ბელადები

როგორი იყო უსაფრთხოება და ეკონომიკა სოცბანაკში სტალინის დროს

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.10

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინს თითქმის მთელი მსოფლიოს დამპყრობლად რაცხავენ და ევროპის დიდი ნაწილის „გამწითლებლის“ სახელი შეარქვეს, სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა საქმე. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: 

„სტალინზე ამბობენ, ევროპა „გააწითლაო“. ეს მთლად ასე არაა. მართალია, ნახევარზე მეტი ევროპა სოციალისტური ბანაკის წევრი იყო, მაგრამ, რასაც ჰქვია „გაწითლება“, ანუ ძალით სოციალისტურ ბანაკში შეყვანა, ეს ასე არ ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდებოდა. ევროპა ნანგრევებში იყო და შველას ითხოვდა. მიუხედავად თეირანის, ყირიმისა თუ პოტსდამის კონფერენციების მყარი შეთანხმებისა, სადაც თვალნათლივ იყო ასახული ყველა გამარჯვებული ქვეყნის ინტერესების სფერო (ბუფერული ტერიტორია), დასავლეთი მაინც მთელი ევროპისკენ იწევდა. ანუ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ მთელი ევროპა ჩაეგდოთ ხელში და დასავლეთის გავლენების სფეროში მოექციათ. არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავლენის ტერიტორიები უკვე შესაბამისად იყო დოკუმენტურად გაფორმებული. ანგლო-ამერიკელები ევროპის ხელში ჩაგდებას უმარტივესად ცდილობდნენ. ისინი (ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი) ევროპას დასავლურ სამომხმარებლო ბურჟუაზიულ კულტურას სთავაზობდნენ და არწმუნებდნენ, რომ იქ ცხოვრების ისეთივე მაღალი დონე იქნებოდა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აღმოსავლეთ ევროპაში და მათ ძალიან სწრაფ აღდგენას ჰპირდებოდნენ. ამის დასტურად ამერიკელები 1945 წლის ბოლომდე ევროპაში მსუყე დახმარებას გზავნიდნენ, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა მოსყიდვა. ასეთ სიტუაციაში სტალინმა ძალიან მარტივად მოახერხა „მოსასყიდი“ ევროპის გადარწმუნება. 1945 წლის მიწურულს მოსკოვში მიიწვია მთელი აღმოსავლეთ ევროპის მთავრობის მეთაურები და ის ლიდერებიც, ვისი ქვეყნებიც საბჭოთა გავლენის სფეროში არ შედიოდნენ. ბელადმა „დიდი თეატრის“ გადაჭედილ დარბაზში 25-წუთიანი სიტყვა წარმოთქვა და შეკრებილებს უთხრა: „მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის (საბჭოთა კავშირი) მოკავშირეებო და ძმებო, დასავლური, კერძოდ კი ამერიკული, ფორმულა ძალიან მიმზიდველია და თუკი თქვენ დათანხმდებით მათ შემოშვებას თქვენს ქვეყნებში, გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე მათი კომპანიები თქვენს ოკუპაციას მოახდენენ და თქვენი ეროვნებიდან არაფერი დარჩება. ისინი აღგიდგენენ ქალაქებს, რომლებშიც თვითონ იბოგინებენ. გამართავენ თქვენს ეკონომიკას, რომლიდანაც კოლოსალურ შემოსავალს თავად მიიღებენ. და, რაც მთავარია, ჩვენი საზღვრების გასწვრივ განალაგებენ კბილებამდე შეიარაღებულ არმიებს, რომ ჩვენ დაგვესხან თავს. ჩვენ კი მათ მედგარ წინააღმდეგობას გავუწევთ და ეს იქნება ახალი ნგრევისა და უბედურების დასაწყისი. ამაში, რა თქმა უნდა, კაპიტალისტური დასავლეთი იქნება დამნაშავე, თქვენ კი მათი ხელშემწყობი და საკუთარი ნაციონალურობის მესაფლავეები გამოხვალთ. ჩვენ, საბჭოელები, უანგარო მშენებლობას გთავაზობთ. აირჩიეთ, ვისი დახმარება გაძლევთ ხელს“. სტალინის სიტყვას სამარისებური სიჩუმე მოჰყვა, რაც დაახლოებით, 30 წამი გაგრძელდა. შემდგომ კი ისეთი მქუხარე ტაში ატყდა, რომ თეატრის ჭერი ლამის ჩამოინგრა. და, მართლაც, თავისი ქვეყნის აღორძინებისა და ატომური ბომბის დამზადების პარალელურად, სტალინმა აღმოსავლეთ ევროპის ფეხზე დაყენებას 200 მილიარდი მანეთი დაახარჯა და სოციალისტური ბლოკი ისე გამართა, რომ მას ახლოს მიკარებასაც ვერავინ უბედავდა. ნიშანდობლივია ის, რომ სტალინმა თავისი სიტყვა შეასრულა. სოციალისტური ბლოკის ქვეყნებს შეუნარჩუნდათ ეროვნული ეკონომიკა. მეტიც, ისინი თავისუფლად ვაჭრობდნენ დასავლეთთან და სტალინს ამის პრობლემა არ ჰქონდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინის ეს სვლა იმდენად მოულოდნელი იყო დასავლეთისთვის, რომ ისინი თავდაპირველად ძალიან დაიბნენ. მაგრამ, როდესაც ნახეს, რომ სტალინი არც მათ ეკონომიკას ბლოკავდა და არც ძალისმიერი რჩევა განუხორციელებია, მიხვდნენ, რომ მასთან პირწმინდად წააგეს. ჩვენთვის იდეოლოგიური ერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და სტალინმა ამას მიაღწია და გაამყარა კიდეც. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როდესაც სოციალისტური სისტემა იშლებოდა, მთელი რიგი მოწინავე სოცბანაკის ქვეყნების ეკონომისტები თავში ხელს იცემდნენ და ეკონომიკის სწრაფ სტაგნაციას პროგნოზირებდნენ, რაც მალევე მოხდა კიდეც. „ძაღლის თავი“ კი იქ იყო დამარხული, რომ სოცბანაკიდან გამოსვლის მერე ამ ქვეყნების ეკონომიკები კაპიტალისტებმა დაიპყრეს, მათ დღემდე ყელში უჭერენ ხელს და კოლოსალურ ვალებში ჰყავთ. სტალინი კი იმას ასრულებდა, რაც „დიდ თეატრში“ თქვა. უდავოა, რომ სტალინის დროს სოცბანაკის ეკონომიკაც პიკში იყო და ამ ქვეყნების უსაფრთხოებაც.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...