რაში გამოიყენა სტალინმა პატიმრები
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.10

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური მმართველი იყო. მან ააშენა უდიდესი სახელმწიფო და მასში სამართლიანობა და თანასწორობა დაამკვიდრა. იქ ყველას ერთნაირი შანსი ჰქონდა განვითარებისა და წინსვლისთვის.
ბორის სოკოლოვი: „იოსებ სტალინი იყო ის ადამიანი, პიროვნება, მმართველი, რომელიც ქმნიდა და აშენებდა. ყველაზე გრანდიოზული მისი ქმნილება კი იყო სისტემა, სახელწოდებით – საბჭოთა კავშირი.
ჯერ კიდევ იატაკქვეშა ბოლშევიკური მოღვაწეობის პერიოდში, სრულიად ახალგაზრდა სტალინმა (მაშინ მას „კობა“ ერქვა) შექმნა ღრმად კონსპირირებული, კარგად ორგანიზებული და განტოტვილი ქსელი რევოლუციონერებისა, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. სტალინმა რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდში უდიდესი გამოცდილება მიიღო, მან რუსეთის იმპერიის მრავალი ციხე გამოიარა და ამიტომ, კარგად იცნობდა ამ სისტემას. აქედან გამომდინარე, უკვე სახელმწიფოს მმართველის რანგში მყოფმა სტალინმა ეს სისტემა შესანიშნავად გამოიყენა ქვეყნის ასაშენებლად და ციხის სისტემას ბევრად უფრო დახვეწილი სახე მისცა.
როგორც ცნობილია, სტალინმა საბჭოთა კავშირში გრანდიოზული ინდუსტრიალიზაცია განახორციელა. ქვეყანაში აშენდა უზარმაზარი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა სხვადასხვა საშუალებით მოახერხა საინდუსტრიალიზაციაო სახსრების მოპოვება, ყველაფერზე თანხები არ ჰყოფნიდა. ინდუსტრიალიზაციას მილიონობით მუშახელი სჭირდებოდა, ვინც ამ ყველაფერს ააშენებდა. მათთვის კი ფული უნდა გადაეხადათ და სწორედ ამისთვის არ იყო სამყოფი თანხები. ამიტომ, სტალინმა საპყრობილეებში გამომწყვდეული ადამიანების გამოყენება დაიწყო. მან დააწესა შეღავათები: ვინც კარგად და განსაკუთრებით კარგად შრომობდა, მათ ერთი დღის პატიმრობა ორ, სამ და ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტ დღედაც ეთვლებოდა და შანსი ეძლეოდათ, ბევრად უფრო ადრე გამოსულიყვყნენ ციხიდან, ვიდრე მისჯილი ჰქონდათ. გარდა, ეგრეთ წოდებული, შავი მუშებისა (ისინი წარმოადგენდნენ „მთავარ დამრტყმელ ძალას“ მშენებლობებზე) პატიმრებს შორის იყვნენ კვალიფიციური ინჟინერ-მშენებლებიც და ასეთი კატეგორიის ადამიანებსაც დიდი წარმატებით იყენებდნენ. ამგვარად, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში სტალინმა პატიმრებისგან მძლავრი საინჟინრო-სამშენებლო ძალა შექმნა და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის 65 პროცენტი სწორედ ამ კატეგორიის ხალხზე მოდიოდა. ბევრი მათგანი შემდგომში ცნობილი ინჟინერ-მშენებელი დადგა და არაერთმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდოც მიიღო.
საგულისხმო ფაქტია, რომ მშენებელ-პატიმართა იმ უზარმაზარ სისტემას სხვა სისტემა მართავდა და ეს ყოველივე ერთიან მექანიზმს წარმოადგენდა. ამის შესახებ შესანიშნავად მოგვითხრობს ყოფილი კანონიერი ქურდი ვასილი ვორონოვი, რომელიც ამ პროცესების ეპიცენტრში იმყოფებოდა და თავადაც აქტიურად მონაწილეობდა. ვორონოვი ყვება: „როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ციხეს თავისი მკაცრი იერარქია აქვს. უმაღლეს კასტას იქ „კანონიერი ქურდები“ წარმოადგენენ და მათ პატიმრების მთელი არმია ემორჩილება. სტალინმა კი, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დადო შეთანხმება: იმ შემთხვევაში, თუკი კანონიერი ქურდები კონტროლქვეშ მყოფ პატიმრებს აიძულებდნენ, რომ მხოლოდ ნაადრევი გათავისუფლების საფასურად ემუშავათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის, მაშინ, თავად კანონიერ ქურდებს დაუწესებდა შეღავათებსა და მეტ თავისუფლებას მისცემდა მათ, რა თქმა უნდა, საპყრობილეების საზღვრებში. ჩვენ, კანონიერმა ქურდებმა, მივიღეთ ეს შემოთავაზება და წარმატებით გავართვით თავი. „ზეკები“, ქურდულ სიტყვას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ჩვენ კი, სამაგიეროდ, შეღავათები გვქონდა ადმინისტრაციისგან. შეგვეძლო, თავისუფლად გვემოძრავა „ლაგერში“ პრინციპში, ეს საჭიროც იყო, რადგან პატიმრებთან გვეკონტაქტა და თან, გვეკონტროლებინა ისინი. შედარებით რთული იყო, ეგრეთ წოდებული, ინტელიგენტ-პოლიტიკურების მართვა. პოლიტიკურები, განათლებული პატიმრები იყვნენ. მათ ენაც უჭრიდათ და საკმაოდ მამაცი, ვაჟკაცი ხალხი იყო. მათი შენს ჭკუაზე ტარება იოლი საქმე არ იყო და ხშირ შემთხვევაში მათ დასამორჩილებლად მხოლოდ ქურდული ავტორიტეტი არ კმაროდა და მასის მოზიდვა და მათთვის (პოლიტიკურები) გადავლა გვიწევდა. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი ვერ ვიმორჩილებდით ბოლომდე.“
ერთი პერიოდი, კოლონიებში დიდი შეტაკებები იმართებოდა ქურდებსა და პოლიტიკოსებს შორის და ცალსახად შავებს არასდროს გაუმარჯვიათ. პატიმარი სტალინიც შეხვედრია ასეთ მომენტებს თავისი არალეგალობის დროს. და როდესაც სტალინს აცნობეს, თუ რა მდგომარეობა იყო ბანაკებში და პოლიტიკურებს როგორ არ უნდოდათ მორჩილება, სტალინს უთქვამს: რა გამოგვასწორებს პოლიტიკურებს. ჯიუტი პროტესტანტები ვართ და მთავრობას ვებრძვითო. სტალინის ბრძანებით, პოლიტიკურებში დაიწყეს სპეციალისტების შერჩევა, რომლებიც პირობას დადებდნენ, რომ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას არ განახორციელებდნენ. ასეთებს შემდგომ თანამდებობებს აძლევდნენ მშენებლობებზე და მართალია, პატიმრები იყვნენ, მაგრამ საკმაო ძალაუფლებას ფლობდნენ და ათასობით ადამიანს განაგებდნენ. არაერთი შემთხვევა იყო იმ პერიოდში, რომ პატიმარი, რომელიც ამა თუ იმ მშენებლობაზე ინჟინრად გაუშვიათ, შემდგომში ამ მშენებლობის უფროსი გამხდარა. ამგვარად, სტალინის მიერ შექმნილმა სისტემამ უეფექტურესად იმუშავა და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან