მედიცინა

ექიმის რჩევები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.09, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, ლაქტაციის პერიოდში სოლარიუმში ან ბუნებრივად რუჯის მიღება თუ შეიძლება?

პასუხი: სოლარიუმი ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის დაუშვებელი სიამოვნებაა, რაც შეეხება ზღვის სანაპიროზე გარუჯვას, მნიშვნელოვანია ის, რომ ჭარბი ინსოლაცია და გარუჯვის წესების დარღვევა არც ლაქტაციის პერიოდში და არც მისი დასრულების შემდეგ, სამედიცინო თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის (დაიცავით ზომიერება. ერიდეთ პირდაპირი მზის სხივებს. გარუჯვა დასაშვებია დილით – 9-დან 10 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ, ისარგებლეთ მზის დამცავი კრემებით, მკერდი კი აუცილებლად დაფარული უნდა გქონდეთ.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად სასარგებლოა მინერალური წყალი? და რას იწვევს მისი გადაჭარბებული მიღება?

პასუხი: მინერალური წყლის მიღებას აქვს ჩვენებებიც და უკუჩვენებებიც, ანუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეკრძალებათ გარკვეული შედგენილობის მინერალური წყლის მიღება, ეს ეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონეთ. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, მას შეუძლია ყოველდღიურად მიიღოს გარკვეული რაოდენობის მინერალური წყალი და ამაში საზიანო არაფერია. უმჯობესია, თუ მინერალურ წყალს დროდადრო მიირთმევთ, მაგრამ სასმელი წყლის მთლიანად ჩანაცვლება არ არის სასურველი.

კითხვა: ინტერნეტში წავიკითხე, რომ მილების გადაკეტვა იწვევს საშვილოსნოს ან მკერდის კიბოს. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

პასუხი: მილების გადაკვანძვა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. მილების გადაკვანძვა არ იწვევს ჰორმონულ დარღვევებს და არ იზრდება სიმსივნური პათოლოგიის რისკი.

კითხვა: მაინტერესებს, რისთვის გამოიყენება კოენზიმ Q10? დაორსულების მხრივ ფოლიკულს გასკდომაში თუ დაეხმარება?

პასუხი: კოენზიმ Q10 არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალებისგან, ანუ იცავს მათ დაზიანებისგან და აუმჯობესებს ხარისხს. შესაბამისად, ზრდის დაორსულების შანსებს. მაგრამ უშუალოდ ფოლიკულის გასკდომაში ის არ მონაწილეობს, ამისთვის, როგორც წესი, ინიშნება დამატებითი მკურნალობა. კომპლექსური მკურნალობა კი ხელს უწყობს შედეგის მიღებას.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი