როგორ ატერორებდა საქართველოს ქალაქებს უცნობი ბანდა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
უცნობი ბანდა
გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში მოქმედებდა მძარცველთა ბანდა. ნიღბიანი ბანდის წევრები თავს ესხმოდნენ მდიდარ ოჯახებს საქართველოს მთელი მასშტაბით და პირწმინდად ძარცვავდნენ. ბოროტმოქმედები შავი ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, პისტოლეტებით შეიარაღებულნი და ელვისებური სისწრაფითა და სიზუსტით მოქმედებდნენ. მიჰქონდათ მხოლოდ ფული და ძვირფასეულობა. დანარჩენ ნივთებს კი, რაც არ უნდა ძვირფასი ყოფილიყო, ხელს არ ჰკიდებდნენ. დაზარალებულთა დაკითხვებიდან აშკარა იყო, რომ ბოროტმოქმედნი შესანიშნავად ერკვეოდნენ გაძარცვული ოჯახების ბინების განლაგებაში და ზუსტად იცოდნენ, თუ სად ინახავდნენ ისინი ძვირფას ნივთებს. გამოიკვეთა ერთი დეტალიც, მძარცველები დანაშაულის მომენტში არ ლაპარაკობდნენ და ერთმანეთთანაც მხოლოდ ჟესტებით ურთიერთობდნენ. მათი დანაშაულების გეოგრაფია ფართო იყო და მთელ საქართველოს მოიცავდა. დაყაჩაღებულ-გაძარცვული ოჯახების განცხადებები რამდენჯერმე შევიდა თბილისიდან. ძარცვები მოხდა, ასევე ქუთაისში, სოხუმში, ბათუმსა და გორში. ბანდის მიერ გატაცებული ქონების ღირებულება, უხეში დათვლით, მილიონი საბჭოთა მანეთი იყო. ეს კი იმ პერიოდისთვის ძალიან დიდ თანხას წარმოადგენდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ საქმეზე. ფეხზე დააყენეს მთელი აგენტურული ქსელი, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ მოქმედებდა „შავი სამყაროსთვის“ უცნობი ბანდა და მათზე ინფორმაცია არავის ჰქონდა. პოლკოვნიკი ანზორ მასხულია საგონებელში იყო ჩავარდნილი და ცდილობდა ამ ჩიხიდან გამოსულიყო და ბანდის კვალი აღმოეჩინა.
მორიგი ძარცვა
ბანდის მიერ პირველი დანაშაულიდან ორი წელი იყო გასული, როდესაც მათ მორიგი ძარცვა განახორციელეს. ისინი კასპის რაიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში ვინმე ემზარ ჯუღელს დაესხნენ თავს და იქიდან დიდძალი ძვირფასეულობა გაიტაცეს. დაზარალებული ჯუღელი პარტიული ფუნქციონერი იყო და დიდ ფულს შოულობდა. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მხოლოდ მისი ახალგაზრდა მეუღლე (ჯუღელზე 20 წლით უმცროსი იყო), ლიანა ქემერტელიძე იმყოფებოდა. როდესაც ამ დანაშაულის ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა, ის ანზორ მასხულიას გადაუგზავნეს და პოლკოვნიკი, თავის ჯგუფთან ერთად კასპის რაიონში გაემგზავრა დაზარალებულების გამოსაკითხავად. მასხულია დარწმუნებული იყო, რომ ბოროტმოქმედთა შორის იყო ისეთი ადამიანი, ვისაც წვდომა ჰქონდა გაძარცვულ ოჯახებთან. შინაური თუ არა, რაღაცით მაინც იყო დაკავშირებული მათთან. გამოკითხვის დროს ლიანა ქემერტელიძემ მასხულიას უთხრა, რომ მის სახლში უცხოები არ დადიან. და რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასთან მხოლოდ მისი დაქალი და მკერავ-მოდელიორი იყო, თანაც სულ რაღაც 20 წუთით. მკერავია, კაბას მიკერავს და „პრიმერკაზე“ მოვიდა და წავიდაო. პოლკოვნიკი ინფორმაციას ჩაეჭიდა და დაქალისა და მკერავის პიროვნების დადგენას შეუდგა. დაქალი ვინმე ჟანა პოღოსაშვილი იყო. მას იუველირი ქმარი ჰყავდა და ქემერტელიძეს შეკვეთით უმზადებდა ოქროს სამკაულებს. მკერავი კი 30 წლის ელენე კორძაია იყო. ის, როგორც მკერავი-მოდელიორი, პრესტიჟულ მოდების ატელიეში მუშაობდა დიზაინერად. საგულისხმო კი ის იყო, რომ ელენე კორძაიას ძმა, კაკო კორძაია, ყაჩაღი იყო და 15-წლიან პატიმრობას იხდიდა ციმბირში. ეს საკმაოდ საგულისხმო ფაქტი იყო, მაგრამ იმას არ ნიშნავდა, რომ დაც აუცილებლად დამნაშავე უნდა ყოფილიყო. პოლკოვნიკმა სხვა დაზარალებულები ხელახლა დაჰკითხა და მნიშვნელოვანი მახასიათებელი იპოვა. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა დროს ყველა დაზარალებულთან, სახლში, იმყოფებოდა მკერავი-მოდელიორი. მასხულიამ მათი პიროვნებებიც დაადგინა და აღმოჩნდა, რომ ყველანი ერთ სამოდელო ატელიეში მუშაობდნენ. პოლკოვნიკს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მძარცველები ამ ატელიედან იყვნენ.
ხაფანგი
პოლკოვნიკმა ოპერატიული კომბინაცია მოიფიქრა. ატელიეში თავისი ახალგაზრდა თანამშრომელი მანანა კაკაბაძე გაგზავნა და ვითომ მდიდარი ოჯახის მოსამსახურე იყო, ელენე კორძაიას სთხოვა, რომ მის „ხაზეიკას“ კაბის შეკერვა უნდოდა და რომელიმე მკერავი მის ოჯახში გაეგზავნა ზომების ასაღებად. კორძაია თავად მივიდა „ხაზეიკასთან“, სინამდვილეში კი მილიციის კონსპირაციულ ბინაში. „ხაზეიკაც“ მილიციის თანამშრომელი იყო და კორძაიამ „ზომები“ აუღო. მდიდრული ბინა შეათვალიერა და წავიდა. ერთი კვირის მერე კი შუაღამეზე შავსამოსიანი, ნიღბიანი მძარცველები შეიჭრნენ და იქაურობა გაძარცვეს. მაგრამ მილიციის ოპერჯგუფი უკვე ჩასაფრებული იყო და მძარცველები ალყაში ჰყავდათ მოქცეული. ბანდის წევრებმა იარაღი დაყარეს და დანებდნენ... ხუთივე ნიღბიანი ატელიეში მომუშავე მკერავი-მოდელიერი ქალი აღმოჩნდა. ელენე კორძაია კი მათი მეთაური იყო და ჯერ კიდევ ძმასთან ერთად ყაჩაღობდა.
ხუთივე ბოროტმოქმედს ხანგრძლივი პატიმრობები მიუსაჯეს და ქალთა ციხეებში გაამწესეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან