მედიცინა

ექიმის რჩევები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მირჩიეთ, რა ვუშველო უძილობას? ღამე ვერ ვიძინებ – საშინლად მექავება მთელი სხეული, არ მაქვს გამონაყარი. რა წამალი მივიღო, რომ მშვიდად დავიძინო?

პასუხი: ღამით გამონაყრის გარეშე ქავილის გაძლიერება ხშირად უკავშირდება კონტაქტურ გაღიზიანებას. ამიტომ, უპირველესად შეამოწმეთ, ხომ არ შეგიცვლიათ ბოლო დროს ჰიგიენური საშუალებები (საპონი, შხაპის გელი), სარეცხი ფხვნილი ან ხომ არ გაქვთ ახალი საბანი და თეთრეული, რამაც შეიძლება, კანის ფარული რეაქცია გამოიწვიოს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად და ჩასაძინებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ რომელიმე ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატი, რომელიც მოგიხსნით ქავილის შეგრძნებას, თუმცა, პარალელურად აუცილებელია ოთახის დატენიანება და გრილი შხაპის მიღება, რადგან სიმშრალე და სითბო ქავილს ამწვავებს.

კითხვა: პულმოვანს შეუძლია თუ არა ბრონქებისა და ფილტვების ანთების ჩაქრობა?

პასუხი: პულმოვანი მცენარეული წარმოშობის საკვები დანამატია, რომელიც ძირითადად, დამხმარე საშუალებად გამოიყენება სასუნთქი გზების ლორწოს გასათხელებლად და ამოსახველებლად, თუმცა მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ბრონქების ან ფილტვების მწვავე ანთების „ჩაქრობა“.

კითხვა: კისრის თიაქარი და კისრის ოსტეოქონდროზი ერთი და იგივეა?

პასუხი: არა, თუმცა ისინი მჭიდრო კავშირშია და ხშირად თიაქარი ოსტეოქონდროზის გართულებას წარმოადგენს. ოსტეოქონდროზი არის მალთაშუა დისკების ქრონიკული ცვეთის პროცესი, რომლის დროსაც დისკი კარგავს ტენიანობას, ელასტიკურობას და იწყებს სიმაღლეში დაკლებას. თიაქარი კი ის მდგომარეობაა, როდესაც დაზიანებული დისკის გარეთა გარსი სკდება და მისი შიგთავსი გარეთ გამოდის, რაც ხშირად იწვევს ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლას, ძლიერ ტკივილს, ხელების დაბუჟებას ან სისუსტეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი