კრიმინალური ისტორიები

რა „ჩეკისტური“ კომბინაციით გაანეიტრალეს საშიში ბანდა

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.04

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„მთიელი“

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი პანკისის ხეობაში, კბილებამდე შეიარაღებული ბანდა თარეშობდა. ბოროტმოქმედები ძარცვავდნენ მოსახლეობას როგორც ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ასევე საქართველოში. ძალოვანმა სტრუქტურებმა 3 წლის განმავლობაში ვერაფერი მოუხერხეს მათ. ცნობილი იყო მხოლოდ მათი სავარაუდო რაოდენობა – 15-20 ადამიანი. მაგრამ მათი ვინაობები არავინ იცოდა. სავარაუდოდ, ისინი იმ რეგიონის მცხოვრებნი იყვნენ. მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბანდას ასლან დუდაროვი, მეტსახელად „მთიელი“, მეთაურობდა. ის წინასწარი გამოძიების საკნიდან იყო გამოქცეული ჯარში ყოფნის დროს მან მეთაური მოკლა შეურაცხყოფისთვის. დუდაროვს მკვლელობის მუხლი მიუყენეს და დახვრეტა ელოდა. მაგრამ დუდაროვი ლვოვის ციხიდან გაიქცა. საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა და 5 წელი იმალებოდა. შემდგომ მან შეიარაღებული ბანდა ჩამოაყალიბა და ძარცვას მიჰყო ხელი. „მთიელი“ 1936 წელს იყო დაბადებული, 1961 წელს 25-ის ხდებოდა. რაზმი შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. მილიციამ რა ღონეს არ მიმართა „მთიელისა“ და მისი ბანდის გასანეიტრალებლად, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს ეს საქმე უშიშროებას გადაეცა. მისმა ხელმძღვანელმა, ალექსი ინაურმა კი ბანდის განეიტრალება თავის ხელქვეითებს უბრძანა.

„ვოლკოდავები“

ინაურის ბრძანებით, შეიქმნილი იყო საგანგებო-ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც „ვოლკოდავებს“ (მგლის მახრჩობელები) უწოდებდნენ. ისინი იყვნენ გამოცდილი „ჩეკისტები“, რომლებიც შეიარაღებულ, ანტისაბჭოთა მიმართულების ბანდებს ებრძოდნენ. მათ ანგარიშზე არაერთი წარმატებული ოპერაცია იყო. დასავლეთ უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და საქართველოში. რაზმის მეთაური იყო უშიშროების პოდპოლკოვნიკი ალექსი ბექაური. რაზმში 23 წევრი ირიცხებოდა და ყველა მათგანი ოფიცერი იყო. ბექაურმა თავისი რაზმის წევრებს პირველივე შეხვედრისას უთხრა: „ამხანაგებო, რადგან მილიციამ მათ ვერაფერი მოუხერხა, მთავრობამ ჩვენ გვიხმო. ჩვენ კი „ჩეკისტურად“ უნდა ვიმოქმედოთ, გონებით და ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რაც ბანდიტებს ხაფანგში გააბამს. თითოეული თქვენგანი გამოცდილი მუშაკია. თქვენი იმედი აქვს პარტიასა და მთავრობას და თქვენი იმედი მაქვს მე“...

შეადგინეს მოქმედების გეგმა და პირველ ეტაპზე დუდაროვის ბანდის შესახებ არსებულ მწირ ინფორმაციას გაეცნენ და მისი გაშიფვრა-დამუშავება დაიწყეს. ძირითადად, იქ ნათქვამი იყო მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ბანდიტებს არც მკვლელობა ჰქონდათ ჩადენილი, არც განსაკუთრებული სისასტიკე. ქალების მიმართ კი პატივისცემას იჩენდნენ, კი არ ძალადობდნენ, მით უმეტეს, არ აუპატიურებდნენ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში, სხვა ბანდებთან ხდებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი არ აყენებდნენ.

– გამოდის, რომ მოსახლეობაში რობინ ჰუდების ნიღაბს ირგებენ. ეს კი უფრო მეტად ართულებს ჩვენს ამოცანას. ღარიბებს არ ეხებიან. ღირსებას არ შეულახავენ ქალებს და მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს და სახელმწიფო უწყებებს ძარცვავენ, – დაასკვნა ბექაურმა.

ბანდაზე აღძრულ საქმეებში მაინც აღმოჩნდა ერთი დეტალი, რომელსაც ბექაური ჩაეჭიდა. იქ ეწერა, რომ ბანდას ჰყავდა მეკავშირე – ქისტი მუსა ციხელაშვილი, რომელიც უშუალოდ არ ხვდებოდა ბანდიტებს, არამედ მათთან ტყეში არსებული სამალავებით ურთიერთობდა. იქ ტოვებდა „ქსივებს“ და იქიდანვე იღებდა ბანდიტების „ქსივებსაც“. მილიციამ რამდენიმეჯერ სცადა სამალავების აღმოჩენა, მაგრამ ტყეში ამის გაკეთება არ მოხერხდა. ციხელაშვილი გამოცდილი მეტყევე იყო და პანკისის ტყე საკუთარი ხელისგულივით იცოდა... ბექაურმა ყურადღება მიაქცია საქმეებში არსებულ ერთ დეტალსაც. იქ ფიგურირებდა 23 წლის თელაველი გოგონა – ელიკო რაზმაძე. არსებული ინფორმაციით, ის დუდაროვის საყვარელი იყო. თუმცა, არაერთი ჩასაფრების მიუხედავად, მათი შეხვედრის დაფიქსირება ვერ მოხერხდა. „მთიელი“ ძალიან ფრთხილი, ეშმაკი და პატივმოყვარე იყო. ამიტომ გამოცდილმა ბექაურმა მისი მოხელთება სხვაგვარად ჩაიფიქრა.

„ჩეკისტური“ კომბინაცია

ალექსი ბექაურმა ისიც დადადგინა, რომ ინფორმაციებით ციხელაშვილს მილიციის ზემდეგი კობა ბაბალაშვილი ამარაგებდა. ის თელავის მილიციაში მუშაობდა და ინფორმირებული იყო იქაური ამბებით. ამიტომ, ბექაურმა ამ სამეულზე ააწყო თავისი კომბინაცია. მილიციაში „საიდუმლოდ“ ითქვა, რომ ელენე რაზმაძე უნდა დაეკავებინათ და თბილისში წაეყვანათ დასაკითხად. ფეხმძიმე გოგონა (შემდგომში გაირკვა, რომ ის, მართლაც, 2 თვის ფეხმძიმე იყო) თბილისში, უშიშროების კომიტეტში დაიკითხებოდა და მუცელსაც კი მოუშლიდნენ, რომ ბანდიტისგან შვილი არ გაეჩინა. მერე კი გაასამართლებდნენ და გააციმბირებდნენ. მეტი დამაჯერებლობისთვის, რაზმაძის დაკავებაში ბაბალაშვილიც ჩართეს. გოგონა თელავის მილიციაში მიიყვანეს და დამკავებლებს „საიდუმლოდ“ უთხრეს, რომ იმ ღამეს რაზმაძე საკანში გაატარებდა. დილით კი თბილისიდან სპეციალური მანქანა ჩამოვიდოდა და წაიყვანდა... ეს „უტკა“ (ცრუინფორმაცია) ბაბალაშვილმა ციხელაშვილს გადასცა. მან კი „მთიელს“ აცნობა.

რაზმაძე ჩუმად გაიყვანეს თელავის მილიციიდან და უსაფრთხო ადგილზე დამალეს. „ვოლკოდავებმა“ და საარმიო დანაყოფებმა კი მილიციის პერიმეტრს სამმაგი ალყა ისე შემოარტყეს, რომ ვერავინ შენიშნა. ბექაური დარწმუნებული იყო, რომ „მთიელი“ თავის ბანდასთან ერთად თავს დაესხმებოდა მილიციის შენობას, რათა ელენე რაზმაძე გაეთავისუფლებინა. ღამის 3 საათზე 16 შეიარაღებული ბანდიტი მილიციის ეზოში გამოჩნდა. უცებ მძლავრმა პროჟექტორებმა გაანათეს იქაურობა და ბექაურმა მეგაფონით გამოაცხადა: „სამმაგ ალყაში ხართ! შანსი არ გაქვთ. ჩაგვბარდით და ოფიცრის სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენს საქმეებს პატიოსნად განიხილავენ. თან, გპირდებით, რომ ნებაყოფლობით ჩაბარებას დავაფიქსირებ. ერთი ტყვიაც რომ გვესროლოთ, ყველას დაგხოცავთ!“.

პირველმა „მთიელმა“ დაყარა იარაღი და სხვებმაც მას მიბაძეს. ბანდიტები დაატყვევეს და თბილისში წაიყვანეს... მიუხედავად იმისა, რომ დუდაროვს დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული, სასამართლომ მას 25 წელი მიუსაჯა. საქმე კი ის იყო, რომ მოკლული ოფიცერი უკრაინელი ნაციონალისტების ჯაშუში იყო და „მთიელი“ ამან გადაარჩინა. დუდაროვს მხოლოდ 15 წელი მოუწია ჯდომა, რადგან 25 წელი გააუქმეს. ბანდის სხვა წევრებმაც დიდი „სროკები“ მიიღეს.

1978 წელს 40 წლის ასლან დუდაროვი ციხიდან გათავისუფლდა და თელავში მას ელენე რაზმაძე და 15 წლის ვაჟი – ასლანი ელოდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი