ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.01
კითხვა: მაინტერესებს, ნევროზი თუ იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, საერთო სისუსტეს, გაბრუების შეგრძნებას და მეხსიერების პრობლემებს?
პასუხი: დიახ, ნევროზი მრავალფეროვანი სიმპტომებით ვლინდება, თქვენ მიერ ჩამოთვლილი შეგრძნებები ტიპური და წამყვანი ჩივილია ნევროზის დროს.
კითხვა: მაინტერესებს, შიდსზე ჩატარებულ ანალიზში თუ გამოჩნდება სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ან პირიქით?
პასუხი: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკური პროფილი მოიცავს 8 ლაბორატორიულ კვლევას, რომელშიც შედის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ანტისხეულების გამოკვლევაც.
კითხვა: პროფილაქტიკის მიზნით, ხშირად ვსვამ გვირილის ჩაის. მაინტერესებს, როდის არის უფრო ეფექტური ამ ჩაის მიღება?
პასუხი: შეიძლება, დღეში 200 მილილიტრი გვირილის ჩაის მიღება, ძილის წინ ან ჭამიდან 40-60 წუთის შემდეგ, მაგრამ არა უწყვეტად, კურსობრივად. მაგალითად 3 კვირა და ერთი-ორი კვირა შესვენება. მაგრამ თუ ამ სამი კვირის პერიოდშიც რაიმე დისკომფორტს (დაღლილობა, ძილიანობა, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ალერგია...) იგრძნობთ, მიღება უნდა შეწყვიტოთ.
კითხვა: გადავიღე კარდიოგრამა და მასზე ასე წერია. მარცხენა ღერძის მძიმე გადახრა, ST დეპრესია, ქვედა მიოკარდიუმის იშემია; I II aVR პათოლოგიური T ტალღა. რას ნიშნავს?
პასუხი: დასკვნაში მითითებულია მიოკარდიუმის იშემია, რაც ნიშნავს, რომ სისხლის მიწოდება გულის შესაბამის უბანში შეფერხებულია სისხლძარღვის ნაწილობრივი ან სრული დაცობის გამო. არ გადადოთ კარდიოლოგთან ვიზიტი, საჭირო იქნება დამატებითი კვლევების ჩატარება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან