როგორ დაეხმარა საბჭოთა უშიშროებას ქართველი კანონიერი ქურდი
ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 28.05
ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.
ღამის სტუმარი
38 წლის ტარიელ გოგია კანონიერი ქურდი იყო და „შავ“ სამყაროში“ მას „ფხიანის“ მეტსახელით იცნობდნენ. მას პატიმრობის სამი ვადა ჰქონდა მოხდილი ქურდობისთვის და საერთო ჯამში, ციხეში 11 წელი გაატარა. 1975 წელს „ფხიანმა“ მოსკოვში ებრაელი ანტიკვარის ბინა გაქურდა და იქიდან დიდძალი ნადავლი წამოიღო. თუმცა მილიციამ ლენინგრადში ნაქურდალის გადამყიდველი დააკავა და ტარიელ გოგია „დაიწვა“. ამიტომ ის იმალებოდა. 1976 წლის მაისში „ფხიანი“ თბილისში, ზემო ვერაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში იმალებოდა. შუაღამე გადასული იყო და ძებნილს ეძინა. უცებ „ფხიანმა“ რაღაც იგრძნო, გაეღვიძა და არც შემცდარა – ოთახის შუაგულში, სიბნელეში ვიღაც იდგა და გოგიას უმზერდა.
– ვინ ხარ? – ჰკითხა „ფხიანმა“ უცნობს.
– სოსო დამიძახე და ნუ გეშინია, ძაღლი არ ვარ. აქ საქმეზე მოვედი, – უპასუხა გოგიას უცნობმა.
– არ მეშინია. როგორ შემოხვედი? – იკითხა გოგიამ.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ყურადღებით მომისმინე. გაფრთხილებ, ზედმეტი მოძრაობა არ გაბედო! – თქვა სოსომ და დააყოლა, – შენი მისამართი „თორმა“ მომცა, ოთო კოროშენიძემ.
– რას ბოდავ? ოთო შარშან მდინარე ვოლგაში დაიხრჩო, – თქვა გოგიამ.
– არა. ის ცოცხალია. აი, მისი ბეჭედი. ოთომ გამომატანა, რომ დაიჯერო. ხომ იცნობ ამ გიშრისთვლიან ბეჭედს? – თქვა სოსომ. გოგიას ბეჭედი მისცა და ფანარი მიანათა, რომ დაენახა.
– ვინ ხარ და რა გინდა? – ჰკითხა სოსოს გოგიამ.
– ოთო ერთ საქმეში დაგვეხმარა და აქედან გავიყვანეთ. შენც უნდა დაგვეხმარო და ბედი შენც გაგიღიმებს – ფული და კარგი ცხოვრება ხომ გინდა? – უთხრა სოსომ „ფხიანს“
„ვერბოვკა“
ტარიელ გოგიას ღამის სტუმარი, რომელიც „ფხიანს“ სოსოდ გაეცნო, შეერთებული შტატების დაზვერვაზე მომუშავე მოსკოველი ქართველი ომარ ხობუა იყო. ოთო კოროშენიძე, იგივე „თორი“ კი – „ფხიანის“ ძველი „პაძელნიკი“, რომელიც 5 წლის განმავლობაში „ცეერუზე“ მუშაობდა და მისივე თხოვნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს. ხოლო მისი ძებნა რომ არ დაეწყოთ, მდინარე ვოლგაში დახრჩობის ინსცენირება მოუწყვეს. ხობუას ცენტრიდან დავალებული ჰქონდა, რომ იმ პერიოდისთვის უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული მიკროხელსაწყოები ფარულად დაემაგრებინა 2 საპყრობილეში: ერთი – თბილისის ციხეში, მეორე კი – ქსნის კოლონიაში. გოგიაც სწორედ ამიტომ დასჭირდათ. „ფხიანს“ თავისი გავლენა უნდა გამოეყენებინა და ხელსაწყოები დანიშნულების ადგილებზე მასთან დაახლოებული კრიმინალების მეშვეობით შეეგზავნა. ამ უნიკალური ხელსაწყოებით იზომებოდა რადიაცია, ტალღური რხევები და ის საშუალებებს იძლეოდა, დაედგინათ ახლომდებარე ბირთვული და სხვა სტრატეგიული ობიექტების ადგილმდებარეობა. ამ ხელსაწყოებს პერიოდული კონტროლი სჭირდებოდა. ციხეში კი ამას პატიმრის მეტი ვინ გააკეთებდა და გოგიაც სწორედ ამიტომ შეარჩია. „სოსომ“ ფხიანს“ უთხრა, რომ მას (გოგიას) ათწლიანი „სროკი“ ემუქრება და თუკი დავალებას შეასრულებდა, „თორის“ მსგავსად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანდნენ, სადაც უდარდელად ცხოვრების საშუალება ექნებოდა.
– კარგი, რა გაეწყობა, თავს ზემოთ ძალა არაა. ციხეში კიდევ დიდი ხნით ჯდომა არ მინდა – მიუგო „დავერბოვკებულმა“ გოგიამ „სოსოს“ და დაამატა – თანახმა ვარ, აფერა გავაკეთო.
„სხოდკა“
როდესაც „ფხიანმა“ „სოსოსგან“ დაწვრილებითი ინსტრუქციები მიიღო, „პაძელნიკის“ სანახავად გარეთ გავიდა, მანამდე კი გრიმითა და პარიკით გარეგნობა შეიცვალა, ჯერ რამდენიმე მანევრი გააკეთა. ხოლო რომ დარწმუნდა „კუდზე“ არავინ აჯდა, „კაგებეს“ მისაღებში მივიდა და კონტრდაზვერვის თანამშრომელთან შეხვედრა მოითხოვა. კანონიერმა ქურდმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო კონტრმზვერავებს. მათ კი გოგიას ინსტრუქციები მისცეს და გაუშვეს, თან „ფხიანის“ კონსპირაციულ ბინასა და „სოსოზე“ თვალთვალი დააწესეს. „კაგებეს“ კონტრდაზვერვის თამაში თვე-ნახევარი გრძელდებოდა. შემდგომ კი გამოამჟღავნეს და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს 21 ადამიანი, რომლებიც „ცეერუზე“ მუშაობდნენ. გოგია მართლა დააპატიმრეს, მაგრამ გაწეული სამუშაოს გამო 3-წლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანეს და გაუშვეს. ტარიელ გოგიამ, იგივე „ფხიანმა“,სულ მალე ქურდული „სხოდკა“ შეკრიბა. კოლეგებს განუცხადა, რომ ქურდის ტიტულს ნებაყოფლობით ტოვებდა და მიზეზად არაქურდული საქციელი დაასახელა. მას არავინ ჩაჰკითხვია, რა მოხდა და მისი თხოვნა უსიტყვოდ დააკმაყოფილეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან