ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.02
კითხვა: რამდენი ხანი შეიძლება ქსარელტოს მიღება?
პასუხი: ქსარელტო ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, ჩვენებით და გამოკვლევების საფუძველზე, ანუ პრეპარტის მიღების აუცილებლობას, დოზას და მიღების ხანგრძლიობას განსაზღვრავს ექიმი. ქსარელტო არის ანტითრომბოზული, შედედების საწინააღმდეგო საშუალება. ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება დაუშვებელია!
კითხვა: არც გაციებული ვარ და არც ცუდად ვარ, მაგრამ როდესაც ვიცინი, ხველა მეწყება და რატომ – ვერ გავიგე.
პასუხი: კვლევის საწყის ეტაპზე მიმართეთ ლარინგოლოგს ტრაქეიტის დიაგნოსტიკისთვის. თუ ამ მხრივ პათოლოგია არ გამოვლინდა, მაშინ ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ალერგოლოგის ან პულმონოლოგის კონსულტაცია, აუცილებლობის შემთხვევაში – კარდიოლოგთან ვიზიტიც.
კითხვა: 16 წლის ბიჭისთვის ჰემოგლობინი 120 (130-174) და ერითროციტები 4,1(4,5-5,5) დაბალი მაჩვენებელია? სხვა მონაცემები ნორმაშია.
პასუხი: დიახ, ჰემოგლობინის მაჩვენებელი ქვედა ზღვართან არის, ერითროციტები ამ ასაკის ბიჭისთვის ოდნავ დაბალია. მოუწესრიგეთ კვება – მიირთვას მეტი წითელი ხორცი, ღვიძლი, თხილეული, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული. გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად შეამოწმეთ სისხლის ანალიზი დინამიკაში. თუ ეს მაჩვენებლები არ მოიმატებს ან პირიქით – დაიკლებს, მაშინ უნდა შემოწმდეს სისხლში რკინის, B 12-ის, ფოლიუმის მჟავას შემცველობა.
კითხვა: დაახლოებით, 6 წლის განმავლობაში ვიღებდი ჯესის და მაისიდან შევწყვიტე დალევა, შესაძლებელია თუ არა, 6 თვე დავლიო და 6 შევისვენო?
პასუხი: ჯესის მიღება შესაძლებელია 6 თვით და მეტი ხანგრძლივობითაც, უბრალოდ, საჭიროა პერიოდულად პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება: ექომამოლოგია, კოაგულოგრამა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, გაკეთდეს შესვენებებიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან