კრიმინალური ისტორიები

როგორ გაათხოვა 15 ქალწული ქართველმა თაღლითმა ყაზახეთში

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 22.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მრავალმხრივი თაღლითი

რობერტ მშვილდაძე ქუთაისში იყო დაბადებული და როგორც თაღლითმა, ადრეული ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი. ფული მას მუდმივად ჰქონდა, სხვადასხვა ხერხით შოულობდა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როდესაც მაღაზიის, აფთიაქის ან სხვა სავაჭრო დაწესებულების წინ ატირებული დადგებოდა და როდესაც რომელიმე გულმოწყალე მოქალაქე ჰკითხავდა მას, რა ატირებდა, პატარა თაღლითი პასუხობდა: დედამ წამლის ფული გამომატანა, დავკარგე და სახლში როგორ მივიდეო. გულმოწყალე, რა თქმა უნდა, 5 მანეთს არ დაამადლებდა პატარას და რობერტი დღის განმავლობაში, მინიმუმ, 50 მანეთს შოულობდა. თუმცა, უფრო შემოსავლიანი დღეებიც ჰქონდა. პატარა თაღლითი ერთხელ ქუთაისის საკოლმეურნეო ბაზარში ახორციელებდა თავის სქემას და ერთ გლეხ მოხუც ბებოს ისე აუჩუყდა გული, რომ ქალმა მას ორი კალათი აუვსო ძვირფასი, ნარჩევი ხილით, 5 მანეთიც აჩუქა და უთხრა: სახლში ტაქსით წადიო. ამ ამბავს რობერტის სკოლის დირექტორი როინ ბუცხრიკიძე შეესწრო. როდესაც რობერტმა მრისხანე დირექტორი დაინახა, ხილით სავსე კალათები ხელიდან გააგდო, ხუთმანეთიანი მაგრად ჩაბღუჯა ხელში და თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა. დირექტორმა რობერტის მშობლები დაიბარა და მართალია, ბიჭი დასაჯეს და გარეთ აღარ უშვებდნენ, მაგრამ ის უკვე კრიმინალის გზაზე იყო შემდგარი. იოლი ფულის გემო გასინჯული ჰქონდა და გადახვევას აღარ აპირებდა.

ბილეთების აფერა

რობერტ მშვილდაძის მდიდარ კრიმინალურ ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს, ეგრეთ წოდებულ, „ბილეთების აფერას“. საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საერთაშორისო მატჩებზე ერთი ბილეთის ფასი იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას აღწევდა და 100 მანეთად იყიდებოდა. თავად ბილეთი კი ძალიან მარტივად გასაყალბებელი იყო. იბეჭდებოდა უბრალო ქაღალდზე. არანაირი ჰოლოგრამა არ გააჩნდა და მხოლოდ შრიფტი და კონტურები ჰქონდა სხვადასხვა ფერის და მართკუთხედი ბეჭედი ერტყა. თაღლითმა ბეჭედი რეზინისგან გამოჭრა. ზომაზე დაჭრილი ქაღალდი კი რეისფედერის მეშვეობით, სხვადასხვა ფერის ტუშით მოხატა და გააშრო. სულ 100-100 ცალი ყალბი ბილეთი დაამზადა და „დინამო“–„ლივერპულისა“ და „დინამო“-„ჰამბურგის“ თამაშების დღეს გაყიდა. ამ აფერით მშვილდაძემ 20 ათასი მანეთი იშოვა, რაც იმ დროს დიდი ფული იყო. თუმცა, მილიცია უკვე ეძებდა ბილეთების გამყალბებელს და რობერტი თბილისი-სოჭის მატარებლიდან იმ დროს „მოხსნეს“, როდესაც ის ცნობილ საკავშირო კურორტზე „საგულაოდ“ მიემგზავრებოდა. ჩხრეკისას მას 10 600 მანეთი აღმოუჩინეს. გაასამართლეს და თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის უკანონოდ მითვისებისთვის 8 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. თუმცა, ციხეში მან მხოლოდ 6 წელი გაატარა – სანიმუშო ყოფაქცევისთვის მშვილდაძე 1985 წელს გაათავისუფლეს.

აღმოსავლური ტრადიცია

„პერესტროიკის“ პერიოდში რობერტ მშვილდაძე შუა აზიაში „მოღვაწეობდა“ და პატარ-პატარა თაღლითობებით გაჰქონდა თავი. 1990 წელს კი მან გრანდიოზული ტრაგიკომიკური კომბინაცია განახორციელა. რობერტი ნიჭიერი კაცი იყო. მრავალმხრივი უნარი ჰქონდა და ენებსაც იოლად ითვისებდა. ის უაქცენტოდ ლაპარაკობდა უზბეკურ და ყაზახურ ენებზე. აგრეთვე, კარგად იცოდა მათი ტრადიციები. 1990 წლის მიწურულს მშვილდაძე ყაზახეთის ერთ-ერთ მთიან სოფელს ესტუმრა და ჯერ კიდევ ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში, სადაც მეცხვარეები სახლობდნენ და უამრავი საქონელი ჰყავდათ, ბევრ ადამიანს დაუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები დიდი სწავლა-განათლებით არ გამოირჩეოდნენ, რუსული ენა მეტ-ნაკლებად იცოდნენ. სოფელში საბჭოთა არმიის ნაწილი იყო განთავსებული, რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა და რუსული ენა ყაზახ გლეხებს თავიანთი საქმიანობის საწარმოებლად სჭირდებოდათ. სამხედროები ცხვრის ხორცისა და მატყლის უდიდეს ნაწილს სწორედ მათგან ყიდულობდნენ. საქმის წარმოება სწორედ რუსულად ხორციელდებოდა. რობერტი ადგილობრივ გლეხ მეცხვარეებს ვაჭარ-კომერსანტად გაეცნო, რომელიც ცხვრით იყო დაინტერესებული. ამასთან, მათ „სიტყვა შეუგდო“, რომ ექვსი ცოლისგან თხუთმეტი ქალწული ჰყავდა და მათი გათხოვება სურდა ისეთ პატიოსან, მშრომელ ადამიანებზე, როგორებიც ამ სოფლის ახალგაზრდა მეცხვარეები იყვნენ. ეს ხმა მალევე გავრცელდა სოფელში. რობერტს შვილების გათხოვების მსურველები აკითხავდნენ, კალიმს (ქალის გამოსასყიდი) სთავაზობდნენ. რობერტი მათ „უხსნიდა“, რომ მართალია, მე ყაზახი ვარ, ჩემი ულამაზესი ქალწული გოგონები ნახევრად რუსები არიან და ყაზახურად ვერ ლაპარაკობენო, ადგილობრივები ამბობდნენ, რუსულად დაველაპარაკებით და მშობლიურ (ყაზახურ ენას) ჩვენ ვასწავლითო. რობერტმა, აღმოსავლური ტრადიციისამებრ, 15 სასიძო შეარჩია. წინასწარ მოურიგდა მათ. კალიმის მესამედი გამოართვა და თავისი „ქალწულების“ ჩამოსაყვანად ყაზახეთის დედაქალაქში გაემგზავრა. სინამდვილეში კი მშვილდაძე თბილისში ჩამოვიდა. თბილისის ბორდელებში 15 გოგონა შეარჩია, თანხა წინასწარ გადაუხადა. მოელაპარაკა: აღმოსავლურად გამოაწყო და ყაზახეთში „წაასხა“. რობერტის „ქალწულების“ ქორწილებმა ყაზახეთის მთიან სოფელში ზარ-ზეიმით ჩაიარა. ქალს მონატრებულმა ჭაბუკებმა მათ „უმანკოებას“ ვერაფერი გაუგეს, რადგან ძალიან გამოცდილ გოგონებთან ჰქონდათ საქმე. „მამა“ კიდევ ერთი კვირა დარჩა „შვილებთან“, შემდგომ კი, აღმოსავლური ტრადიციისამებრ, ყველანი დასამშვიდობებლად და ჭკუის დასარიგებლად გაიხმო. ნახევარი საათის შემდეგ კი რუსული (საბჭოთა) სამხედრო ნაწილიდან სატვირთო ვერტმფრენი აფრინდა და რობერტი, თავისი „ქალწულებით“, სამუდამოდ წაიყვანა იმ სოფლიდან. თაღლითმა პილოტს ვალუტით გადაუხადა, გოგონები თავიანთ „ბუდეებს“ უვნებლად დაუბრუნა, თავად კი კალიმის დანარჩენი ნაწილი ჩაიჯიბა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი