კრიმინალური ისტორიები

რა დანიშნულება ჰქონდა ავღანეთიდან გამოგზავნილ „ტვირთი 200-ს“

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ტვირთი 200“

„ტვირთი 200“ ავღანეთიდან სამშობლოში თუთიის კუბოთი გამოგზავნილი მეომრების ცხედრების კოდური სახელწოდება იყო. კუბოები დაღუპული მეომრების ოჯახებში მყარად თავდახურული და შედუღებული იყო. პატრონებს მიცვალებულის ნახვა (კუბოს გახსნა) კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული. ტვირთს ორი სამხედრო ახლდა თან. ისინი დაკრძალვის მთელ პროცესს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ, რომ ჭირისუფალს თუთიის კუბი არ გაეხსნა. და მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ, როდესაც კუბოს საფლავში ჩაასვენებდნენ და მიწას მიაყრიდნენ.

1982 წლის თებერვალში „ტვირთი 200“ სალომე კოპაძის ოჯახში მიიტანეს. სალომეს ერთადერთი ვაჟი ნებაყოფლობით გაემგზავრა ავღანეთში. ერთი წლის შემდეგ კი თუთიის კუბოთი დააბრუნეს უკან. ოთარი, სულ რაღაც, 19 წლის იყო. ის დედის გვარზე ეწერა. მამით ის ვაჩეიშვილი იყო. მაგრამ მამამისმა სალომე მიატოვა და სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. ამის გამო ოთომ მამა შეიძულა, გვარი გამოიცვალა და მიუხედავად სოლომონ ვაჩეიშვილის ყოველმხრივი მცდელობისა, ურთიერთობა ჰქონოდა ვაჟთან, ოთო მას ახლოც არ იკარებდა. ავღანეთშიც პროტესტის ნიშნად წავიდა. მით უმეტეს, რომ მას დედისერთობის გამო ჯარში სამსახური საერთოდ არ ეკუთვნოდა. გარდა ამისა, სოლომონ ვაჩეიშვილი მილიციის მაღალჩინოსანი, იყო პოლკოვნიკის წოდებით და საჭირო რომ გამხდარიყო, შვილს საერთოდ არ გაუშვებდა ჯარში. თუმცა, ოთომ სხვაგვარად გადაწყვიტა. ავღანეთში გაემგზავრა და ერთი წლის მერე გულმოკლულ დედას თუთიის კუბოთი „დაუბრუნდა“.

საიდუმლო გამოძიება

პოლკოვნიკი სოლომონ ვაჩეიშვილი უკიდურესზე უკიდურესად იყო გამწარებული. ამ ტრაგედიაში სავსებით სამართლიანად ადანაშაულებდა საკუთარ თავს. დაჭრილი დათვივით ბღაოდა. როდესაც თუთიის კუბო მიწაში ჩადეს, მან თავში ხელების ცემა დაიწყო. თან ყვიროდა, მშვიდობით, მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცოო... მერე უცებ დადუმდა, მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და სწრაფად წაიღო საფეთქლისკენ, მაგრამ გვერდით მდგომმა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა მოასწრო, იარაღზე ხელი აუკრა და გასროლა ჰაერში განხორციელდა. სოლომონს თანამშრომლები ეცნენ, იარაღი აართვეს. გამწარებული მამა კი უგონოდ ძირს დაეცა. სოლომონი ნევროლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. ყველას იმედი ჰქონდა გადაწურული, მის გამოჯანმრთელებას არ ელოდნენ. თუმცა, მესამე დღეს მასთან სალომე მივიდა. გაამხნევა და უთხრა: მეც დამნაშავე ვარ ჩვენი ოჯახის დანგრევაში. ძალა მოიკრიბე, ძლიერი ადამიანი ხარ და დაძლიე ეს უბედურებაო. პოლკოვნიკზე ამან სასიკეთო გავლენა მოახდინა და ის ერთი კვირის მერე ფეხზე დადგა. კიდევ ორი დღე რომ გავიდა, სოლომონი და მისი ოთხი თანამშრომელი ღამით სასაფლაოზე მივიდნენ, საფლავიდან თუთიის კუბო ამოიღეს, გახსნეს და შიგნით ქვიშით სავსე ორი ტომარა აღმოაჩინეს. პოლკოვნიკმა თავისი გავლენა გამოიყენა. კუბო და ტომრები ექსპერტიზაზე ჩუმად მიიტანა და საიდუმლო გამოძიება დაიწყო.

დაბრუნება

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თუთიის კუბოში გვამი არასდროს ყოფილა. სამაგიეროდ იქ ჰეროინის კვალი აღმოჩნდა. ლოგიკურად გამოდიოდა, რომ თუთიის კუბოთი ავღანეთიდან ჰეროინის ტრანსპორტირება ხდებოდა. მაგრამ სად გაქრა ოთო? პოლკოვნიკმა დაადგინა „ტვირთი 200-ის“ თანმხლები პირების ვინაობები. ისინი მაიორი ვადიმ ხორკინი და რიგითი ალექსეი შოპოვალოვი აღმოჩნდნენ. ვაჩეიშვილმა ისიც შეიტყო, რომ ორივე სამხედრო იმჟამად ბაქოში იმყოფებოდა და ორ დღეში ქაბულში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ვაჩეიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში ოთხი ერთგული თანამშრომელი წაიყვანა. ხუთეულმა სასტუმროს ნომრიდან ორივე სამხედროს გატაცება შეძლო და ისინი იუსუფ ალესკეროვის სახლის სარდაფში გამოამწყვდიეს. პოლკოვნიკი ალესკეროვი სოლომონის ძმადნაფიცი იყო. მაიორმა და რიგითმა თქვეს, რომ „ტვირთი 200-ის“ მეშვეობით ავღანეთიდან საბჭოთა კავშირში ჰეროინი შემოჰქონდათ. სხვადასხვა ქალაქებში ცლიდნენ და წინასწარ შემუშავებულ მისამართებზე დაფასოებულს გზავნიდნენ. ოთოს „ტვირთი 200“, მათი თქმით, ბაქოში დაფასოვდა და სად გაიგზავნა, არ იცოდნენ. ოთოზე კი თქვეს, რომ ის ერთ-ერთი ოპერაციის დროს, სავარაუდოდ, მოჯაჰედებმა მოკლესო. მათივე მტკიცებით, ოთო საშინელი შეტაკების დროს დაიღუპა და მართალია, მისი ცხედარი არავის უნახავს, მაგრამ, ცოცხალი ვერ გადარჩებოდაო. პოლკოვნიკმა ეს ინფორმაციები მაგნიტოფონით ჩაიწერა. ორიგინალი შეინახა. ასლები კი საკავშირო თავდაცვის სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტს გაუგზავნა. სამხედროები კი თბილისში ჩამოიყვანეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით. ორივე სამხედრომ აღიარებითი ჩვენებები დაწერა... თუმცა, მეორე დღესვე საკავშირო თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო პროკურატურის ორი წარმომადგენელი ჩამოვიდა თბილისში და პატიმრები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. თან წაიღეს სისხლის სამართლის საქმეც. ვაჩეიშვილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს. თუმცა, თანამდებობაზე დატოვეს. როგორც გაირკვა, ორივე სამხედრო უკვალოდ გაქრა. სოლომონ ვაჩეიშვილი კი ოთოს მოსაძებნად ძალისხმევას არ იშურებდა. მას შვილის მოძებნაში დახმარებას „გრუს“ გენერალი შეჰპირდა. სამაგიეროდ პოლკოვნიკს ეს ისტორია უნდა დაევიწყებინა. და მართლაც, 1984 წელს ოთო თბილისში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ის დაჭრილი აუყვანიათ მოჯაჰედებს და ორი წლის განმავლობაში ტყვედ ჰყოლიათ. შემდგომ კი ოთო 4 მოჯაჰედში გაცვალეს და თბილისში დააბრუნეს.

სოლომონს, რომელსაც მეორე ცოლთან შვილი არ შეძენია, 1983 წელს მეორე მეუღლე სიმსივნით გარდაეცვალა. ოთოს დაბრუნების შემდეგ კი სალომეს შეურიგდა და მათ ჯვარი დაიწერეს. ოთო კი 1986 წელს დაქორწინდა და მამას შეურიგდა.

P.S. დღესდღეობით სოლომონიც ცოცხალია, სალომეც და ოთოსთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი