როგორ შეასუსტა ბერიამ ბერლინში ამერიკელების დაზვერვა
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.09

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისზეც იდგა მთელი საბჭოთა უშიშროების სისტემა, მოყოლებული 1938 წლის მიწურულიდან 1953 წლის ივნისამდე და ამ ხნის განმავლობაში ბერიამ ისეთი ფასდაუდებელი შრომა გასწია, რომლის დადებით შედეგებს დღემდე იმკის რუსეთის სახელმწიფო.
პროფესორი ივანე პოტიომკინი: „ჩეკა“, უდავოდ, უძლიერესი ორგანიზაცია იყო და მისი შემქმნელი და პირველი ხელმძღვანელი ფელიქს ძერჟინსკი – ძლიერი მმართველი. თუმცა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას „ენკავედე“ რადიკალურად განსხვავდებოდა „ჩეკასგან“ თავისი მრავალფეროვნებითა და სიძლიერით და ბერიაც ბევრად უფრო მაღალი კლასის მმართველი და ინტელექტუალი იყო, ვიდრე ძერჟინსკი.
„ჩეკას“, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში, მაგრამ ბერიას დაქვემდებარებული სტრუქტურა უკვე გლობალური მასშტაბის ამოცანებს წყვეტდა, მოქმედებდა თითქმის მთელი პლანეტის მასშტაბით და ამ კუთხით, „ჩეკა“ ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა „ენკავედესთან“.
ძერჟინსკი წლების განმავლობაში იატაკქვეშა რევოლუციონერი იყო და საკმაოდ მწვავედ და თავდადებულად ებრძოდა ცარიზმს. თუმცა, პოლიტიკაში მას ბევრი არაფერი გაეგებოდა და თავი დაიმკვიდრა, როგორც მკაცრმა, შეუბრალებელმა შემსრულებელმა. ბერია კი, ძერჟინსკისგან განსხვავებით, ღრმად იყო გათვითცნობიერებული პოლიტიკაში. თავისი უწყებაც, რომ იტყვიან, ამ კუთხით ჰქონდა მომართული და ნებისმიერი სპეცოპერაციის შესრულებისას გათვალისწინებული იყო პოლიტიკური შედეგები. მართალია, არც ლავრენტი ბერია იყო ანგელოზი და საჭიროების შემთხვევაში სისასტიკესაც კი იჩენდა, მაგრამ თავის ხელქვეითებს, მიუხედავად მათი რანგისა, არასდროს მიიჩნევდა საზარბაზნე ხორცად და თითოეულ მათგანს უფრთხილდებოდა. ნებისმიერი სპეცოპერაციის დაგეგმვისას ბერია დიდ ყურადღებას აქცევდა რისკის ფაქტორს და შეძლებისდაგვარად, ისე გეგმავდა ამ ოპერაციებს, რომ წარმატებასთან ერთად, მათი ყველა მონაწილე საღ-სალამათი ყოფილიყო. აი, სწორედ ასეთი მზრუნველობის გამო აფასებდნენ ბერიას მისი ხელქვეითები. ხრუშჩოვისეულმა პროპაგანდამ კი რადიკალურად საპირისპირო, ცრუ, შავი პიარი აუგორა მას, რაც სამწუხაროდ, დღესაც წარმატებით მუშაობს და ბერია კაციჭამია, სექსოპათოლოგი და მანიაკი ჰგონიათ. შეთქმულებს, ხრუშჩოვის მეთაურობით, უბრალოდ, ძალიან სჭირდებოდათ ბერიას ასეთი პორტრეტის შექმნა, რათა საკუთარი დანაშაულებები მიეჩქმალათ და ყველაფერი ბერიასთვის გადაებრალებინათ, რასაც წარმატებით გაართვეს კიდეც თავი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: ბერიას მიერ შექმნილი სისტემის ყველა წარმატება შეთქმულებმა და მათმა სატელიტებმა საკუთარ თავზე მიიწერეს და ეს ისე უტიფრად გააკეთეს, რომ ბევრი პროფესიონალი პირდაღებული, გაოცებული დარჩა მათი თავხედობისა და უტიფრობის გამო.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „1947 წლის ზაფხულში ამერიკელებმა ბერლინში საბჭოთა უშიშროების მაღალჩინოსანი გენერალი გაიტაცეს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, თავისი უტიფრობითა და ყოველგვარი წესების დარღვევით. გენერლის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, ეს ადამიანი ერთთვიანი მივლინებით იყო ბერლინში ჩასული ადგილობრივი უშიშროების სამსახურისთვის კონსულტაციის გასაწევად. გენერალი პირადად ბერიას მითითებით მოქმედებდა. ამ კაცის გატაცება კი იმ დროს მოხდა, როდესაც გენერალი ნანგრევებში მყოფ ბერლინს ათვალიერებდა და ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა. მოულოდნელად ამ კაცის გვარდით ორი ავტომობილი გაჩერდა. იქიდან ავტომატმომარჯვებული მამაკაცები გადმოხტნენ, გენერალი მანქანაში ჩატენეს და გაუჩინარდნენ. გენერლის თაანმხლებმა პირმა, მისმა ადიუტანტმა, ორი გასროლა მოასწრო გამტაცებლების მიმართულებით და სულ ეს იყო. ორიოდე საათის შემდეგ ჩვენმა ამერიკელმა აგენტმა ზუსტად გვაცნობა, რომ ეს ოპერაცია დაგეგმა გენერალმა შვაბმა, რომელიც დასავლეთ ბერლინში ამერიკული დაზვერვის კოორდინატორი იყო.
ამ გატაცების მიზანი იყო, ხელი შეეშალათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის შექმნისთვის და ჩვენი გენერლისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღებას გეგმავდნენ. ბერია სასტიკად იყო განრისხებული. მიხმო და მითხრა:
– გენერალი ძალიან მალე უნდა გამოვიხსნათ.
– ჯერჯერობით ჩვენი აგენტი არაა ინფორმირებული, თუ სად ჰყავთ გადამალული გენერალი, – ვუთხარი ბერიას.
– ამის ცოდნა არცაა საჭირო. შტატებში ჩვენი ჯგუფის წევრებმა შვაბის ცოლ-შვილი გაიტაცონ, საიმედოდ გადამალონ: მათში გენერლის გაცვლას შევთავაზებთ.
– რომ არ დაგვთანხმდეს?
– მაშინ, თავად შვაბის გატაცება დაგვჭირდება და თუ ესეც ვერ მოხერხდა, მთელი მისი შტაბი ააფეთქონ დასავლეთ ბერლინში.
როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოს ყველა კუთხესა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბერლინშიც კარგად გაწვრთნილი ოპერატიული ჯგუფები გვყავდა. მათ არ გაუჭირდათ ბერიას ბრძანების შესრულება, ნიუ-იორკში მყოფი შვაბის ცოლ-შვილი გაიტაცეს და საიმედოდ გადამალეს კონსპირაციულ ბინაში. შვაბს დავუკავშირდით. ის შეშინებული იყო. უმალვე წამოვიდა ჩვენს წინადადებაზე და გენერალი სასწრაფოდ გამოუშვეს. ჩვენებმა კი ნიუ-იორკში შვაბის ცოლ-შვილი გაათავისუფლეს. ეს შემთხვევა იყო და ჩვენ მიმართ მსგავსი აღარ ყოფილა. გენერალი შვაბი კი სასწრაფოდ გაიწვიეს ბერლინიდან. არადა, ის უმაღლესი კლასის პროფესიონალი იყო. მაგრამ ეს შეცდომა არ აპატიეს და მისი გაწვევით საგრძნობლად შეასუსტეს თავიანთი სადაზვერვო პოტენციალი, რაც ისევ და ისევ ბერიას დამსახურება იყო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან