მედიცინა

სმენის ცალმხრივი დაკარგვის მიზეზები და პროფილაქტიკა

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

სმენა
დაკოპირებულია

საკმაოდ ხშირად სმენის გაუარესებას არათანაბარი ხასიათი აქვს – ადამიანს სმენა უქვეითდება ერთ ყურში, მეორით კი ნორმალურად ესმის. ამასთან, ბგერების ახსნისას არსებით სხვაობას გრძნობს, რაც საკმაოდ ძლიერ დისკომფორტს უქმნის.

ცალ ყურში სმენის გაუარესებას თითქმის ყოველთვის კონდუქტიური ხასიათი აქვს და გამოწვეულია ანთებითი ან სხვა რომელიმე დამაზიანებელი ფაქტორის ცალმხრივი მოქმედებით. ასეთ დროს დამაზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდგომ, უმეტეს შემთხვევაში, სმენაც აღდგება, არსებობს სენსონევრალური ტიპის სმენის დაქვეითება, სადაც შესაძლოა სმენის ბოლომდე აღდგენა ვერც მოხერხდეს და მკურნალობის შედეგს პირდაპირ განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწრაფად მიმართავთ სპეციალისტს.

ძირითადი მიზეზები, რომლებიც ცალ ყურში სმენის დაკარგვას იწვევენ, ორ ძირითად ჯგუფად იყოფიან:

1. მიზეზები, რომლებიც ბგერის გამტარებლობას არღვევენ;

2. მიზეზები, რომლებიც ბგერის აღქმას აუარესებენ.

ბგერის გამტარებლობის დარღვევა უკავშირდება გარეთა და შუა ყურზე მოქმედ დამაზიანებელ ფაქტორებს. ესენია: გოგირდის საცობი; დაფის აპკის პერფორაცია – გახეთქვა; შუა ყურის ოტიტი; ტუბოტიტი - ყურის ტუბერკულოზური დაზიანება; ოტეოსკლეროზი; სიმსივნური პროცესები. ამ შემთხვევაში ბგერის გამტარებლობა წყდება რომელიმე მონაკვეთზე და ის აღარ ვრცელდება სმენით ანალიზატორამდე, ასეთ სმენის დაკარგვას კონდუქტიურს ვუწოდებთ და იგი მეტ-ნაკლებად უკეთესად ემორჩილება მკურნალობას.

მიზეზები, რომლებიც ბგერით აღქმას აზიანებს, უკავშირდება შიგნითა ყურის, სასმენი ნერვის ანდა თავის ტვინის სმენაზე პასუხისმგებელი უბნის დაზიანებას, რასაც იწვევს მემკვიდრეობა, მუდმივი ხმაური, გადატანილი ინფექციური დაავადებები, ოტოტოქსიკური პრეპარატების მიღება, ყურის ქრონიკული ანთება, ქალა-ტვინის ტრავმები, ინსულტები და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ტიპის დაზიანებანი, ცხოვრების წესი. ეს ნეიროსენსორული სმენის დაკარგვაა და დროული მიმართვით მისი კომპენსირება შესაძლებელია.

ცალმხრივი სმენის დაკარგვა ყველაზე ხშირად ოტიტს უკავშირდება, ეს ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც ბგერების აღქმა არსებითად ქვეითდება. ამას გარდა, პაციენტს აწუხებს ყურის ტკივილი, მომატებული აქვს სხეულის ტემპერატურა, შესაძლოა, თავიც სტკიოდეს. რამდენიმე ხნის შემდგომ შესაძლოა, ყურიდან ჩირქოვანი გამონადენიც გაჩნდეს. ცალმხრივი კონდუქტიური სმენის დაკარგვისას სპეციფიკურ სიმპტომებს ემატება ყურში გაჭედვის შეგრძნება და კატარული მოვლენები. დროული მკურნალობით სმენის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა მკურნალობის გარეშე ოტიტმა შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის, უპირველესად, აღსანიშნავია დაფის აპკის ანთებითი პროცესით დაზიანება და ინფექციის შიგნითა ყურში გადასვლა, რის შედეგადაც ის სტრუქტურული ელემენტები კვდებიან, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია. როდესაც სმენის ცალმხრივი დაკარგვის მიზეზი გოგირდოვანი საცობია, პრობლემა ადვილად გვარდება სპეციალური შპრიცის დახმარებით ყურის გამორეცხვით. იმ შემთხვევაში, თუ გამორეცხვის შემდგომ სმენა არ აღდგება და ამასთან, არც ანთებითი პროცესია თვალშისაცემი, სპეციალისტი დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავს.

ზოგჯერ ადამიანი თავად იზიანებს სმენას, როდესაც ბამბის ყურსაწმენდი ჩხირით ან ბასრი საგნით იწმენდს ყურს და იზიანებს დაფის აპკს.

დაფის აპკის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ფიზიკური ტრავმებითაც. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხრიდან ძლიერი აკუსტიკური დატვირთვის გამო ბგერა დიდი წნევით მოქმედებს დაფის აპკზე და მას აზიანებს.

ცალმხრივი კონდუქტიური სმენის დარღვევის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ოტოსკლეროზი, რომლის დროსაც ირღვევა ყურში სასმენი ძვლების ფუნქციები. მდგომარეობა ქირურგიულად გვარდება.

* დაიცავით სმენის ორგანო მაღალი ბგერებისგან – იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საქმიანობა აკუსტიკურ დატვირთვებს ითვალისწინებს, გამოიყენეთ სპეციალური ინდივიდუალური თუ პროფესიული გარემოს მაღალი ხმაურისგან დამცავი საშუალებები;

* ჩაიტარეთ ვაქცინაცია – ყური განსაკუთრებით დაუცველია ისეთი ინფექციური დაავადებებისგან, როგორებიცაა გრიპი, მენინგიტი, ყბაყურა.

* რეგულარულად განახორციელეთ სასმენი არხების ჰიგიენა.

* აკონტროლეთ და გონივრულად მართეთ ქრონიკული სისტემური პათოლოგიები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია და სხვა.

* ნუ გამოიყენებთ ყურის საწმენდად მწვავე და ბასრპირიან საწმენდებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი