ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვინ ან რამ გააჩაღა ფარული ომი თქვენ წინააღმდეგ და როგორ უნდა შეებრძოლოთ სხვადასხვა „საბაბით“ საომრად დაძრულ ბნელ ძალთა შემოტევას

№9

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ხშირად გიგრძნიათ და გითქვამთ კიდეც, რომ ენერგიისგან დავიცალე, გამოფიტული ვარო და ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობით აგიხსნიათ. თუმცა ის მხოლოდ გადაღლის ნიშანი არ არის, თქვენ ფარული ომი გამოგიცხადეს და თანდათანობით გპარავენ ენერგიას. ვინ ან რა გებრძვით უჩინრად, რა არის ამის მიზეზი და რით შეიძლება, დაამარცხოთ ბნელი ძალების შემოტევა, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი დიანა მ.

- როდესმე თუ გიგრძნიათ ცხოვრებაში, რომ რაღაც აუხსნელი სიმძიმე გაწევთ – თითქოს რაღაც თუ ვიღაც უხილავი მთელი ძალით გექაჩებათ ფსკერისკენ? შესაძლოა, ეს უიღბლობის სერიაა თქვენს ცხოვრებაში: ფინანსური სირთულეებით, ტოქსიკური ურთიერთობითა თუ სხვა უსიამოვნებით. ამ ყველაფრისგან კი ისე გადაიღალეთ, ხანგრძლივი დასვენებაც ვერ გათავისუფლებთ მისი მარწუხებისგან. გაგიკვირდებათ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს მხოლოდ უიღბლობის ან სტრესის შედეგი როდია...

- აბა, კიდევ რა შეიძლება, იყოს?

- ეს შესაძლოა იმის გამოვლინებაც იყოს, რომ ვიღაც ან რაღაც შეუმჩნევლად გართმევთ ენერგიას. ეს უხილავი ომია და გინდა თუ არა, მასში უკვე მონაწილეობთ. ომი კი ენერგიის, ვიბრაციისა და სულიერი ზეგავლენის ნატიფ სივრცეებში მიმდინარეობს. ამ დროს, თუ თქვენ სათანადო ზომებს არ მიიღებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მარცხი გარდაუვალია. ბნელმა ძალებმა მიზანში ამოგიღეს. ენერგია კი ყველაფერია. როგორც სხეულს სჭირდება მოვლა და ზრუნვა კვებითა და ვარჯიშით, ასევე უნდა დაიცვათ და მოუაროთ თქვენს სულიერ ენერგიას.

- რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

- უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ: ნეგატიური არსებები, სულიერი პარაზიტები და ენერგეტიკული ვამპირები შეიძლება სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზოგი ტოქსიკური ადამიანებისგან მოდის, სხვები კი, ტრავმების, საგვარეულო წყევლის, ან თუნდაც, შავი მაგიის გავლენით „გაიჭედა“ თქვენში და ბინძურ „ლორწოდ მიგეგკრათ“. წარსული ჭრილობებიც დაუცველს გხდით. ღალატმა და შეურაცხყოფამ, რომლის გამოც უდიდესი გულისტკივილი განიცადეთ, შესაძლოა, თქვენი ენერგიული დაცვა დაასუსტა და ფართოდ გაუღო კარი სულიერ შეტევებს. ზოგჯერ იღბალი და ბედნიერებაც საფრთხეა თქვენთვის. ხომ შეგიმჩნევიათ, ზუსტად იმ დროს, როცა თქვენს ცხოვრებაში რაღაც ამუშავდა, საქმე დაიძრა და იმედით აღივსეთ, მოულოდნელად ყველაფერი ინგრევა?.. და ეს შემთხვევით არ ხდება. ბნელი ძალები დაბალი სიხშირის მდგომარეობას ირჩევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენი წინსვლა შეაფერხონ.

- როგორ ამოვიცნოთ, რომ ეს ფარული შემოტევაა?

- არსებობს 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ფსიქიკურ შეტევას განიცდით. კარგად დააკვირდით ჩამონათვალს და თუ რომელიმე მათგანი გენიშნათ, დროა, გაიღვიძოთ და სიტუაციის კონტროლის სადავეები ხელთ იგდოთ. თორემ, ბევრია ისეთი, სულიერ შეტევას კი გრძნობს, მაგრამ ამ სიგნალებს „ჩვეულებრივ ცხოვრებას“ მიაწერს. მაშ, ეს ნიშნებია: აუხსნელი დაღლილობა ან გამოფიტვა (კარგად გამოძინების შემდეგაც კი); უეცარი შფოთვა, შიში ან დეპრესია აშკარა მიზეზის გარეშე; უიღბლობის, ფინანსური პრობლემების ან ბიზნესში წარუმატებლობის დაუსრულებელი სერია; სრულიად უსაფუძვლოდ, „მოწმენდილ ცაზე“ ატეხილი კონფლიქტები და დაძაბული ურთიერთობები; საშინელი სიზმრები, რომლებშიც გდევნიან ან თავს გესხმიან; სახლში ნივთების იდუმალი გადაადგილება, გატეხა ან გაქრობა; ისეთი შეგრძნება, თითქოს შენობაში ბნელი არსება ან აჩრდილია და გითვალთვალებთ; უცნობის ჩურჩული ან უცნაური ხმები ღამით; აუხსნელი დაავადებები, რის დიაგნოზსაც ექიმები ვერ სვამენ; ძალის დაკარგვა გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ.

- რატომ გვპარავენ ენერგიას?

- წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სული მანათობელი, ძლიერი შუქია... და ეს სინათლე თქვენი ღვთაებრივი საწყისი, სასიცოცხლო ძალების წყაროა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ მიიწევს მისკენ წყვდიადის ხელები, სწვდება შუქს და ნელ-ნელა გაშორებთ მისგან. ეს ხდება მაშინ, როცა სულიერ ენერგიას არ იცავთ და რაც უფრო ენერგიული ხართ, მით უფრო ღრმად იძირებით ნეგატივში, აპათიასა და სასოწარკვეთილებაში. რაც ყველაზე სამწუხაროა, უმეტესობა მანამ ვერ აცნობიერებს ამას, სანამ ძალიან არ დაგვიანდება. მაგრამ თქვენ ხომ არ ხართ ისეთი, როგორიც უმეტესობაა. იღვიძებთ და ეძებთ გზებს, როგორ დაიბრუნოთ ძალა. არის ამ წრიდან გამოსავალი! - დაიწყეთ თქვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის აღდგენით.

- როგორ?

- სულიერი წმენდითა და დაცვით. როგორც სხეულს ისუფთავებთ დაბანით, ასევე სჭირდებათ ენერგიასაც გაწმენდა, რაც ნიშნავს: უწმინდურ არსებათა განდევნას, ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტასა და დამცავი ფარის აგებას. იწყებთ უარყოფითი ენერგიის დაბრუნებით - რა სიბინძურეც გამოგიგზავნეს, უკანვე უნდა დაუბრუნდეს წყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კვლავ გააგრძელებს ზეწოლას და თქვენს დასუსტებას. რაც შეეხება ტოქსიკური მიჯაჭვულობის რღვევას, თქვენს წრეშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, ბნელი ენერგიის გამტარ არხს რომ „წარმოადგენენ“. საჭიროა ასეთთა იდენტიფიცირება და მათგან გათავისუფლება. დაბოლოს, დამცავი ფარია ვიბრაციის ამაღლება - რაც უფრო მაღალია თქვენი ენერგიის სიხშირე, მით უფრო ძნელად მისაღწევი ხართ ბნელი ძალებისთვის. ეს გულისხმობს სულიერ განკურნებას, შინაგან სიღრმისეულ მუშაობას და თქვენსავე ღვთაებრივ ძალაში დაბრუნებას... და ეს ცარიელი ოპტიმიზმი ან „მხოლოდ პოზიტიურ აზროვნება“ არ არის. ეს ნამდვილი სულიერი ომია - და თქვენი ამოცანაა, თავი დაიცვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა