ბელადები

რომელი გრანდიოზული, ცნობილი პროექტის ავტორობაზე ათქმევინა უარი სტალინმა ბერიას

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.02

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას საქმეები საქვეყნოდაა ცნობილი და რაც უნდა შავი პიარი აუგორონ ამ არაორდინარულ პიროვნებას, დღემდე მის (ბერიას) კარგს ცუდი მაინც ვერ გადაფარავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ არსებობს ბერიას მიერ გაკეთებული ისეთი საქმეებიც (სრულიად არასაიდუმლო, მაგრამ ისინი, რატომღაც, გაასაიდუმლოეს), რომლებიც სხვა ადამიანებს მიაწერეს მხოლოდ და მხოლოდ  იმიტომ, რომ თავის დროზე მათი ნამდვილი შემოქმედი არ იქნა დასახელებული. 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ეგორ ვოლკოვი წერს: „ლავრენტი ბერიას მრავალმხრივ ნიჭიერებაზე დღესდღეობით ბევრი იწერება და ძალიან თამამადაც. შედარებით „შეთხელდა“ იმ ბინძურ ხრუშჩოვისეულ ბრალდებათა ნიაღვარი, რამაც ლავრენტი ბერია „მონსტრად“ წარმოაჩინა ხალხში. თუმცა, შეიძლება, ითქვას, რომ მთავარი სიმართლე ბერიაზე ჯერ კიდევ სათქმელია და ჩემი მხრივ, მე ვცდილობ, მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ამ საქმეში.
ლავრენტი ბერია რომ საიდუმლო საქმეების მოგვარების დიდოსტატი იყო და ეს ყოველივე დიდი წარმატებით გამოსდიოდა, ცნობილია. აქედან გამომდინარე, მისაღებია ის ფაქტი, რომ მისი საქმეები გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ ჩემთვის ყოვლად გაუგებარია ის, თუ რატომ გაასაიდუმლოეს ის ფაქტი, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესანიშნავი შენობა, ძირითადად, ლავრენტი პავლეს ძის პროექტით აიგო და რომ იტყვიან, ეს არსად წერია. სამაგიეროდ, ოფიციალურ საბუთებში „თამამადაა“ მითითებული „ემგეუს“ შენობის დამპროექტებელთა ჯგუფი, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის კორიფეებისგან შედგება, ესენია – ბორის იოფანი, ლევ რუდნევი, სერგეი ჩერნიშოვი, პავლე აბროსიმოვი და ალექსანდრე ხრიაკოვი. შენობის ინჟინერი – ვსევოლოდ ნოსონოვი. მთავარ არქიტექტორად კი იგივე ლევ რუდნევია დასახელებული. სინამდვილეში ეს 36-სართულიანი, 204 მეტრის სიმაღლის ულამაზესი შენობა ლავრენტი ბერიას „პირმშოა“ და ცნობილი არქიტექტორები მხოლოდ დამხმარეების ფუნქციას ასრულებდნენ. თვით ბარელიეფური სკულპტურების ესკიზებიც ბერიას მიერაა გაკეთებული, რომლებიც შემდგომ ვერა მუხინას სახელოსნოს მიაწერეს... სერგო ბერია იხსენებდა: „მამაჩემმა რომ „ემგეუს“ შენობა დააპროექტა, პირველად მე და დედას გვიჩვენა. შემდეგ ეს პროექტი კონკურსზე ინკოგნიტოდ წარადგინა და სტალინმა, სწორედ, ის მოიწონა, თუმცა, მამას სახელი იქ არ წერია და ფაქტია, რომ ლევ ვლადიმირის ძე რუდნევის სახელი დაარქვეს. თავად მამა არასოდეს ამბობდა, თუ რატომ მოხდა ასე და მოგვიანებით, უკვე მამაჩემის მკვლელობის მერე შევიტყვე, რომ ასე სტალინმა ისურვა. არადა მამა სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი, რომ ხალხს „ემგეუს“ შენობის ნამდვილი არქიტექტორი გაეცნო. ეს „საიდუმლო“ 70-იანი წლების მიწურულს ვიაჩესლავ მოლოტოვმა გამიმხილა“.
