მედიცინა

არის თუ არა ოფლიანობა საშიში

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.04

ოფლიანობა
დაკოპირებულია

პატარების ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. განვიხილოთ მიზეზები, რომელთა გამოც შეიძლება, ჩვენს პატარებს ოფილიანობა ჰქონდეთ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან გაძლიერებული ოფლიანობა ხშირად ემოციური სტრესითაა გამოწვეული. ემოციური ფონი განსაკუთრებით ძლიერია პუბერტატულ (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს მას ჰორმონული ცვლილებებიც ერთვის. სტრესის დროს უმეტესად ხელისგულები ოფლიანდება.

ჰიპერთირეოზი - ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს გამოყოფს და მეტაბოლურ ცვლილებებზე აგებს პასუხს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბ გამოყოფას ჰიპერთირეოზი ეწოდება. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ოფლიანობა, ჰიპერაქტიურობა, ხელების კანკალი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, უძილობა, კარგი მადის მიუხედავად – წონის კლება, ადვილად გაღიზიანება, შედარებით იშვიათად – დიარეა. ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ინფექცია - მწვავე ბაქტერიულ თუ ვირუსულ ინფექციას ხშირად ახლავს თან ძლიერი ოფლიანობა – მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი ამგვარად იცავს თავს გადახურებისგან. ძლიერი ოფლიანობა შესაძლოა, გამოჯანმრთელების შემდეგაც გაგრძელდეს.

რაქიტი - ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით თავის, ჩვილებთან შესაძლოა, რაქიტის პირველი ნიშანი იყოს. ამ დროს ოფლს სპეციფიკური მომჟავო სუნი აქვს, კეფაზე კი, საწოლთან მუდმივი შეხების გამო, თმა ცვივა. რაქიტისთვის დამახასიათებელია სხვა სიმპტომებიც: ჭირვეულობა, მოუსვენრობა, კრთომა, კუნთოვანი ჰიპოტონია, ბაყაყისებრი მუცელი, დაავადების შორს წასულ სტადიაში – კბილების დაგვიანებით ამოჭრა, ამოზნექილი ან ჩაზნექილი გულმკერდი, თავის ქალას ძვლების დარბილება, კვადრატისებრი თავი, შუბლის ბორცვების სიმკვეთრე, ხერხემლის დეფორმაცია.

ტუბერკულოზი - ამ დაავადებას ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. მისი ძირითადი რისკფაქტორებია ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, ბაქტერიამატარებელთან ხანგრძლივი კონტაქტი, შიმშილი, იმუნოსუპრესია. ბავშვებთან ტუბერკულოზი გამოვლინდება ტუბერკულოზური ინტოქსიკაციით: ხანგრძლივი დაბალი ტემპერატურით, ადვილად დაღლით, ძილის დარღვევით, მადის დაქვეითებით, სიფერმკრთალით, ლიმფური კვანძების გადიდებთ, წონის კლებით. ერთ-ერთი ყურადღებამისაქცევი სიმპტომია ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით – ღამღამობით.

სიმსივნე - ზოგიერთ სიმსივნურ დაავადებას, მაგალითად, ჰოჯკინის ლიმფომას, ნეირობლასტომას, ჭარბი ოფლიანობა ახასიათებს. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ პატარები ისე სწრაფად ოფლიანდებიან, მათთვის ტანსაცმლის გამოცვლასაც ვერ ასწრებენ. საყურადღებო ნიშნებია კანის სიფერმკრთალე, წონის კლება, სისუსტე.

მუკოვისციდოზის დიაგნოზი, რა გასაკვირიც უნდა იყოს, შესაძლოა, კოცნითაც დაისვას. მშობლები ხშირად იმიტომ მიმართავენ პედიატრს, რომ პატარას კანზე მარილის გემო აქვს. მუკოვისციდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენეტიკური დაავადებაა. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი მეოცე ადამიანი მისი გენის მატარებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი