მედიცინა

ახლომხედველობის მიზეზები და პროფილაქტიკა

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.01, 2022 წელი

ახლომხედველობა
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ახლომხედველობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასა და ახლო მანძილზე მხედველობის დატვირთვას უკავშირდება. მიოპია არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. ახლომხედველ თვალს ახასიათებს ტენდენცია პროგრესირებისკენ. პროგრესირებადი მიოპიისათვის, იმის გამო, რომ თვალის წინა-უკანა ღერძი იზრდება, დამახასიათებელია თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური დისტროფიები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიოპიის პროგრესირების პრევენცია.

დაავადების გამომწვევი რისკფაქტორები:

👉გენეტიკა – დიდია ალბათობა, რომ ახლომხედველობა მშობლისგან გენეტიკურად გადაეცეს შვილს, განსაკუთრებით დიდია დაავადების რისკი თუ მიოპია ორივე მშობელს აღენიშნება;

👉კითხვა და მუშაობა ახლო მანძილზე – ისინი, ვინც ბევრს კითხულობენ, წერენ ან მუშაობენ კომპიუტერთან დიდი რისკის ქვეშ არიან, მიოპია განუვითარდეთ;

👉გარემო ფაქტორები – კვლევებზე დაყრდნობით, თუ ბავშვი დროის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებს, მეტია მიოპიის განვითარების ალბათობა.

ახლომხედველობის შეჩერება გაცილებით იოლია, ვიდრე მისგან განკურნება. ამიტომ პროფილაქტიკური ზომების მიღება ადრეული ასაკიდან არის საჭირო.

თვალსა და მონიტორს, თვალსა და წიგნს, თვალსა და პლანშეტს და ასე შემდეგ შორის, სულ ცოტა, 30-სანტიმეტრიანი დისტანცია მაინც უნდა დაიცვათ. ამით თქვენ შეამცირებთ ძალისხმევას, რომელიც მხედველობის ფოკუსირებისთვის გჭირდებათ. ეს აგარიდებთ როგორც დროებითი, ისე მუდმივი მიოპიის განვითარების რისკს.

ზურგი ყოველთვის გამართული გქონდეთ. სწორი პოზა მოგცემთ საშუალებას, რომ ობიექტს საჭირო და აუცილებელი კუთხით უყუროთ.

აუცილებლად დაასვენეთ თვალები. რაც უფრო დიდხანს არის მხედველობა დაძაბული, მით უფრო მაღალია ახლომხედველობის ჩამოყალიბების რისკი. ამიტომ ყოველი 40-წუთიანი მხედველობითი დატვირთვის შემდეგ აუცილებლად უნდა შეისვენოთ.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მხედველობა ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვათ.

არ წაიკითხოთ დაწოლილმა და არც მოძრავ ტრანსპორტში, რადგან აკომოდაციურ აპარატს ყოველ წამს უწევს გადაწყობა, რაც აუცილებლად მის გადატვირთვას გამოიწვევს. თუ დაწოლილი წაიკითხავთ, მაშინ ერთი თვალი ყოველთვის უფრო დაშორებული იქნება ობიექტისგან, ვიდრე მეორე, რაც ასევე გადაღლის თვალს.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განათებას. სწორად შერჩეული შუქი თვალის გადაღლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ყველაზე ოპტიმალური კი მზის შუქია. რადგან სამუშაო ადგილზე ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია, აქცენტი ხელოვნურ შუქზე უნდა გააკეთოთ. საღამოს საათებში სამუშაო მაგიდაზე აუცილებლად დაიდგით სანათი.

ახლომხედველობის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კვება. მინერალებისა და ვიტამინების ყოველდღე მიღება მხედველობის ორგანოს მისცემს საშუალებას, უკეთ იფუნქციონიროს და არ გადაიტვირთოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა