ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეიძლება თუ არა ჯადოს გაუქმება და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პასუხი თქვენი შეცდომების გამო შთამომავლობას არ მოეკითხოს

№39

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.10

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ჩვენს რუბრიკაში ხშირად გვისაუბრია მაგიურ შელოცვებსა და ჯადოებზე, მაგრამ ის თუ იცით, რა ემართება ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, ანუ ჯადოქრობს და ეს ქმედება რა გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე. სწორედ ამის შესახებ ისაუბრებს ინტერვიუში ეზოთერიკოსი, ბატონი ზურაბ ბ. და დაგეხმარებათ გაიგოთ, რა შედეგებს შეიძლება ელოდოს ის, ვინც მაგიას სხვების დასაზიანებლად იყენებს.

- მე, როგორც ამ საქმეში ჩახედულს, ხშირად მომართავენ კითხვებით: მიიღებს თუ არა ის რაიმე სახის სასჯელს, თუ შელოცვას უკანვე არ დააბრუნებს? დასჯიან თუ არა მას უმაღლესი ძალები? შევეცდები, ყველაფერს თანმიმდევრულად გავცე პასუხი.

- მართლაც, რა ემართება მაგიური შელოცვების, ჯადოს გამკეთებელს?

- სამყარო არ არის დაყოფილი შავ-თეთრად, სიკეთედ და ბოროტებად. ასე მას თავისი მოსაზრებითა და ქმედებებით „ღებავს“ ადამიანი, რასაც დროთა განმავლობაში გარკვეულ შედეგებამდე მივყავართ. თუმცა, მაგიური შელოცვა და ჯადო განსხვავებულია ხოლმე, ზოგჯერ საფუძვლიანიც შეიძლება იყოს, ზოგჯერ კი, უდანაშაულო ადამიანს აზიანებს, მაგრამ ესეც შეიძლება საგვარეულო ცოდვის „გამოსასყიდი“ გახლდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ჯადოს იმიტომ უკვეთავს, რომ სასტიკად შეურაცხყვეს და ისეთი რამ გაუკეთეს, რაზეც საჯაროდ ვერც ვისაუბრებთ. ანდა, ვთქვათ, თვალში არ მოსდის მეზობლის არსებობაც კი, რადგან ის ახალგაზრდაა, ლამაზი, 24/7 მუშაობს, მაგრამ თავის მოვლასაც ახერხებს და შვილების აღზრდასაც, რთული ცხოვრებისეული გამოცდილების მიუხედავად, ფეხზე მაინც მყარად დგას. ჯადოს გამკეთებელს კი ის არ მოსწონდა. როგორ ფიქრობთ, იმსახურებს თუ არა ის ჯადოს? თუნდაც ქალი, რომელმაც სიყვარულის შელოცვით ოჯახი დაანგრია და სხვას ქმარი და შვილებს მამა წაართვა? ეს ისეთი ფილოსოფიური კითხვებია, რომ არჩევნის წინაშე გაყენებს კარგსა და ცუდს შორის.

- რა არის პასუხი ამ „ფილოსოფიურ“ კითხვებზე?

- ჩემს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ისეთი ადამიანები განიცდიან ჯადოს ზემოქმედებას, მთელი ცხოვრება სინდისიერად რომ გაატარეს, სხვისთვის ცუდი არასდროს უსურვებიათ და არც თავად სჩადიოდნენ ცუდ საქმეებს. მაგრამ, როცა მათი ამ მაგიური ზემოქმედების მოხსნასა და აღდგენით სამუშაოებს ვასრულებდი, სხვადასხვა საკითხის შესწავლისას, განსაკუთრებით, რაც მის წინაპრებს ეხებოდა, საინტერესო მომენტები გამოიკვეთა. ზოგის ოჯახში ბებიები თავად აკეთებდნენ შელოცვებს, მაგრამ კი არ წმენდდნენ და ჯადოს აშორებდნენ ადამიანს, არამედ ბოროტებას ემსახურებოდნენ. გვარში ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ისტორიაა, სადაც წინაპრები სცოდავდნენ, რის გამოსყიდვაც მათ შთამომავლებს უწევთ. ეს არის პასუხი იმის, არის თუ არა ჯადო შურისძიება... თუმცა ბევრი ისეთიც მოსულა ჩემთან მიღებაზე, რომ მევედრებოდა: დამეხმარე, გადამარჩინე, ძალიან მაწყენინესო, შემდეგ კი აღმოჩენილა, რომ არც თავად გახლდათ წმინდანი - ბევრისთვის ფეხიც დაუდია და გზაზეც გადაღობებია... მერე კი, როდესაც ცხოვრებისეული ბუმერანგი უკან დაბრუნდა, კუდი აეწვა. თუმცა ასეთები, როგორც წესი, იშვიათად აღიარებენ თავიანთ დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ მორალის პოლიცია და სხვისი ცხოვრების შეფასებას ვერ დავიწყებ, არ მაინტერესებს.

- ესე იგი, ყველას თავისი საქციელის შესაბამისად მიეზღვება?

- სამყარო ადამიანის სარკისებური ანარეკლია. რასაც ცხოვრებაში აკეთებს, სწორედ იგივე უბრუნდება უკან. უბრალოდ, ზოგიერთ სიტუაციაში ნათელია, თუ რატომ მოხდა ეს, ზოგჯერ კი - დიდი დროა გასული და ადამიანი აღარ აკონტროლებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ზოგჯერ მთელი ეს მაგიური პროცესი სწორედ წონასწორობისა და ბალანსის აღდგენას ემსახურება, თავად ჯადო კი, შეიძლება შურისძიება იყოს - ადამიანი იღებს იმას, რასაც იმსახურებს. ზოგჯერ ის იარაღია და შემდეგ „იარაღის“ მფლობელი მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა, ეს დროისა და სამართლიანობის საკითხია. სამართლიანობის აღდგენას კი ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ეს შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში, ან მთელი საუკუნის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენი ყველა ქმედება აისახება ჩვენს შვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილებზე. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შეცდომების გამო თქვენმა შვილთაშვილებმა გადაიხადონ, ახლავე ყველაფერი გამოასწორეთ და მათ მემკვიდრეობად ნუ დატოვებთ. ჩემთან მოსულთაგან ბევრში ვხედავ ოჯახურ ისტორიას, რის გამოც არ შეუძლია შვილის ყოლა, მზის ქვეშ საკუთარი ადგილის პოვნა, ის კი ვერ ხვდება, რატომაა მოკლებული ცხოვრებაში ბედნიერებას. წინაპარი დიდი ხანია წავიდა, მაგრამ მაგია იყო, არის და იქნება, რომელსაც „ფონად“ სხვისი ქმრისადმი „მიძღვნილი“ ერთი მოხუცი ქალის სასიყვარულო შელოცვა უდევს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ. ასევე, დავაკვირდი ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მოინანიეს და მომმართეს, რათა ადრე ჩადენილის გამოსწორებაში, დავეხმარო. კარგია, რომ ყველაფერი გააცნობიერეს, მაგრამ უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიდეს. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- შესაძლებელია თუ არა ჯადოს გაუქმება?

- თუ ვინმესთან ჯადო, შელოცვა თუ სხვა დამაზიანებელი პროგრამა გაუშვით და უცებ გონება გაგინათდათ და გადაიფიქრეთ - ასეთებიც ხდება, დაუკავშირდით სპეციალისტს. თქვენ თვითონ ვერ გააუქმებთ და ვერც გააქრობთ მაგიურ პროგრამას. საკმაოდ დიდი სამუშაოა გასაწევი, რაც ფუნდამენტურად განსხვავდება სტანდარტული რიტუალებისგან. თუმცა არსებობენ ისეთებიც, ყველაფერს უკიდურესად რომ აფასებენ: თუ ხულიგნებმა კართან ნაგავი დაუყარეს, ის ფიქრობს, რომ ეს ჯადოა მის გასანადგურებლად; მეორეს დემონები გაუგზავნეს და ამაზე ის მრავალი წელია თავს იმტვრევს. ამიტომ, მათთან სამყაროს მოწყობაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ვწყვეტ პრობლემებს, რომლითაც ისინი ჩემთან მოდიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა