 წლის ასაკში მივედი რადიოლოგთან, გადავიღე ზრდის ზონები და თითქმის დახურული იყო. ახლა ძილიც მოწესრიგებული მაქვს, კვებაც და ფიზიკური აქტივობაც. მაინტერესებს, რამდენად დიდია შანსი, რომ ზრდის ზონები 18 წლამდე ღია იყოს?

პასუხი: თუ რენტგენოლოგიურად დადასტურდა ზრდის ზონების დახურვა, მაშინ შანსზე აღარ არის საუბარი. ზოგადად, ბიჭებში სიმაღლეში ზრდის პროცესი 19-20 წლამდე გრძელდება.

კითხვა: ვარ 32 წლის. ქვედა ყბაზე, სულ უკან, რამდენიმე დღეა, ღრძილის ტკივილმა შემაწუხა. ზედაპირი თითქოს გაჭრილივითაც მაქვს. შეიძლება, ამ ასაკში სიბრძნის კბილი ამოდიოდეს? როგორ უნდა მოვიქცე ტკივილის შესამსუბუქებლად?

პასუხი: ფიზიოლოგიურად, ნორმის ფარგლებში, სიბრძნის კბილები 25 წლისთვის უკვე ამოსული უნდა იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული მათი გამოჩენა 38-40 წლის ასაკში, ზოგჯერ კი, შესაძლოა, საერთოდ არ ამოიჭრას. ტკივილის დასაცხრობად შეგიძლიათ გამაყუჩებელი პრეპარატი მიიღოთ, თუმცა უმჯობესია, თუ სტომატოლოგი ნახავს და ჩივილის რეალურ მიზეზს გაარკვეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი