კრიმინალური ისტორიები

როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი ქართველი მილიონერი

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

თავდასხმა

მევლუდ ხორგუაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მილიონერი იყო. მან მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე შექმნა მაღაზიების ქსელი, რომელსაც დიდი შემოსავალი მოჰქონდა. მევლუდს ფართო კავშირები ჰქონდა როგორც მთავრობაში, ასევე კრიმინალურ სამყაროში და მისი ბიზნესი ხელშეუხებელი იყო. ხორგუაშვილი მთავრობასაც უხდიდა გარკვეულ თანხას, პოლიციასაც და ქურდებსაც. სამაგიეროდ, ბიუჯეტში მიზერული თანხები შეჰქონდა და მილიონებს შოულობდა. იმ პერიოდში საქართველოში საბანკო სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ფეხს იკიდებდა. ამიტომ, ქართველი მილიონერი ქეშს ოფისში, თავის კაბინეტში მდებარე სეიფში ინახავდა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა საბარათო სისტემა და ხორგუაშვილი თანამშრომლებს ხელზე აძლევდა ხელფასს. მევლუდი ძალიან თავდაჯერებული ადამიანი იყო. ძველი მოჭიდავე. ფიზიკურად ძლიერი და დაცვის გარეშე მოძრაობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველა სფეროში მოგვარებული ჰქონდა საქმე და არავინ შეაწუხებდა.

მევლუდი საბურთალოზე ცხოვრობდა, იმ პერიოდისთვის უახლესი მარკის „მერსედესით“ გადაადგილდებოდა და დროს თავის გემოზე ატარებდა. ცოლ-შვილის პარალელურად, მევლუდს საყვარელი ჰყავდა – 30 წლის ლია. მისი ქმარი ციხეში იჯდა და მევლუდი მას სახლში აკითხავდა. ნოემბრის ერთ ბნელ ღამეს მევლუდმა ლიას მიაკითხა. მანქანა მისი კორპუსის უკან გააჩერა და მანქანიდან რომ გადმოვიდა, თავში ტყვია მოხვდა და იქვე დავარდა. ირგვლივ არავინ იყო. თავდასხმა ღამის პირველ საათზე მოხდა და დილამდე იქ ეგდებოდა, შემთხვევით ლიას მეზობელი რომ არ გამოჩენილიყო და სისხლში მცურავი ხორგუაშვილისთვის პირველადი დახმარება არ აღმოეჩინა და საავადმყოფოში არ წაეყვანა. მევლუდის საყვარლის მეზობელი ექიმი იყო და მან ძალიან ოპერატიულად იმოქმედა.

ძვირფასი მოწმე

მიუხედავად იმისა, რომ მევლუდ ხორგუაშვილს ტყვია კეფაში ჰქონდა ნასროლი, ის სიკვდილს გადაურჩა. გამოძიებას თბილისის პროკურატურა ატარებდა და საქმეს ვანო კაშია უძღვებოდა. ექსპერქტიზამ დაადგინა, რომ მევლუდს, ეგრეთ წოდებული, „გეკოს“ ტყვია ჰქონდა მორტყმული და ის სიკვდილს სწორედ ამან გადაარჩინა. ტყვია მცირე ზომის იყო, ის ძვალმა აისხლიტა და ტვინში არ შევიდა. სავარაუდოდ, გამოყენებული იყო „მარგოლინის“ სისტემის იარაღი, რომელსაც სპორტულ შეჯიბრებებში იყენებდნენ. შემთხვევის ადგილიდან 50 მეტრში პოლიეთილენის გახვრეტილი ბოთლი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს ბოთლი თავდამსხმელმა მაყუჩად გამოიყენა. დანაშაულის სურათი იმაზე მიუთითებდა, რომ მოქმედებდა არაპროფესიონალი თავდამსხმელი, რომელსაც „ქილერსაც“ კი ვერ უწოდებდი. მაყუჩად გამოყენებულ ბოთლზე თითების ანაბეჭდებიც ამოვიდა, რომლებიც სავარაუდოდ, თავდამსხმელს ეკუთვნოდა. თუმცა, მონაცემთა ბაზაში ისინი არ ფიგურირებდა. შემთხვევის ადგილის წინ მდებარეობდა მშენებარე სახლი. გონიერმა კაშიამ ივარაუდა, რომ შესაძლოა, იქ „ბომჟები“ აფარებდნენ თავს და არც შემცდარა. ვინმე უსახლკარო ნოდარმა გამომძიებელს უთხრა, რომ ღამით დაინახა გაქცეული ადამიანი, რომელსაც მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ. ეს იყო ძვირფასი ინფორმაცია და ხელჩასაჭიდი.

კვანძის გახსნა

ვანო კაშიამ შემთხვევის ადგილის მომსახურების ანძიდან მობილური კომპანიის ზარების ამონაბეჭდი მოიპოვა. სულ 12 ნომერი და 19 განხორციელებული ზარი იყო. გამომძიებელმა ყველა მათგანი შეისწავლა და დაადგინა, რომ თავდასხმის სავარაუდო დროს ერთ-ერთი ზარი განახორციელა ვინმე კოტე ბერაძემ. ეს 23 წლის ახალგაზრდა მევლუდ ხორგუაშვილის ფირმაში მუშაობდა და ფინანსურ განყოფილებას განაგებდა. ადრესატი კი, ვისაც ბერაძემ დაურეკა, 36 წლის აფხაზეთიდან ლტოლვილი ვაჟა ბერაია იყო. უმუშევარი, რომელიც სასტუმრო „ივერიაში“ ცხოვრობდა. გამომძიებლის ვარაუდით, ბერაიას ბერაძემ შეუკვეთა ხორგუაშვილის მკვლელობა და სწორედ ის იყო თავდამსხმელი. ბოთლზე აღმოჩენილი თითების ანაბეჭდებიც ზუსტად დაემთხვა ბერაიას თითების ანაბეჭდებს და ის დააპატიმრეს. ბერაიამ თავდასხმა აღიარა და თქვა, რომ ბერაძემ მას ორი ათასი დოლარი გადაუხადა და კიდევ სამი ათასი უნდა მიეცა მევლუდის მკვლელობის მერე. თავდამსხმელისვე თქმით, იმ ღამეს მას ბერაძემ დაურეკა და ჰკითხა, როგორაა საქმეო, რაზეც ბერაძემ უპასუხა, გავაკეთეო... დააპატიმრეს კოტე ბერაძეც და გაირკვა, რომ მას ორასი ათასი დოლარი ჰქონდა მოპარული ხორგუაშვილის სეიფიდან და იმიტომ შეუკვეთა მისი მკვლელობა, რომ ეს ფაქტი არ გამჟღავნებულიყო. შემკვეთს 15 წელი მიუსაჯეს, თადამსხმელსაც – 15 წელი, თუმცა, ბერაია ორთაჭალის ციხის საკანში აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი. ბერაძემ კი სრულად მოიხადა „სროკი“ და რომ გათავისუფლდა, თურქეთში გაემგზავრა. თუმცა ის ანტალიაში მოკლა დაუდგენელმა პირმა. როგორც ხმა გავრცელდა, შემკვეთზეც და შემსრულებელზეც ხორგუაშვილმა იძია შური.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი