ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.04

კითხვა: ვიღებ სოლგარის რკინას და მთელი დღის განმავლობაში ვგრძნობ რკინის გემოს. ეს ნორმალურია?
პასუხი: ზოგადად, რკინის გემო ანემიას ახასიათებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ რკინის ნაკლებობა არ გაქვთ, რკინის პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
კითხვა: თვალის არეში ცხიმგროვის მოშორება სახლის პირობებში თუ არის შესაძლებელია?
პასუხი: არ არის რეკომენდებული. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ კვალიფიციურ დერმატო-კოსმეტოლოგს.
კითხვა: ყოველი ჭამის მერე და ასევე, ყოველი მოწევის მერე კუჭში გასვლის მოთხოვნილების გრძნობა, კუჭში გასვლა რისი ნიშანია?
პასუხი: გარდა გახშირებული დეფეკაციისა შეფასებისთვის მნიშვნელობა აქვს განავლის კონსისტენციას, მოცულობას, ფერს, მასში სისხლისა, ლორწოს მინარევის არსებობას... თანმხლებ ჩივილებს, მაგალითად, მუცლის ტკივილს და საერთოდ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას. გირჩევთ, დიაგნოსტიკისთვის გასტროენტეროლოგს მიმართოთ.
კითხვა: რის ბრალია შარდში ოქსალატებისა და ანიტრატების უხვი რაოდენობა?
პასუხი: შარდის საერთო ანალიზში მარილების (ურატების, ოქსალატების) ჭარბი შემცველობა კონკრეტულ დაავადებაზე იშვიათად მიუთითებს. როცა ორგანიზმი საკვების მეშვეობით კალციუმსა და მაგნიუმს არასაკმარისად, ნატრიუმს კი ჭარბად იღებს, შარდში მატულობს ოქსალატები (მჟაუნმჟავა მარილები). ურატების წარმოქმნა აღინიშნება შარდმჟავას ცვლის მოშლის დროს, იმ დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ საკუთარი ცილების დაშლით, ასევე, პურინებით მდიდარი საკვების ჭარბი მიღებისას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან