ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.08, 2024 წელი
კითხვა: მეორედ დამემართა ასეთი რამ – კუჭთან ვიგრძნი ძალიან ძლიერი ზეწოლა და ტკივილი, რომელიც ზურგსა და გულმკერდში გადავიდა და მალევე გამიარა. ორივეჯერ იბუპროფენი დავლიე და ალბათ, ამის გამო გამიარა ან, უბრალოდ, დამთხვევაა, არ ვიცი. სანამ ექიმთან მივალ, გთხოვთ, მიპასუხოთ – რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: კუჭის ტკივილის დროს იბუპროფენი არ უნდა მიიღოთ, რადგან იბუპროფენის მოქმედების ძირითადი გვერდითი ეფექტი სწორედ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე დამაზიანებელი მოქმედებაა. ტკივილის მიზეზის დასადგენად აუცილებლად მიმართეთ, პირველ რიგში, გასტროენეტროლოგს. ასეთი ტკივილი საყურადღებოა, რადგან ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილი ყოველთვის არ უკავშირდება კუჭს, ამიტომ დროულად უნდა გამოვლინდეს ჩივილის რეალური მიზეზი.
კითხვა: ვარ 22 წლის. მარცხენა თვალზე მცირედი ასტიგმატიზმი (+0.5) აღმომაჩნდა. ადრე ორივე თვალიდან 100%-იანი მხედველობა მქონდა. მაინტერესებს, შეიძლება, ეს სტრესსა და ნერვიულობას გამოეწვია? ასევე, თვე-ნახევარია, დღეში 8 საათის განმავლობაში კომპიუტერთან მიწევს მუშაობა. თუა შესაძლებელი, რომ გაიაროს ან როგორ შევუწყო ხელი, რომ არ გამიუარესდეს?
პასუხი: ასტიგმატიზმი შეიძლება, თანდაყოლილიც იყოს და შეძენილიც. შეძენილი ასტიგმატიზმი ხშირად ყალიბდება რქოვანაზე უხეში ცვლილებების შედეგად – ტრავმების, რქოვანის სხვადასხვა დაავადების, თვალზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ. ასტიგმატიზმის გამოსწორება შესაძლებელია სათვალის, კონტაქტური ლინზებისა და ლაზერული კორექციის საშუალებით. ინდივიდუალური რჩევების მისაღებად ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: მშობიარობის შემდეგ ღია ფერის განავალი ნორმაა?
პასუხი: ღია ფერის განავალი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კვებასთან, მაგრამ ასევე, რაიმე პრობლემასთან. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია განავლის ანალიზის გაკეთება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან