მედიცინა

ბარიატრიული ქირურგი გია მოსიაშვილი მორბიდული სიმსუქნით გამოწვეულ პრობლემებსა და მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:25 04.09

გია მოსიაშვილი
დაკოპირებულია

მორბიდული სიმსუქნე დღეს ჩვენი საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილის პრობლემაა. ჭარბწონიანი პაციენტები წონაში კლებას ხშირად თვითნებურად, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, თუმცა ბარიატრიული ოპერაციები ჭარბწონიანობის პრობლემის გადასაჭრელად უალტერნატივო მეთოდია. სექტემბრის თვეში „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმოქმედებს ექსკლუზიური პირობა – ბარიატრიული ოპერაციები ჩატარდება უპრეცედენტოდ დაბალ ფასად. ამისთვის პაციენტებმა უნდა მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალს“ და გაიარონ კონსულტაცია გია მოსიაშვილთან, რაც სექტემბრის განმავლობაში, ასევე, უფასო იქნება.

– ბატონო გია, რა არის ბარიატრიული ქირურგია?

– ბარიატრიულ ქირურგიას წონის დაკლების ქირურგიასაც უწოდებენ. ეს არის ქირურგიული ოპერაციების კატეგორია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სიმსუქნის მქონე ადამიანებს წონის დაკლებაში. ოპერაციებით საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კეთდება ისეთი ტიპის ქირურგიული ცვლილებები, რომლის შემდეგაც პაციენტები წონაში იკლებენ. ბოლო წლებში ტერმინი ბარიატრიული ქირურგია გასცდა პროფესიული წრეების ფარგლებს და ძალიან ხშირად გაიგონებთ ყოველდღიურ საუბარში. ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ზედმეტი წონის ადამიანების საგრძნობი მატებაა.

– როგორ ხდება მორბიდული სიმსუქნის განსაზღვრა და როგორ დგინდება, არსებობს თუ არა ქირურგიული მკურნალობის საჭიროება?

– მორბიდული სიმსუქნის განსაზღვრისას ვიყენებთ ტერმინს სხეულის მასის ინდექსი. სხეულის მასის ინდექსის გასაგებად საკმარისია, ვიცოდეთ ჩვენი სხეულის მასა და სიმაღლე. თუ სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს, ჩვენ ვსაუბრობთ მორბიდულ ანუ პათოლოგიურ სიმსუქნეზე.

პაციენტები სიმსუქნესთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, პირდაპირ ბარიატრიული ქირურგიით არ იწყებენ. ისინი, როგორც წესი, წლების განმავლობაში სხეულის ზედმეტ წონას ყველა შესაძლო მეთოდით ებრძვიან – დიეტით, ვარჯიშით, მედიკამენტებით. ბარიატრიული ქირურგიის აუცილებლობა დგება წონის დაკლების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ასევე, სიმსუქნესთან ასოცირებული თანმხლები დაავადების არსებობისას.

მტკიცებულებებზე დამყარებული ფაქტია, რომ მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია რჩება წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მკურნალობის საშუალებად.

– რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს მორბიდულმა სიმსუქნემ? რამდენად საშიშია ის ჯანმრთელობისთვის?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსუქან პაციენტებში ხშირია თანმხლები დაავადებების არსებობა. სიმსუქნე არის წინაპირობა ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ჰიპერტონიული დაავადება, კარდიოვასკულური დაავადებები, ინსულტი, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატიტი, მსხვილი სახსრების ართრიტები, ძილის აპნოე და ასე შემდეგ. ხაზგასასმელია ისიც, რომ მორბიდულ მსუქან პაციენტებში მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც.

– რა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსში“, რა სხვაობაა ამ ოპერაციებს შორის და რა დადებითი მხარეები და რისკები ახლავს მათ?

– ბარიატრიული ქირურგიის განვითარების გზაზე ბევრი სხვადასხვა ტიპის ოპერაცია სცადეს. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ბევრი მათგანი უარყოფილია და პათოლოგიური სიმსუქნის სამკურნალოდ აღარ გამოიყენება. ბარიატრიული ოპერაციებიდან დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებულია სლივ-გასტრექტომია, იგივე კუჭის ვერტიკალური რეზექცია და კუჭის შუნტირების ოპერაციები. თუ სლივ-გასტრექტომიის დროს მხოლოდ კუჭის მოცულობა მცირდება, კუჭის შუნტირების, იგივე ბაიპასის, ოპერაციების დროს ხდება როგორც კუჭის დაპატარავება, ისე საჭმლის მომნელებელი სისტემიდან წინასწარ განსაზღვრული სიგრძის წვრილი ნაწლავის გამოთიშვა. ოპერაციის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია როგორც პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, ასევე, მისი თანმხლები დაავადებები, გენეტიკური წინასწარგანწყობები და სოციალური პირობები. როგორც ხედავთ, ყველა პაციენტს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა და ოპერაციული მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა. „ნიუ ჰოსპიტალში“ ორივე ტიპის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება.

– გვესაუბრეთ აღნიშნული ოპერაციების შედეგებზე, რამდენად ეფექტურია მორბიდულ სიმსუქნესთან საბრძოლველად?

– კარგად დაგეგმილი წინასაოპერაციო მომზადება, სწორად შერჩეული ოპერაციის მეთოდი და პაციენტის პოსტოპერაციული მართვა არის წარმატებული ოპერაციული მკურნალობის წინაპირობა. პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან პირველ თვეებშივე საგრძნობლად იკლებს წონაში. სტატისტიკურად დათვლილია, რომ 6 თვიდან ორ წლამდე პერიოდში პაციენტები იკლებენ ზედმეტი წონის 60-90%-ს. ოპერაციის შემდეგ ბევრი თანმხლები დაავადება „უკვალოდ“ ქრება, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დაავადება რემისიაში გადადის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის. პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან უკვე ერთ თვეში იწყებს ფიზიკურ აქტივობას, უმჯობესდება შრომისუნარიანობა. ბევრი პაციენტი ამბობს: თავიდან დავიბადეო. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ის ქალბატონი პაციენტები, რომლებმაც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გააჩინეს შვილები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი