კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ მოსტაცა კანონიერ ქურდს შვილიშვილი

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.07

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„სუპერმედვეჟატნიკი“

60 წლის ალექსანდრე კაპანაძე, მეტსახელად „ჭაღარა“, კანონიერი ქურდი იყო და კრიმინალურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. „ჭაღარა“ „სუპერმედვეჟატნიკი“, ანუ სეიფების გახსნის ოსტატი იყო. კაპანაძეს სამი ნასამართლეობა ჰქონდა და ციხეში 20 წელი გაატარა. არ არსებობდა სეიფი, რომელსაც „ჭაღარა“ ვერ გახსნიდა. მას თექვსმეტი მსხვილი საქმე ჰქონდა გაკეთებული და საერთო ჯამში, მილიონი მანეთი მოპარული, თუმცა კაპანაძემ ამ თანხის 80 პროცენტი ქურდულ სალაროში, „ობშჩიაკში“ შეიტანა. 1971 წელს „ჭაღარა“ ბოლო „სროკიდან“ გათავისუფლდა. მან 9 წელი რუსეთში, ციმბირის ბანაკებში მოიხადა და თბილისში დაბრუნდა. იქ მას მეუღლე, ვაჟი, რძალი და 5 წლის შვილიშვილი, ალექსანდრე დახვდნენ. ბავშვს ბაბუის სახელი ერქვა. „ჭაღარას“ თავის შვილიშვილზე, როგორც იტყვიან, ჭკუა ეკეტებოდა, თავს ევლებოდა და მასზე განსაკუთრებით ზრუნავდა.

გატაცება

ოქტომბრის ერთ მოღრუბლულ დილას, ალექსანდრე კაპანაძის ბინაში ტელეფონმა დარეკა. „ჭაღარა“ სახლში მარტო იყო და თავადვე უპასუხა:

– გისმენთ.

– „ჭაღარა“ ხარ, ხომ? – მოესმა კაპანაძეს მამაკაცის ხმა.

– ვინ ხარ? – კითხვითვე უპასუხა „ჭაღარამ“.

– ახლა კარგად მომისმინე. სადარბაზოში ჩადი და ფოსტის ყუთიდან კონვერტი ამოიღე. ყველაფერი იქ წერია და თუკი მოთხოვნას ზუსტად არ შეასრულებ, შედეგებზე მკაცრად აგებ პასუხს, – თქვა მამაკაცის ხმამ და ტელეფონი გათიშა.

ფოსტიდან ამოღებული კონვერტის შიგთავსში ეწერა: „შენი სეხნია შვილიშვილი ჩვენს ხელშია. თუ გინდა, რომ ის ცოცხალი დაგიბრუნოთ, მაშინ ჩვენი პირობა უნდა შეასრულო: ზუსტად ორ დღეში კიროვის ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზია უნდა გაძარცვო. თუ შეასრულებ, დანარჩენ ინსტრუქციას მოგვიანებით მიიღებ და შვილიშვილს საღ-სალამათს დაგიბრუნებთ. გადაგვაგდებ და შვილიშვილის თავს გამოგიგზავნით ტანის გარეშე. ალბათ, გეყოფა ჭკუა, რომ მილიციას არ მიმართო...“

მრავლის მნახველ „ჭაღარას“ ტანში გაცრა. მაგრამ თავი მოთოკა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ. საღამოს კი მოსკოვში გადაფრინდა და მეორე საღამოს უკან დაბრუნდა. ძარცვის დათქმულ ვადამდე, სულ რაღაც, 6 საათი რჩებოდა. „ჭაღარა“ საქმისთვის მოემზადა: შესაბამისად გამოეწყო, საჭირო მოწყობილობები ხელჩანთაში ჩააწყო და საიუველირო მაღაზიის გასაძარცვად გაემართა...

კომბინაცია

მეორე დღე რომ გათენდა, მთელი თბილისი საიუველირო მაღაზიის ფანტასტიკურ ძარცვაზე ლაპარაკობდა. შემთხვევის ადგილზე კი ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო შეკრებილი და მოკვლევა მიმდინარეობდა. იქვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მას პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი ეს საქმე. სასწრაფოდ დააკავეს თბილისში მყოფი ყველა „მედვეჟატნიკი“. მათ შორის „ჭაღარაც“. სულ ხუთი ადამიანი. მაგრამ დაკითხვის შემდეგ ხუთივე გაათავისუფლეს. ყველა მათგანს ალიბი აღმოაჩნდა და გამოძიება ჩიხში შევიდა. კაპანაძემ სუფთად მოახერხა საიუველირო მაღაზიის დაცარიელება და ძვირფასეულობა თავის ნათესავთან გადამალა, იმ შემთხვევისთვის, თუკი მილიცია მის ბინას გაჩხრეკდა. „ჭაღარა“ სახლში იჯდა და შვილიშვილის გამტაცებლების ზარს ელოდა. ორი დღის მერე უცნობმა მამაკაცმა კაპანაძეს დაურეკა და უთხრა, რომ გვერდით სადარბაზოში სახანძრო სტენდის უკან კონვერტი იდო. წაეკითხა და ზუსტად ისე მოქცეულიყო, როგორც იქ ეწერა. „ჭაღარამ“ კონვერტი გახსნა და წაიკითხა: „სანაპიროზე „პივნოი ბართან“ „მოსკვიჩი“ იდგება და ჩანთა „ბაგაჟნიკში“ ჩადე. მანქანის მძღოლი უცხო კაცია და რომც დაიჭირონ, მაინც ვერაფერს ათქმევინებენ, რადგან არ გვიცნობს. ამიტომ, არც ეცადო ჩვენზე გამოსვლას. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ყველაფერი რიგზეა, შენს შვილიშვილს ერთ საათში გამოვუშვებთ. სანაპიროზე საღამოს 8 საათზე მიდი“.

„ჭაღარამ“ ზუსტად ისე გააკეთა ყველაფერი, როგორც ბარათში ეწერა. ღამის 11 საათზე უცნობმა დარეკა და კაპანაძეს უთხრა, რომ მისი შვილიშვილი მეტროსადგურ „რუსთაველში“ მოეკითხა. და, როდესაც პატარა ალექსანდრე ბაბუამ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მილიციის განყოფილებიდან წამოიყვანა, მისმა თანმხლებმა მაიორმა რაციით გადასცა: „ყველაფერი რიგზეა. აიყვანეთ!“

„ჭაღარას“ თანმხლები მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს მაიორი კონსტანტინე (კოკა) რუსაძე იყო. „ჭაღარა“ მას ბიძად ეკუთვნოდა და როდესაც შვილიშვილი მოსტაცეს, მოსკოვში ჩავიდა და დახმარებისთვის მას მიმართა. დაიგეგმა სპეცოპერაცია. თბილისში მოსკოვის მილიციის ოპერჯგუფი ჩამოვიდა და ძარცვამ მათი მეთვალყურეობით ჩაიარა. ძვირფასეულობით სავსე ჩანთაში კი „რადიომაიაკი“ იყო ჩამონტაჟებული და მისი მეშვეობით დადგინდა ბოროტმოქმედთა ადგილსამყოფელი. როდესაც პატარა ალექსანდრე სამშვიდობოზე იყო, მოსკოვის მილიციის სპეცჯგუფმა ბოროტმოქმედები დააპატიმრა. ისინი და-ძმა კოდალაშვილები აღმოჩნდენ. ქალი საიუველირო მაღაზიის გამყიდველად მუშაობდა. მისი ძმა კი არასაუწყებო დაცვის თანამშრომელი იყო. ორივე გაასამართლეს. თუმცა, სრული ვადის მოხდა არცერთს არ მოუწია – ოთარ კოდალაშვილი ციხეში პატიმრებმა ჩამოახრჩვეს, ალა კოდალაშვილს კი ქალთა ციხეში ყელი გამოჭრეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა და პატიმრობა პირობითით შეუცვალეს.

„ჭაღარამ“ ქურდის ტიტულზე უარი თქვა და მოტივად მილიციასთან თანამშრომლობა დაასახელა, რაც ქურდისთვის მიუღებელი საქციელი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი