მედიცინა

D ვიტამინის დეფიციტი და COVID 19

№53

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.01, 2021 წელი

ნათია ვაშაყმაძე
დაკოპირებულია

D ვიტამინი აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია ჩვენი ორგანიზმისთვის. უფრო მეტიც, დღეს, თანამედროვე მედიცინა მას სტეროიდულ ჰორმონად განიხილავს და სამედიცინო ლიტერატურაში D ჰორმონის სახელწოდებითაც შეხვდებით. ჩვენს ორგანიზმში, პრაქტიკულად, ყველა ორგანო და უჯრედი შეიცავს D ვიტამინის რეცეპტორს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ D ვიტამინი გავლენას ახდენს ჩვენი უჯრედებისა და ორგანოების უმეტესობაზე.

D ვიტამინი ძლიერი იმუნომოდულატორია. დღეს, COVID 19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს, იმუნური სისტემის დაცვასა და გაძლიერებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. ღიად უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ერთი რომელიმე ნივთიერება, რომლის მიღებითაც თავიდან ავირიდებდით კორონავირუსით ინფიცირებას და/ან ავადობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ნივთიერებებით უნდა მოვამარაგოთ ორგანიზმი, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში იმუნურმა სისტემამ გამართულად და უხარვეზოდ იმუშაოს.

იმუნური სისტემის მთავარი გამაჯანსაღებელი გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავს შემდეგს: ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება, რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და გარკვეული ვიტამინები და მინერალები.
ვიტამინებს რაც შეეხება, მათი უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი მრავალფეროვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს.

D ვიტამინს ცოტა საკვები შეიცავს, ასეთია, ძირითადად, ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხის გული და კაკაო. საზღვარგარეთ, ევროპასა და ამერიკაში, უამრავი საკვები პროდუქტია გამდიდრებული D ვიტამინით, მაგალითად, ხილის წვენებს, რძეს, მარცვლეულს ხელოვნურად აქვს დამატებული. საქართველოში, ამ მხრივ, მდგომარეობა სრულიად სხვაგვარია. ჩვენს ბაზარზე D ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები, პრაქტიკულად, არ არის. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი B სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. თუმცა, სეზონიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში, D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით რთულია. ამჟამად, სწორედ, ზამთარი დაიწყო, გარდა მზის ნაკლებობისა, ჩვენი კანი თითქმის სრულად არის დაფარული სამოსით და კანს მზესთან შეხება ნაკლებად აქვს. გარდა ამისა, ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა, მოსახლეობა დარჩეს შინ, ნაკლებად გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელისშემწყობ პირობას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი, ამ მხრივ, ერთ-ერთი ჩემპიონია. იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა, D ვიტამინს გარკვეული პოტენციალი აქვს, დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც შეიძლება, გადამწყვეტი როლი ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.
კოვიდ 19-ით სიკვდილობა მაღალია ასაკოვნებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსი ადვილად ერევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმს. D ვიტამინის დანამატებს შესაძლოა, ჰქონდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც D ვიტამინის დეფიციტი აქვთ.

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ არის გარკვეული ურთიერთკავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და კორონავირუსს შორის. ერთ-ერთი უახლესი Meltzer DO, et al.-ის კვლევით, რომელშიც ჩართული იყო 489 პირი ნახეს, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე ინდივიდებში უფრო ხშირი იყო COVID დადებითი ტესტის პასუხი, ვიდრე ნორმალური D ვიტამინის მქონე ინდივიდებში.

Carpagnano GE, et al.-ის კვლევაში გამოვლინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებული იყო სუნთქვის უკმარისობისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში. ამ პირებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო სიკვდილის რისკი. ერთ-ერთი პატარა რანდომიზებული Castillo ME, et al.-ის კვლევის მიხედვით, რომელშიც ჩართული იყო 50 ჰოსპიტალიზებული პაციენტი, პაციენტთა ნაწილს მიეცა D ვიტამინი (კალციფედიოლი) მაღალი დოზით, ხოლო ნაწილს კი უმკურნალეს მსგავსი სქემით D ვიტამინის დანამატების გარეშე. D ვიტამინით ნამკურნალებ ჯგუფში მხოლოდ 1 პაციენტს დასჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, განსხვავებით მეორე ჯგუფისგან, რომელთა მკურნალობაშიც არ იყო ჩართული D ვიტამინი. ამ ჯგუფში 26 პაციენტიდან 13-ს დასჭირდა რეანიმაციაში მკურნალობა.
D ვიტამინი ასტიმულირებს ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი ანტიბიოტიკების – კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას, მეორეს მხრივ კი, ამცირებს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობას და ზრდის მარეგულირებელი ლიმფოციტების (Treg) რაოდენობას. D ვიტამინის დეფიციტის ფონზე იმუნურ სისტემას შესაძლოა, ჰქონდეს გადაჭარბებული პასუხი შემოჭრილ ინფექციურ აგენტზე და საკუთარი ქსოვილი მეტად დააზიანოს, ვიდრე შემოჭრილი პათოგენი. სწორედ, ასეთი რამ ხდება კოვიდ ინფექციის დროს, როცა ვითარდება ციტოკინური შტორმი. კორონავირუსის მძიმე შემთხვევებში, ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით იმუნური სისტემის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – ციტოკინებს, რომლებიც იდეაში, ებრძვიან ვირუსს, თუმცა რეალურად აზიანებენ საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებს ისე, რომ სწორედ ეს არის სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

ასევე, ძალიან საინტერესო ახალი მონაცემები ხდება ცნობილი D ვიტამინის გავლენის შესახებ სისხლის შემადედებელ სისტემაზე. კოვიდ ინფექციის ერთ-ერთი ხშირი და სერიოზული გართულებაა თრომბოზები, აქაც ნანახია D ვიტამინის დადებითი ეფექტი კოაგულაციურ კასკადზე და თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარზე. Blondon et al.-ის, Khademvatani et al.-ისა და Wen-Xiu Wu et al.-ის ჩატარებული კვლევებით არის მონაცემები D ვიტამინის დეფიციტის ფონზე თრომბოზების, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიების განვითარების გაზრდილ სიხშირეზე.

ამჟამად ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით დანამდვილებით, აქვს თუ არა D ვიტამინის დეფიციტს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილობასთან, თუმცა დანამდვილებით ვიცით იმ მყარი ასოციაციის შესახებ, რაც ინახა და განმეორდა არაერთ კვლევაში. ამდენად, სანამ მიმდინარე და მომავალი რანდომიზებული კვლევები პასუხს გასცემს შეკითხვას, ეს ასოციაცია მიზეზ-შედეგობრივია თუ არა, რეკომენდებულია D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობით მიღება.

D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე, თუმცა, რამდენადაც დღეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა დარჩით სახლში და ნაკლები დრო გაატარეთ გარეთ, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება საკვები დანამატების მეშვეობით. 2020 წლის ივლისში ექვსმა ასოციაციამ გამოსცა ერთობლივი განაცხადი, სადაც საუბარია პანდემიის პირობებში D ვიტამინის დანამატების მიღების აუცილებლობაზე, თუკი პირი ვერ ახერხებს ყოველდღიურად 15-30 წუთის განმავლობაში მზის აბაზანების მიღებას. ამ ერთობლივ განაცხადში საუბარია, რომ D ვიტამინის დანამატები ხელმისაწვდომი, იაფი და უსაფრთხოა მათი გონივრული დოზით გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნულ განაცხადს ხელს აწერს ისეთი სახელგანთქმული ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოება (Endocrine Society), ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (AACE), ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი (IOF) და ასე შემდეგ.

ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები, თუ რა არის ის ოპტიმალური და უსაფრთხო დოზა და რეჟიმი, რომ დაკმაყოფილდეს D ვიტამინის დღიური მოთხოვნილება და არ მოხდეს გადაჭარბებული დოზირება. კვლევის შედეგები ხშირად არაერთგვაროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, რაც გამოწვეულია კვლევაში ჩართული სხვადასხვა პოპულაციით, სხვადასხვა რეჟიმითა და კვლევაში მონაწილე პირთა სხვადასხვა დამყოლობით. ამ ჰეტეროგენულობის მიუხედავად, შეიძლება, გამოვიტანოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 400-800 სე – ბავშვებში და 2 000 სე – ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე. 2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია, ის მიიღოთ ყოველდღიურად. საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინი ერთბაშად დიდი დოზით გამოიყენებოდა, მაგალითად, ბოლუსური დოზა თვეში ერთხელ – არ გამოდგა ეფექტიანი რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით. 3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ მისი როლი შედარებით მოკრძალებულია. 4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 400-800 სე ბავშვებში და 2 000 სე მოზრდილებში, არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები, რომლებიც მერყეობს 5 000 სე-დან 10,000 სე-მდე დღეში. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტის გათვალისწინებით.

დოზირების მოსახერხებელ და სრულ სპექტრს გვთავაზობს გერმანული კომპანიის ველტფარმას მაღალი ხარისხის D ვიტამინი დეტრივიტი, რომელსაც აქვს როგორც კარგი საპროფილაქტიკო დოზა 2 000 სე, ისე სამკურნალო დოზები ზრდასრულებისთვის: დეტრივიტი ფორტე 5 000 სე და დეტრივიტი მაქსი 10,000 სე. რეკომენდებულია, მოსახლეობამ, თუკი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრის გარეშე გეგმავს, მიიღოს პროფილაქტიკური დოზები, ბავშვებთან არ გამოიყენონ 800 სე-ზე მეტი დღიურად, ხოლო ზრდასრულებმა არ გადააჭარბონ 2 000 სე/დღეში. ამ დოზით D ვიტამინის მიღება უსაფრთხოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ხოლო D ვიტამინის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია, პაციენტი დაუკავშირდეს მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელიც მას სამკურნალო დოზასა და ხანგრძლივობას ინდივიდუალურად შეურჩევს.

სტატიის ავტორი: საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, კლინიკა „ჰელსიკორის“ ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი