ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.07
კითხვა: ბოლო რამდენიმე თვეა, სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მძიმე ფიზიკური შრომა მიწევს, თუმცა, 2 წლის განმავლობაში ასე არასდროს ვყოფილვარ. რას მირჩევთ და ასევე, რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.
პასუხი: გაიკონტროლეთ არტერიული წნევა, მოიწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი, მენიუში ჩართეთ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით მიიღეთ წყალი და აუცილებლად მოახერხეთ დასვენება. თუ ეს რჩევები არასაკმარისი იქნება, მაშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.
კითხვა: სიმთვრალის დროს მალე გამოსაფხიზლებლად დაძინების გარდა რამე საშუალება თუ არის და რა?
პასუხი: ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესის დასაჩქარებლად აუცილებელია სითხის მიღება. ამ მიზნით რეკომენდებულია მინერალური წყალი, სუსტი მწვანე ჩაი, გვირილის ჩაი თაფლით.
კითხვა: 40 წლის შემდეგ შეიძლება თუ არა ჯანმრთელმა ადამიანმა პროფილაქტიკისთვის მიიღოს კარდიომაგნილი? იქნებ მითხრათ, რა სიხშირით და რა დოზით?
პასუხი: კარდიომაგნილი შედგება ასპირინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდისგან, ანუ არის ანტიაგრეგანტი, ამიტომ ინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი ანალიზით გამოვლინდა თრომობოციტების მომატებული აგრეგაცია. პრეპარატს აქვს როგორც ჩვენება, ისე უკუჩვენება და გვერდითი მოქმედება. ასე რომ, მისი მიღება საჭიროების გარეშე და თვითნებურად დაუშვებელია.
კითხვა: მაინტერესებს, ურეაპლაზმის დროს ორსულობა დგება?
პასუხი: ურეაპლაზმა არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის დაორსულებას და ამიტომ საჭიროა მკურნალობა. ის იწვევს ქალისა და მამაკაცის უნაყოფობას როგორც პირველადს, ასევე მეორადს. არ არის გამორიცხული, რომ ქალი არანამკურნალებ შემთხვევაშიც დაორსულდეს, მაგრამ ინფექციამ ორსულობის პატარა ვადაზე გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონის ნაყოფი... საჭიროა მკურნალობა წყვილმა ერთდროულად ჩაიტაროს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან