ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.11
კითხვა: ღამით, როცა გავიღვიძებ, თავის არეში უცნაური ხმებია. რის გამო შეიძლება, მქონდეს და ვის მივმართო ასეთ შემთხვევაში?
პასუხი: თანმიმდევრული გამოკვლევების დასაგეგმად ნევროლოგს უნდა მიმართოთ, შესაძლოა, საჭირო იყოს ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციაც. მიზეზი შესაძლოა, იყოს მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (გაიკონტროლეთ), ანემია, ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგია, თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგია, ყურის დაავადებები და ასე შემდეგ.
კითხვა: ბრტყელტერფიანობა გენეტიკურია? რამდენად არის შანსი, შვილს ჰქონდეს? აქვს მამაკაცს.
პასუხი: დეფორმაციის გადაცემის მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა არსებობს, მაგრამ როცა ასეთი რისკ-ფაქტორია, ადრეული ასაკიდანვე იწყება ზრუნვა, რომ პათოლოგია არ ჩამოყალიბდეს.
კითხვა: სტრიდორი ბავშვებში არის თუ არა ცრუ კრუპის განვითარების რისკ-ფაქტორი?
პასუხი: არ არის რისკ-ფაქტორი, ანუ სტრიდორი არ არის წინაპირობა იმისა, რომ ყველა შემთხვევაში ცრუ კრუპი განვითარდება. თუმცა, ცრუ კრუპის განვითარების შემთხვევაში., სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ყველა დედას უნდა შეეძლოს პირველი დახმარების აღმოჩენა.
კითხვა: როგორ შეიძლება, ვუმკურნალოთ რეინოს სინდრომს, არსებობს თუ არა განკურნების შანსი?
პასუხი: რეინოს დაავადების შემთხვევათა ნახევარში პროცესი უკუვითარდება და რამდენიმე წელიწადში დაავადების ნიშნები სრულიად ქრება. მედიკამენტური თერაპია რეინოს დაავადების დროს წლობით გრძელდება. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება სიმპათექტომია. მკურნალობისთვის ანგიოლოგს უნდა მიმართოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან