როგორ გაიხსნა თბილისში მოკლული რეციდივისტის საქმე
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ბეჭედი
1968 წლის თებერვალში ორთაჭალჰესთან მოთევზავე ანზორ კვანჭილაშვილმა მამაკაცის ცხედარი შენიშნა. მეთევზემ გრძელი კაუჭის საშუალებით ცხედარი ნაპირზე გაიტანა, შემდეგ კი მილიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა და ექსპერტებმა ცხედარი დაათვალიერეს, დააფიქსირეს, რომ მას ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი და პროზექტურაში გადაიტანეს. პათოლოგანატომმა კი გვამის გაშიშვლების პროცესში მის მაღალყელიან წინდაში ლალისთვლიანი ოქროს ბეჭედი აღმოაჩინა. ბეჭედი გამომძიებელს, ოთარ ზარქუას გადასცა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. გამომძიებლის ვერსიით, მოკლულმა ბეჭედი ქურდობის დროს დაუმალა თანამზრახველს ან თანამზრახველებს.
– უფრო სავარაუდოა, რომ საქმეზე ორნი იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მკვლელობა ნაკლებმოსალოდნელია. თუმცა, ვინ იცის, – უთხრა ზარქუამ თავისი საგამოძიებო ჯგუფის წევრებს.
გამოცდილი გამომძიებლის ვარაუდი გამართლდა. მოკლული, რეციდივისტი ელიოზ გულბათაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ოთხი დღის დაკარგული იყო და მას ოჯახი ეძებდა. მისი ცოლის თქმით, ელიოზი ოთხი დღის წინ გვიან ღამით გავიდა სახლიდან. თქვა, დასალევად მივდივარო და გაუჩინარდა. ყოველი შემთხვევისთვის, მოკლულის ცოლს ფეხსაცმელში აღმოჩენილი ლალისთვლიანი ბეჭედი უჩვენეს, მაგრამ მან თქვა, რომ ამ ძვირფას ნივთს პირველად ხედავდა.
„ვირთხა ჯემალა“
გამომძიებელმა ოთარ ზარქუამ თავისი აგენტების ქსელს მიმართა და ერთ-ერთმა მათგანმა მას უთხრა:
– ვფიქრობ, რომ ელიოზა „პაძელნიკმა“ „დაბრიდა“.
– ვისზე გაქვს ეჭვი.
– აბა, მე რა ვიცი, უფროსო?! მე იქ არ ვყოფილვარ. ელიოზს მხოლოდ „ვეპრივეტებოდი“. ისე კი მასთან საქმეს არ ვიჭერდი. ძალიან „სკოლზკი“ ტიპი იყო, არასანდო. შაურად გაგყიდდა. რომ თქვით, ძვირფასი ბეჭედი აღმოაჩნდა „ნასკშიო“, ესე იგი, საქმის დროს „იკრისა“.
– ვისთან ძმაკაცობდა? – ჰკითხა გამომძიებელმა აგენტს.
– მისნაირ ტრაკებთან. ამ ბოლო დროს „ვირთხა ჯემალასთან“ ძმაკაცობდა. სულ ერთად „ტასაობდნენ“.
– ჯემალ ქორჩილაშვილს გულისხმობ?
– კი, მაგას.
„ვირთხა ჯემალა“, იგივე ჯემალ ქორჩილაშვილი, რეციდივისტი იყო. ქურდობისთვის ოთხჯერ ნასამართლევი. მას მარცხენა ყურის ბიბილო მოჭრილი ჰქონდა. მეორე „სროკზე“ ქორჩილაშვილი თანამესაკნისთვის ფულის მოპარვაში ამხილეს და ყურის ბიბილოც აათალეს, თან „ვირთხა ჯემალა“ შეარქვეს.
მოულოდნელი შემობრუნება
ამ საქმემ მოულოდნელი შედეგი აჩვენა. აგენტთან საუბრის შემდეგ ზარქუამ ოპერატიულ ჯგუფს „ვირთხა ჯემალას“ თვალთვალი დაავალა და ხელსაყრელ მომენტში მისი დაკავება უბრძანა. თავად კი ქურდობაზე შემოსულ განცხადებებს გაეცნო. ასეთი სულ ოთხი იყო. გამომძიებელი დააინტერესა ტერეზა გაგნიძის განცხადებამ, რომელიც წერდა, რომ ძვირფასეულება მოჰპარეს. ჩამონათვალთა შორის იყო ლალისთვლიანი ბეჭედიც, როცა მას ფეხსაცმელში ნაპოვნი ბეჭედი უჩვენეს, ქალმა ის ამოიცნო. იმავდროულად, ოპერებმა „ვირთხა ჯემალაც“ დააკავეს და მილიციაში მიიყვანეს: მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ ის ქურდობაშიც გამოტყდა და ელიოზ გულბათაშვილის მკვლელობაშიც. თუმცა, ამბობდა, რომ „პაძელნიკი“ თავდაცვის მიზნით მოკლა და მტკვარში გადააგდო. ქორჩილაშვილის ბინა გაჩხრიკეს, დანარჩენი ნაქურდალი ნივთებიც ამოიღეს და ეს ნივთები ტერეზა გაგნიძეს უჩვენეს. მათი ნაწილი ქალმა ამოიცნო, დანარჩენები კი – ვერა. თუმცა ქორჩილაშვილი დაჟინებით ამტკიცებდა საპირისპიროს და ამბობდა, რომ ნაქურდალის ნაწილი გაგნიძის საძინებელში მდებარე სამალავიდან ამოიღო, რომელიც სურათის უკან, კედელში მდებარეობდა და მილიციელებს მისი ადგილსამყოფელიც უჩვენა. ტერეზა გაგნიძემ გამომძიებლებს უთხრა: ალბათ, ეს ჩემმა მეუღლემ გააკეთა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდიო. გაგნიძის მეუღლე, გურამ პატიაშვილი, ქალის თქმით, მივლინებაში იმყოფებოდა ვოლგოგრადში.
– გურამი სატანკო ქარახანში მუშაობს ინჟინრად. ვოლგოგრადში კი სათადარიგო ნაწილების ჩამოსატანად გაგზავნესო, – თქვა ქალმა.
ზარქუა დააეჭვა ამ გარემოებამ. გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თბილისის სატანკო ქარხანაში გურამ პატიაშვილი არ მუშაობდა. გამომძიებელმა არქივებში მოიძია და გაირკვა, რომ პატიაშვილს 8 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული ძარცვისთვის, რომელიც მან 14 წლის წინ ჩაიდინა და ციხიდან 6 წლის წინ გათავისუფლდა. კიდევ უფრო მოულოდნელი შედეგი მოიტანა სამალავიდან ამოღებული ძვირფასი ნივთების შემოწმებამ. რამდენიმე მათგანი ხელოვნების ნიმუში გამოდგა და უკვე 16 წლის განმავლობაში ძებნაში იყო. ეს ნივთები ცნობილი ლენინგრადელი კოლექციონერის, მიხეილ სურიცის ბინიდან იყო გატაცებული. სურიცი კი მოკლეს და ის საქმე გაუხსნელი დარჩა. ზარქუამ პატიაშვილის სახლზე თვალთვალი დააწესა და 3 დღის მერე თბილისში დაბრუნებული, თავისი სახლის სადარბაზოში დააკავეს. სპორტულ ჩანთაში მას ფული და ანტიკვარული ნივთები აღმოაჩნდა; ასევე, „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი. როგორც გაირკვა, პატიაშვილი ქუთაისში იყო. იქ იუველირი გაძარცვა და თბილისში დაბრუნდა. „ვალტერის“ ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ იუველირი სურიცი სწორედ ამ იარაღიდან იყო მოკლული 16 წლის წინ. გურამ პატიაშვილი მარტოხელა მძარცველი, ეგრეთ წოდებული, „აძინოჩკა“ იყო. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. „ვირთხა ჯემალას“ კი 5 წელი მიუსაჯეს. თუმცა, ის თბილისის „კრიტში“ ჩამომხვრჩალი იპოვეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან