ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.08
კითხვა: მესამე თვეა, ვიღებ ესრამს, დღეში ერთ აბს. მაინტერესებს, შემიძლია თუ არა 1 ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევა?
პასუხი: ესრამის ალკოჰოლთან კომბინაცია სასურველი არ არის.
კითხვა: უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს და შემდეგ თვითონ გაივლის. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: გაესინჯეთ ქირურგს, მიზეზი შესაძლოა თეთრი ხაზის თიაქარია.
კითხვა: ორსულობამდე რამდენი თვით ადრეა დაშვებული ანტიპარაზიტული მედიკამენტების გამოყენება?
პასუხი: ზოგადად, მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება დაგეგმოთ ორსულობა. თუმცა, მიღებული კონკრეტული მედიკამენტიდან გამომდინარე, ეს საკითხი დააზუსტეთ ექიმთან, ვინც ანტიპარაზიტულ მკურნალობას დაგინიშნავთ.
კითხვა: ვარ 22 წლის გოგო. მაქვს ჰირსუტიზმი. მომატებული მაქვს DHEA-S 475 და თავისუფალი ტესტოსტერონი 3.25. სხვა ყველაფერი ნორმაშია. მათ შორის არ აღმენიშნება პოლიკისტოზი. ციკლი მოწესრიგებულია. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რამდენიმეთვიან მედიკამენტურ მკურნალობას თუ აქვს აზრი, რომ ჰირსუტიზმისგან სამუდამოდ განვიკურნო? თუ სრულებით განკურნება არ მოხდება და მუდმივად პრეპარატი უნდა მივიღო?
პასუხი: ზოგადად, ჰირსუტიზმის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. თუ ნამდვილად გამორიცხულია პოლიკისტოზი, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რამდენიმეთვიანი მკურნალობის ფონზე პრობლემა ალაგდეს.
კითხვა: მაქვს თავბრუ და კეფაში სისხლძარღვის ტკივილი. როგორ მოვიქცე, ვის მივმართო ან რა წამალი უნდა მივიღო?
პასუხი: მკურნალობა დიაგნოზის გარეშე ვერ დაინიშნება, დიაგნოსტიკისთვის ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ; მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლძარღვოვანი პათოლოგია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან