ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: მაინტერესებს ჭიპლარის ჭეშმარიტი კვანძის შემთხვევაში თუ არსებობს საკეისრო კვეთის ჩვენება?
პასუხი: დიახ, ჭიპლარის ჭეშმარიტი კვანძი შეიძლება, გახდეს საკეისრო კვეთის ჩვენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ულტრაბგერითი (დოპლერით) კვლევისას ვლინდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ზრდაში ჩამორჩენა ან მშობიარობის დროს გულისცემის გაუარესება (ნაყოფის დისტრესი). თუმცა, თუ კვანძი მოშვებულია, სისხლის ნაკადი ნორმალურია და ბავშვი თავს კარგად გრძნობს, ექიმებმა შესაძლოა, ბუნებრივი მშობიარობის მცდელობაც დაუშვან მუდმივი კარდიოტოკოგრაფიული (კტგ) მონიტორინგის ქვეშ. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ინდივიდუალურად იღებს მეან-გინეკოლოგი არსებული რისკების შეფასების საფუძველზე.
კითხვა: შეილება, ანაფილაქსიური მაშინვე არ განვითარდეს და რამდენიმე საათის მერე დაიწყოს?
პასუხი: ანაფილაქსია უმეტესად სწრაფად იწყება (წუთებიდან ერთ საათამდე), მაგრამ იშვიათად შეიძლება, მოგვიანებით, რამდენიმე საათის შემდეგაც გამოვლინდეს.
კითხვა: მაინტერესებს, ჩანს თუ არა ბიომიკროსკოპიაში ბადურის ნახეთქები ან ბადურის დაზიანება, თვალის წნევა, კატარაქტა, ანთება და ასე შემდეგ?
პასუხი: ბიომიკროსკოპიით ჩანს კატარაქტა, რქოვანასა და კონიუნქტივის ანთება, ირისისა და წინა კამერის ანთებითი ნიშნები. თვალის წნევა ბიომიკროსკოპიით არ იზომება, ამისთვის საჭიროა ტონომეტრია, თუმცა ზოგჯერ, სხვა ნიშნების მიხედვით, ირიბად, შეიძლება, ეჭვი გაჩნდეს გლაუკომაზე. ბადურის ნახეთქები და ბადურის დაზიანება უშუალოდ ბიომიკროსკოპიით არ ჩანს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის ტარდება სპეციალური ლინზით გაფართოებული გუგის ფონზე. ასეთ დროს ბადურის პერიფერიული დაზიანებების დანახვაც შესაძლებელია. ამიტომ ბიომიკროსკოპია დამოუკიდებლად ვერ ცვლის თვალის ფსკერის სრულ დათვალიერებას, მაგრამ სწორი ტექნიკითა და დამატებითი ლინზებით მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




