სამყაროს რა მინიშნებების იგნორირება არ შეიძლება და რა რიტუალია საჭირო სახლში სულის „სუსხიანი წერტილის“ კარიდან გასასტუმრებლად
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 08.05
არსებობს მაგიური მინიშნებები, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება. მაგალითად, რატომ გარდაიცვალა ბებია სწორედ მაშინ, როცა ყორანი მისი ეზოს ღობეზე ჩამოჯდა; ან რატომ ფარავენ მიცვალებულის სახლში სარკეებს და ბევრი სხვა ამგვარი რამის შესახებ გსმენიათ. საქმე ისაა, რომ სამყარო ყოველთვის ჩრდილებისა თუ ბუმბულის, გაბზარული მინისა თუ უეცარი სიცივის საშუალებით გველაპარაკება... და ათასწლეულების განმავლობაში მხოლოდ ჯადოქრები ისმენდნენ მის ხმას. თუმცა სამყაროს ეს მინიშნებები ჩვენც სრულიად მარტივად შეგვიძლია, „ამოვხსნათ“ და სწორედ ამაში დაგვეხმარება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მეგი დ.
- მინიშნება შავ ქუდში ჩაბუდებული ცრურწმენა არ არის, ის ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. დილით წითელი ცა; ძაღლი, რომელიც სიცარიელეში ყმუის; ბუ, რომელიც სიბნელეში შენს სახელს იძახის... ეს დამთხვევები არ არის. ეს სიგნალებია და მათი წაკითხვის ტრადიცია დედამიწის ყველა კულტურაში ვრცელდება. ჯადოქრებს ყოველთვის ესმოდათ, რომ ბუნებრივი და სულების სამყარო განუწყვეტლივ ჭიდილშია ერთმანეთთან და მისი ჟონვა მინიშნებათა სახით „გვეგზავნება“, რისი იგნორირებაც შეუძლებელია.
- დღეს რომელ მათგანზე გვესაუბრებით?
- წარმოიდგინეთ სიტუაცია: მარტო ხართ ოთახში, სადაც არც სანთელი ანთია, დიფუზორიც გამორთულია და არც სუნამო გასხიათ... უეცრად კი, ყოველგვარი წყაროს გარეშე, ჰაერი ივსება სურნელით. იგრძნობა ვარდის, თამბაქოს არომატი - იგივე სუნამოა, აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანი რომ იყენებდა. ეს ჯადოქართა მიერ ყველაზე ხშირად აღწერილი, ინტიმური სურათია, რომელიც თითქმის ყოველთვის მიცვალებულებთან ასოცირდება. სუნი წყაროს გარეშე ყველა სულიერ და ხალხურ-მაგიურ ტრადიციაში გვხვდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სუნი ყველაზე პირდაპირი შეგრძნებაა: ის ანალიტიკური გონების გვერდის ავლით, პირდაპირ მეხსიერებასა და ემოციას ეჯახება. თუ სულს სურს, რომ თავი გააცნოს ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რაციონალური ახსნა მოუძებნოს ცივ წერტილსა თუ უცნაურ ხმას, ის სუნის საშუალებით უტევს მას და მიზანშიც არტყამს. რთულია, გონებამ უგულებელყოს ბებიის სუნამოს სურნელი ცარიელ ოთახში. როგორც წესი, ეს ნიშნავს ორ რამეს: ვიზიტს ან გაფრთხილებას. თუ სურნელი სასიამოვნო და ამოსაცნობია - ყვავილები, საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული საკვები, ნაცნობი სუნამო - ტრადიცია ამას განმარტავს, როგორც გარდაცვლილის ვიზიტს, რომელიც მოვიდა მოსანახულებლად, სიყვარულის გამოსახატად და იმის შესახსენებლად, რომ ახლოსაა. თუ სურნელი უსიამოვნო, გოგირდოვანი, ან იმდენად მყრალია, რომ შეგაწუხათ, ეს გაფრთხილებაა, რის შემდეგაც რეკომენდებულია დამცავი პრაქტიკის გამოყენება. მაგიის ტრადიციის მიხედვით, ეს საკმაოდ მარტივია: აღიარეთ ის, რაც ხდება. წარმოთქვით სახელი, რომელიც თავისთავად წამოგცდათ. თუ სურნელი მიიღეთ, მადლობა გადაიხადეთ, მაგრამ, თუ - ვერა, ნათლად, აგრესიის გარეშე თქვით, რომ არ იღებთ. ყველაფერი დამაჯერებელი უნდა იყოს. აღიარებისთანავე სურნელი თითქმის ყოველთვის ქრება, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.
- უეცარ, უმიზეზო სიცივეზე რას გვეტყვით?
- სურათი ასეთია: შედიხართ ოთახში, რომელშიც სულ რაღაც ერთი წამის წინ თბილოდა და უცებ შეგამცივნათ, რასაც რაციონალური ახსნა არ აქვს. ფანჯარა დაკეტილია, არც ვენტილაციაა სადმე და არც ნიავი უბერავს - არადა ძვალსა და რბილში ატანს სუსხი ოთახის ერთ, კონკრეტულ ადგილას. ჯადოქართა ტრადიციაში ეს ნიავი კი არა, სულის იქ, ოთახში ყოფნას ნიშნავს. სიცივესა და სულების აქტივობას შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული დაკვირვებაა ჯადოქრულ ტრადიციებში, რომლის მიხედვითაც: სულები თავის გამოსავლენად, ენერგიას სივრციდან იღებენ, ხოლო სითბო ენერგიაა. ცივი წერტილი ფიზიკური ანაბეჭდია იმისა, რომ ვიღაც ჰაერიდან სითბოს „ქაჩავს“ საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის. მაგრამ სიცივეზე უფრო მნიშვნელოვანია შეგრძნება, რომელიც მას თან ახლავს. გამვლელი სულის მიერ დატოვებული ცივი წერტილი, ჩვეულებრივ, ნეიტრალურად, მშრალად, პიროვნული აღქმის გარეშე ჩაივლის. მაგრამ, თუ სიცივეს თან ახლავს სიმძიმე, სევდა - საქმე სხვაგვარადაა. ეს უბრალოდ, ვიღაც გამვლელი სული არ არის. ეს მინიშნება ყურადღებას მოითხოვს: მას ჯერ არ დაუსრულებია თავისი საქმე ამ ადგილას ან - თქვენთან. მაგია გვირჩევს, რომ მუდმივად ცივი წერტილი უყურადღებოდ არ დავტოვოთ. მას ესაუბრებიან, აღიარებენ მის იქ ყოფნას, ეკითხებიან, რა სურს და თუ ენერგია შეშფოთებულია და გათავისუფლება სჭირდება, იყენებენ კვამლს - ჩვეულებრივ სალბის, კედრის ან კამბალას - რათა ნაზად უბიძგონ კარისკენ. თუ გაწმენდის შემდეგ ცივი წერტილი ისევ იმავე ადგილას ბრუნდება, ეს უფრო სერიოზული ნიშანია და გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
- სისხლიანი მთვარე რას ნიშნავს?
- სისხლიანი მთვარე - მთვარის სრული დაბნელების მუქი წითელი ფერი: ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ნიშანია, რომელიც ერთიანად ნუსხავს ყველას. ჯადოქართა ტრადიციის მიხედვით, სისხლიანი მთვარე ნიშნავს, რომ სამყაროებს შორის ფარდა ყველაზე სიფრიფანაა. მთვარე მართავს ციკლებს, ემოციებს და მაგიური ენერგიის მოქცევას და როდესაც წითლდება, ეს ძალები არსად ქრება. უფრო ძლიერდება და გარდასახვის, დასრულებისა და თავისუფლების სიხშირეზე გადაეწყობა. სისხლიანი მთვარის დროს შესრულებული შელოცვები განსაკუთრებით ძლიერია, მით უმეტეს, თუ იმის გათავისუფლებას უკავშირდება, რაც ადამიანთან აღარ უნდა დარჩეს. ისტორიულად, სისხლიანი მთვარე აღიქმებოდა, როგორც უნივერსალური ნიშანი - მოვლენებისა, რომლებიც გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ მთელ ხალხზე, სხვადასხვა ერზე. მათ გარშემო მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური ცვლილებები შეინიშნებოდა უძველესი დროიდან. ჯადოქრები სისხლიან მთვარეს ყოველთვის კოსმიური ცნობიერების ამაღლებად მიიჩნევდნენ, როდესაც ადამიანის გადაწყვეტილებებსა და განზრახვებს ჩვეულებრივზე მეტი წონა აქვს. სისხლიან მთვარესთან დაკავშირებული მაგიური პრაქტიკა მარტივია: თუ შესაძლებელია, გადით გარეთ, დადექით მის სხივქვეშ და აღიარეთ, რის შეცვლასაც აპირებთ. ნუ ითხოვთ. ნუ ევედრებით. გადაწყვიტეთ. სისხლიანი მთვარე არ არის თავაზიანი მიპატიჟება. ეს არის ვადა. რას დაატარებდით დიდი ხნის განმავლობაში და ხომ არ დადგა დრო, რომ გაუშვათ? როგორც ჩანს, სისხლიანი მთვარე ამბობს: სწორედ ახლაა არჩევნის დროო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




