რა უნდა ვიცოდეთ ნეფროზულ სინდრომზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
დილის საათებში თვალების ირგვლივ გამოხატული შეშუპება, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ კი – ქვედა კიდურებში, შესაძლოა, შარდთან ერთად დიდი რაოდენობით ცილის გამოყოფის შედეგი იყოს და თირკმელების მუშაობის დარღვევაზე მიანიშნებდეს. ამ და სხვა სიმპტომების ერთობლიობაა ნეფროზული სინდრომი. ის შესაძლოა, განვითარდეს როგორც თავად თირკმელების დაავადების, ისე ნებისმიერი სხვა ისეთი დარღვევის ფონზე, რომელიც თირკმლის ფილტრაციულ ერთეულებს აზიანებს და ცილის გაჟონვას იწვევს.
ნეფროზული სინდრომი ნებისმიერ ასაკში გვხვდება, თუმცა, ზრდასრულობამდე, უმეტესად, 1,5-დან 4 წლამდე ასაკის ბიჭებთან აღირიცხება, ხოლო ზრდასრულ ასაკში – შუა ხანს გადაცილებულ პირებთან, განურჩევლად სქესისა.
ნეფროზული სინდრომის ადრეული სიმპტომებია მადის დაქვეითება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, ქაფიანი შარდი. მუცლის ღრუში ჭარბი სითხის დაგროვების გამო იზრდება მუცლის გარშემოწერილობა. ამ მდგომარეობას ასციტს უწოდებენ. ზოგჯერ სითხე გროვდება ფილტვის ირგვლივ ქსოვილშიც (პლევრაში) და ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. მოსალოდნელია კუნთების განლევაც, რომელიც შეშუპების გამო ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ბავშვებთან ხშირია ორთოსტაზული (ორთოსტატიკური) ჰიპოტენზია – არტერიული წნევის დაქვეითება მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას. ზრდასრულ პაციენტებს არტერიული წნევა შეიძლება, ჰქონდეთ დაბალი, მაღალი ან ნორმალური. სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვა ამცირებს სისხლში სითხის წილს და თირკმელების სისხლით მომარაგება იკლებს, რაც თირკმლის უკმარისობის განვითარებას უწყობს ხელს. ზოგჯერ ის ვითარდება მწვავედ, შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირებით. ნეფროზული სინდრომი შესაძლოა, გართულდეს სისხლში თრომბების გაჩენით, არტერიული ჰიპერტენზიით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, ინფექციებით, რადგან სისხლში იკლებს ვირუსებსა და ბაქტერიებთან მებრძოლი ცილების, იმუნოგლობულინების, რაოდენობა.
მკურნალობამ შესაძლოა, თირკმლის ფუნქცია ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნოს და ნეფროზული სინდრომი განკურნოს. არის დროებითი რემისიის შემთხვევებიც, რომელსაც სიმპტომების ხელახალი განვითარების პერიოდი მოჰყვება. ზოგჯერ ნეფროზული სინდრომი თირკმლის უკმარისობით რთულდება. არ არსებობს ეფექტური დიეტა ნეფროზული სინდრომის პრევენციისთვის, თუმცა დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტებს, მარილთან ერთად, ცხიმისა და ცილის შეზღუდვასაც ურჩევენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