ერთი საკითხია, რომ „ემგეუს“ შენობის მთავარი ავტორი ბერია იყო, მაგრამ მხოლოდ 21-ე საუკუნეში გახდა ცნობილი, რომ „ემგეუს“ ქვეშ მინუს 16 სართული აშენდა და ეს ყოველივე ლავრენტი ბერიას საიდუმლო მითითებით განხორციელდა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი ჰყვებოდა: „მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ოფიციალურად 1953 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. ანუ სწავლის დაწყების დღეს. ბერია ამ პერიოდისთვის უკვე მოკლული იყო და მისი სასამართლო – ფალსიფიცირებული. მე კი გახსნამდე („ემგეუს“) სულ რაღაც ათი დღით ადრე დამაპატიმრეს ჩემსავე კაბინეტში „ლუბიანკაზე“. არადა, შენობის გახსნაზე მეც უნდა ვყოფილიყავი. ეს იმიტომ, რომ „ემგეუს“ საიდუმლო ობიექტის კურატორი, სწორედ, მე ვიყავი. ეს საიდუმლო ობიექტი კი მინუს 16 სართული იყო – სიღრმეში. ობიექტმა ფუნქციონირება ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, 1952 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ ობიექტზე განლაგებული იყო იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საიდუმლო ლაბორატორიები. იქ, ძირითადად, სხვადასხვა ექსპერიმენტი ხორციელდებოდა ფსიქოლოგიის, ფიზიკა-ქიმიისა და ბიოლოგია-მედიცინის სფეროებში. საუკეთესო სპეციალისტებსა და სტუდენტებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ, გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ ჩამორთმეული. იქ მიღწეული შედეგებით სარგებლობდა ჩვენი უწყება – უშიშროება და სამხედროები. სხვათა შორის, ლავრენტი პავლეს ძეს განზრახული ჰქონდა, რომ ფსიქოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად ამ სფეროს ქართველი კორიფე დიმიტრი უზნაძე დაენიშნა. ბერიას მოლაპარაკებაც ჰქონდა მასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, დიმიტრი უზნაძე 1950 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. სამწუხაროა ისიც, რომ 1990 წელს, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, „ემგეუს“ ეს ლაბორატორიები წყლით დაფარეს, ჩაძირეს. მანამდე კი იქიდან ყველა მოწყობილობა გაიტანეს და როგორც მე ვიცი, ეს ბარბაროსული აქცია ამერიკელების მოთხოვნით განხორციელდა. ისევე, როგორც უახლესი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების მოსპობა...“
ეგრეთ წოდებული, „ემგეუს“ „ობიექტი“ დღემდე წყალშია და იქ არალეგალური მყვინთავები თუ ჩადიან, მაგრამ რა უნდა იპოვონ, როდესაც არაფერია, გარდა შიშველი, წყლით სავსე ხავსიანი კედლებისა...
სერგო ბერია იხსენებდა: „სხვათა შორის, „ემგეუს“ ობიექტზე სულ რაღაც 6 თვე მეც მომიწია მუშაობა და იქიდან მომაშორეს, როდესაც მამაჩემი მოკლეს, მე და დედა კი – დაგვაპატიმრეს. მე ხომ პროფესიით ფიზიკოსი ვარ და იმ ლაბორატორიაში სხვადასხვა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებს ვატარებდით, რომლებიც დღემდე (1995 წელი) გამოიყენება სამხედრო შეიარაღებაში და გასაიდუმლოებულია. სამწუხაროა, რომ როგორც ამბობენ, ეს ობიექტი ჩაძირეს და ეს ხომ პირდაპირი მავნებლობაა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას შემდეგ საბჭოთა მმართველები იმდენად არაკვალიფიციური და კარიერისტი ადამიანები იყვნენ, რომ ერთი მხრივ, მონოლითურ სახელმწიფოს ძირს უთხრიდნენ და ბერიას ლანძღავდნენ, მეორე მხრივ კი, ქვეყნის სიძლიერესა და ხალხის კეთილდღეობაზე ლაპარაკობდნენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი