ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.07
კითხვა: ვარ 36 წლის. მუხლები პირველად ორსულობის დროს ამტკივდა და ვიმკურნალე. 5 წელი გავიდა და ახლა ისევ დამეწყო საშინელი ტკივილი. ჩავიტარე გამოკვლევები, დამიდგინდა ოსტეოართროზი – მუხლში წანაზარდები. დამინიშნეს ინიექცია და ვიკეთებდი ნემსებს. იმ პერიოდში ისეთი გაუსაძლისი ტკივილები აღარ მქონდა. ახლა, თითქმის 1 თვეა, ვიღებ დიაფლექსს და ნერმოფლექსს, მაგრამ ტკივილები ისევ მომემატა და მუდმივად ვსვამ გამაყუჩებლებს. უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ვის მივმართო. არის რაიმე გამოსავალი?
პასუხი: ოსტეოართროზი არის დისტროფიული პროცესი, რაც გამოიხატება სასახსრე ხრტილის დეგენერაციაში, იცვლება ძვლების სასახსრე ზედაპირები, ვითარდება ოსტეოფიტები, ძვლოვანი წანაზარდები, სახსარი დეფორმირდება და მოძრაობა იზღუდება. ამ დროს დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, ბლოკადები და ინიექციები მუხლის სახსარში. პათოლოგია განკურნებადი არ არის, მაგრამ პროცესის მართვა შესაძლებელია, ესეც დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. მკურნალობისთვის უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
კითხვა: ქვედა ყბაზე ყველა კბილი ნარკოზით ამომიღეს. შეიძლება, ამ დროს კალიუმი დაკარგულიყო? ანუ ოპერაცია იწვევს კალიუმის დაკარგვას?
პასუხი: კალიუმის ნაკლებობა ანესთეზიას არ უკავშირდება.
კითხვა: მტკიოდა ყური და ყბა. მკურნალობის შემდეგ ტკივილი მარჯვენა მხარეს გადამივიდა და მთლიანი მხარისა და იღლიის ტკივილი დამეწყო. რა შეიძლება, იყოს და ვის მივმართო?
პასუხი: შესაძლოა ინფექციური პროცესის გამო იღლიის ლიმფური ჯირკვალია გადიდებული, ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ინფექციის კერა. გასინჯვისა და კვლევების გარეშე დიაგნოსტიკა შეუძლებელია, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
კითხვა: მინდა, სახლში დუსტი გამოვიყენო და რამდენად უსაფრთხოა, როცა ოჯახში ბავშვებიც არიან და სუსტი ჯანმრთელობის ადამიანიც?
პასუხი: გირჩევთ, დუსტი არ გამოიყენოთ, საშიში ნივთიერებაა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან