ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.02

კითხვა: არცერთი მიზეზი, რაც საყლაპავის სფინქტერის მოტორიკის პრობლემას იწვევს, არ მაქვს: არც ჭარბწონიანი ვარ, არც ბევრს ვჭამ, არც თამბაქოს ვეწევი, არც შემწვარ-მოხრაკულს ვიღებ... მაშინ რატომ არ იხურება კარგად და ამოდის მჟავა?
პასუხი: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქციას იწვევს სხვადასხვა მიზეზით საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევა, კუნთოვანი შრის დაზიანება, ინერვაციის დეფექტი...
კითხვა: რამდენად გამართლებულია და უსაფრთხო მაცივარში პურის შენახვა?
პასუხი: ზოგადად, თუ პურს მაცივარში ინახავთ, ჯობს, შეინახოთ საყინულეში. გალღობის შემდეგ პური აღიდგენს ახლის თვისებებს.
კითხვა: აღმომაჩდა დიფუზური ფიბროზული მასტოპათია. ამ შემთხვევაში თუ შეიძლება ჯესის მიღება?
პასუხი: აღნიშნული დიაგნოზი არ წარმოადგენს უკუჩვენებას ჯესის მიღებისთვის.
კითხვა: მაინტერესებს, როცა სისხლის ანალიზი კარგია, მათ შორის, თრომბოციტებიც ნორმალურია, საჭიროა თუ არა D-დიმერის გაკეთება?
პასუხი: თრომბოზის განვითარების რისკის შესაფასებლად, პირველ რიგში, კეთდება კოაგულოგრამა, შემდეგ შედეგებისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირადი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა D-დიმერის განსაზღვრა.
კითხვა: ყურის ბიბილოზე, შიგნით მაქვს ბურთივით სიმაგრე, რომელსაც თავი აქვს გაკეთებული, ცოტა შეწითლებულია და შეშუპებულიც. რა შეიძლება, იყოს.?
პასუხი: მიზეზი შეიძლება, იყოს ათერომა, ალერგია სამკაულზე, პირსინგით ან სხვა მიზეზით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი პროცესი... უნდა ეჩვენოთ ქირურგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან