ბროწეული თქვენი იმუნიტეტისთვის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
იმუნიტეტის ასამაღლებლად და ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით მოსამარაგებლად ბროწეული ერთ-ერთი საუკეთესო ხილია. გარდა იმისა, რომ გარეგნულად საოცრად მიმზიდველია, ჯანმრთელობისთვის აუცილებელ არაერთ საკვებ ნივთიერებასაც შეიცავს.
ბროწეული 15-მდე სახეობის ამინომჟავას შეიცავს, რომელთაგან 5 სრულიად შეუცვლელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ამას გარდა, ეს ხილი მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალიუმი და ფოსფორი.
ყველა სიკეთესთან ერთად, ბროწეული საკმაოდ დაბალკალორიულიცაა: 100 გრამ ბროწეულზე 72 კილოკალორია მოდის. და კიდევ ერთი განსაკუთრებული პრაქტიკული თვისება: საყინულეში შენახვისას ბროწეული თავის სასარგებლო თვისებებს ერთ წლამდე ვადით ინარჩუნებს.
ბროწეულს კიდევ ერთი გამორჩეული ღირსება აქვს: ის სუპერ ანტიოქსიდანტია და შეიცავს ნივთიერება პუნიკალაგინს, რომელიც დადებითად მოქმედებს გულზე. პუნიკალაგინი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და დაბლა სწევს სისხლში, ეგრეთ წოდებული, „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
არა მხოლოდ ბროწეულის მარცვლები, არამედ მისი ქერქიც კი საკმაოდ სასარგებლოა: ქერქის ნახარშს ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ბროწეულის მარცვლები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, მაღლა სწევს ჰემოგლობინს, რის გამოც ხშირად ინიშნება ანემიის დროს. ამას გარდა, ბროწეული თმის ცვენის საწინააღმდეგოა, ბლოკირებას უკეთებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ხელს უწყობს ნაწიბურებისა და დამწვრობების მოშუშებას, შეხორცებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აძლიერებს იმუნიტეტს – შესაბამისად, გვეხმარება ვირუსების პრევენციასა და მათ დაძლევაში.
სხვადასხვა (თირკმელები, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრები, გინეკოლოგიური ორგანოები) ანთებითი პროცესის დროს, ბროწეულის ქერქის ნახარში დაგეხმარებათ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ: 50 გრამ მზა ნედლეულს 15 წუთს ხარშავენ 0,5 ლიტრ წყალში, რომელსაც ტანიდების არასასიამოვნო მოქმედების გასაუვნებლად, წინასწარ ცოტა კირწყალს ურევენ. სვამენ 2-3 საათის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან