საზოგადოება

რატომ გაიმეტა სევა შამოიანი ყოფილმა შეყვარებულმა დასაწვავად და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ქალების მიმართ

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:36 30.11, 2020 წელი

სევა შამოიანი
შეყვარებულმა დაწვა
დაკოპირებულია

24 წლის გოგონა – სევა შამოიანი ჩვენთან საუბარში იმ დღეს იხსენებს, როცა, როგორც ამბობს, ყოფილმა შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა და ცეცხლი წაუკიდა. თუმცა ბრალდებულის – შალვა გოგოლაძის ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე აცხადებს, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლის დამტკიცებას აპირებს და რომ მას ქალის მოკვლა არ ჰქონდა განზრახული.
სევა შამოიანი: ამ ბიჭს მოვწონდი და ყველანაირად ცდილობდა ჩემს მოხიბვლას. ცუდად არ წარმოაჩენდა საკუთარ თავს და ურთიერთობა ვცადეთ. ჩვენი ურთიერთობა ორიდან სამ თვემდე გაგრძელდა. აღმოვაჩინე, რომ სულ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რაღაცები არ მომწონდა მასთან მიმართებაში და ჩემს პრეტენზიებს გამოვხატავდი, ეს კი მას არ მოსწონდა. 
– როდის დაიწყო ეს პრობლემები?
– თავიდან – არა, როცა ჩემი პრეტენზიები გამოვხატე, გაბრაზდა და ხელი გამარტყა, რის შემდეგაც დავშორდი. არ მოსწონდა, იმას რომ ვეუბნებოდი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ამის შემდეგ კიდევ გამოჩნდა, მომიკითხა და ადამიანური პასუხი გავეცი. ჩემი ნახვა მოინდომა, არ მეცალა და არც მქონდა მისი ნახვის სურვილი.
–  დაშორების წინააღმდეგი იყო?
– არა, ჩვეულებრივად მიიღო. იმ დღეს, როცა ჩემი ნახვა მოინდომა, დაქალთან ვიყავი, სახლში ჩემი და იყო. დამირეკა, სასწრაფოდ გამოდი, უნდა გნახოო. ვუთხარი, სახლში არ ვარ-მეთქი. 15 წუთში შენს სახლთან ვიქნები და გამოდი, უნდა დაგწვაო. ეს რომ მითხრა, არ დავიჯერე, რომ ამას მართლა გააკეთებდა, მაგრამ მაინც შემეშინდა, ჩემი და არ შეაშინოს-მეთქი და სახლში გამოვიქეცი. სალაპარკო თუ გაქვს, ვისაუბროთ-მეთქი. გარეთ ვიყავით, წერეთელზე. პოლიციის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობდი და სპეციალურად პოლიციასთან გადავედი, იქ ვერაფერს დამიშავებს-მეთქი. წამოდი, ბენზინი უნდა ვიყიდო და დაგწვაო, მითხრა, მაგრამ არც მაშინ დავიჯერე მისი სიტყვები. ვფიქრობდი, რომ უბრალოდ, მაშინებდა. როცა გაყოლაზე უარი ვუთხარი, წამში შეიცვალა და მეუბნება: კარგი, რა გჭირს? მანქანაში უნდა ჩავასხა ბენზინი. გამითავდა და ძლივს მოვაღწიე აქამდეო. დავთანხმდი, თან ვისაუბროთ-მეთქი. ბენზინის ყიდვისას თქვა, ის მომეცით, რომელიც მალე ფეთქდებაო.

– არ დაგიშვიათ, რომ მართლა იყო ამის გამკეთებელი?
– ეგ კი არა, ნებისმიერი რომ ყოფილიყო მის ადგილას, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას გააკეთებდა. ვფიქრობდი, რომ ამ მუქარის მიზანი ჩემი შეშინება იყო. იქიდან რომ წამოვედით, ისევ პოლიციასთან გავჩერდი. ბოთლი გახსნა და ცოტა გადაასხა. სანთებელა ამოიღო და გავაჩერე – რას აკეთებ, დაგიჭრენ-მეთქი, კიდევ მასზე ვიზრუნე და სანთებელა გამოვართვი. კარგი, კარგი, სახლში წადიო, მითხრა და სანთებელა გამომართვა. წამოვედი და უკან გამომყვა. ეზოსთან რომ მივედი, იქ ყველაფერი წამებში მოხდა. ბოთლი გახსნა და ბენზინი ჩემს ფეხებთან დაასხა, ცოტა ფეხებზე დამეწუწა. ხომ შეგპირდი, რომ ამას ვიზამდიო. ჭიშკარი გააღო და მთელი ბოთლი ბენზინი, ბოლომდე ეზოში გადაასხა. მოვიდა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შემდეგ სილა გამარტყა. შესვლა მინდოდა, ნაბიჯი გადავდგი და თან ვუთხარი, არაკაცივით რატომ იქცევი-მეთქი?! ეზოსკენ გადავდგი ნაბიჯი და უკნიდან მომიკიდა ცეცხლი. სადაც ბენზინი დაასხა, ზუსტად იმ ადგილას ვიდექი და ვერაფერს ვიზამდი. უკან რომ გამოვსულიყავი, შეიძლება მთლიანად დავმწვარიყავი. ცეცხლი მომედო, მახსოვს, რომ მთლიანად ცეცხლში ვიყავი, ყველა მხარეს ცეცხლი იყო. ძალიან სწრაფად დავრბოდი და სასწაულად ვკიოდი. შოკში ვიყავი და ინსტინქტურად ვმოქმედებდი. შორტები მეცვა და მასზე მოკიდებული ცეცხლი, როგორღაც, ჩემით ჩავიქრე.
– ის ამ ყველაფერს ხედავდა?
– არ ვიცი. თავიდან რომ გამოვიქეცი და უკან გავიხედე, იდგა, ამის შემდეგ აღარ დამინახავს. მეზობლები მოვიდნენ და ცეცხლი მათ ჩააქრეს, რომ არა ისინი, ვერ გადავრჩებოდი, მარტო მე არა, მთელი ეზო. ცეცხლი სახლებზეც გადავიდოდა, გარეთ, იქვე ახლოს გაზის „კალონკა“ იდგა და ბევრი ხის ნივთიც. მერე, ჩემს ყვირილზე, პოლიციაც მოვიდა. ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ – ოდნავ წვას, პანიკაში ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა.
– მკურნალობის რთული პერიოდის გამოვლა მოგიწიათ.
– საშინელი პერიოდი იყო. ერთი თვე რეანიმაციაში ვიყავი, სასწაული ტკივილები მქონდა. მომდევნო ერთი თვე პალატაში გავატარე. ორი თვის განმავლობაში ყოველდღე ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. გადახვევებს ნარკოზის ქვეშ მიკეთებდნენ, შემდეგ დღეში ორჯერ და სამჯერ მორფს მიკეთებდნენ, ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა. მესამე ხრისხის დამწვრობა მაქვს. ფეხები მაქვს დამწვარი, მაგრამ ბარძაყები და ტერფები გადარჩა. გადანერგვის ორი ოპერაცია გამიკეთეს. თავიდან მომიწია სიარულის სწავლა, დღემდე ცუდად დავდივარ. ახლა ყველაზე მთავარი მუხლების გაშლაა, რაც ჯერ არ შემიძლია. ვარჯიშები, მასაჟები და წამლები მჭირდება. ტკივილები მაქვს, მაგრამ რა შედარებაა, ისეთი არა, როგორიც მაშინ.
– ფინანსურად ვინ დაგეხმარათ?
– ჩემმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ინფორმაცია ჩემ შესახებ და ადამიანები გაერთიანდნენ დასახმარებლად. გარკვეული თანხა შეგროვდა და მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. დღემდე მჭირდება თანხები და ალბათ, კიდევ უნდა მოვითხოვო დახმარება. რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულია და ძალიან მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ მესამე ოპერაცია არ დამჭირდეს. ექიმების ვარაუდით, სრული რეაბილიტაციისთვის ერთი წელია საჭირო.
– ადვოკატი ამბობს, რომ ამ ადამიანს თქვენი მოკვლა არ ჰქონია განზრახული.
– არ ვიცი, რა ნამუსით აცხადებს საქვეყნოდ, რომ დამნაშავე არაა? ამბობს, რომ მტკიცებულებაც აქვს და ველოდები, როგორ დაამტკიცებს. ამბობს, რომ უბრალოდ, შემაშინა და მერე შემთხვევით გადამასხა ბენზინი, მაშინ, როცა კი არ გადამასხა, ძირს დაასხა და მე შემთხვევით დამეწუწა ფეხებზე. ამბობს იმასაც, რომ თურმე, მერე შემთხვევით სანთებელა გაუვარდა. ეს მაგის მეოთხე ადვოკატია. ერთი ამბობდა, რომ მე თვითონ დავიწვი ჩემი თავი, მეორემ შემთხვევით მოხდაო, მესამემ ამას არ დაუწვავსო.
– თქვენი ახლობლები იცნობდნენ ამ ადამიანს?
– კი, ჩემი მეგობრები იცნობდნენ. ეს ადამიანი თავიდან ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. პირიქით, ძალიან ცდილობდა, ჩემს მოხიბვლას, საჩუქრებით, ყვავილებით. არაადეკვატური საქციელი მაშინ შევამჩნიე, როცა ჩემი პრეტენზია გამოვხატე და მას შემდეგ დავშორდი.
– როგორი ტიპაჟია?
– ჩემი აზრით, ბავშვობაში ტრავმა აქვს გადატანილი. დავასკვენი, რომ ქალს არ სცემდა პატივს და მათ შორის არც დედას. მასთან უხეში იყო. შეიძლება, ჩემი ბრალიცაა ის, რომ არ მივაქციე ყურადღება, დედამისს რომ ძალიან უხეშად ელაპარაკებოდა ტელეფონზე, სადისტურად. ამაზეც გამოვხატე პრეტენზია, როგორ ელაპარაკები-მეთქი. მგონი, ამ ადამიანს თავდაჯერებულობა აკლდა. ფიქრობდა, კაცი ვარ და ყველამ მე უნდა დამიჯეროთო. არ აქვს მნიშვნელობა, დედა იქნებოდა, და თუ შეყვარებული, ყველას მის ჭკუაზე უნდა ევლო. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
– მომხდარის შემდეგ მის ოჯახს, დედას ჰქონდა თქვენთან კონტაქტი?
– არა. დედა ჰყავს, ძმა და რძალი. ძმას და რძალს ძალიან კარგად ვიცნობდი. დედაც უზის კომენტარებს და ვინც მასზე ცუდს დაწერს, გაბრაზებული სმაილებით პასუხობს. შებრალების უნარი არ გააჩნიათ. მათ ადგილას მე, ალბათ, მუხლის ჩოქით ვითხოვდი პატიებას. ციხიდან არ გამოუშვებენ, მაგრამ როგორც ვხვდები, მუხლის შეცვლა უნდათ, რომ მხოლოდ მუქარის გამო მიუსაჯონ და არა მკვლელობის მცდელობისთვის. მართლა დამნაშავეა და არ მინდა, უსამართლოდ მომექცნენ და მუხლი შეუცვალონ. ჩემს ადგილას შეიძლება, ნებისმიერი აღმოჩნდეს. მინდა, ჩემი შემთხვევა ყველასთვის მაგალითი იყოს. არავინ უნდა ჩაიდინოს მსგავსი რამ და არც ქალი უნდა გაჩუმდეს, საერთოდ, არავინ უნდა გაჩუმდეს და არ დაელოდოს, მერე რა მოხდება, მაშინვე უნდა მიმართოს სამართალდამცავებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი